სიახლეები

71 868 ლარი ავტომანქანების რემონტისათვის

19.01.2014 • 1534
71 868 ლარი  ავტომანქანების რემონტისათვის

 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის, დავით ბალაძის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით ირკვევა, რომ 2013 წლის განმავლობაში მის უწყებას მანქანების რემონტისთვის 43 376 ლარი დაუხარჯია. 

 

დავით ბალაძის ხელმოწერილი დოკუმენტით ირკვევა, რომ ფინანსთა სამინისტროს ერთადერთი ავტომანქანა აქვს თავის ბალანსზე, რომელზეც ჯერ კიდევ ვრცელდება საგარანტიო ვადა. ავტომანქანა „ჰუნდაი ტუკსონი“ სამინისტროს 2010 წელს შეუსყიდია 5-წლიანი გარანტიით.

 

აჭარის განათლების სამინისტროს იგივე პერიოდში ავტომანქანების რემონტისა და მათი შენახვისთვის სულ 16 626 ლარი დაუხარჯია. მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ მგალობლიშვილის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში ხარჯების დანიშნულებაც არის განმარტებული: „რემონტისთვის გაიხარჯა 7 242 ლარი, საბურავების შეძენისთვის – 7 040 ლარი, ზეთის შეცვლისთვის – 2 344 ლარი“.

 

იგივე მიზნით 11 866 ლარი დაუხარჯია გასულ 2013 წელს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსაც. მინისტრ ზაურ ფუტკარაძის ხელმოწერილი დოკუმენტით ირკვევა, რომ სამინისტროს ბალანსზე ირიცხება 2010 წელს გამოშვებული ორი ავტომანქანა, რომელთაც ასევე 5-წლიანი საგარანტიო ვადა აქვთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ორი ავტომანქანის დაზიანების შემთხვევაში მანქანებს არემონტებს არა სახელმწიფო, არამედ ის კომპანია, ვისგანაც ავტომანქანები იყიდეს.

 

„ბათუმელებს“ აჭარის უმაღლესი საბჭოდან ამ საბჭოს თავმჯდომარის მანქანებისთვის გაწეული ხარჯებიც მოაწოდეს. 2013 წლის მონაცემებით ავთანდილ ბერიძის განკარგულებაში არსებული მანქანებისთვის შარშან ჯამურად 13 121 ლარი დაუხარჯიათ. ავთანდილ ბერიძეს ემსახურება ორი ავტომანქანა, მათგან  ერთ-ერთი 2010 წელს არის გამოშვებული, ხოლო მეორე – 2008 წელს.

გადაბეჭდვის წესი