ამ წუთებში ჩაქვში, აჭარის უმაღლესი საბჭოს წინ 500 მდე ადამიანი ელექტროენერგიის მიღების მიზნით, გამაფრთხილებელ აქციას მართავს. აქციაში ბათუმის სხვადასხვა დასახლებაში მცხოვრები ეკომიგრანტები და სოციალურად დაუცველები მონაწილეობენ. მათ შორის 53 -ე და 25-ე ბატალიონის ტერიტორიაზე მცხოვრებნიც არიან.
აქციის მონაწილეების განცხადებით მათ უკვე ერთი წელია, ელექტრო ენერგია არ მიეწოდებათ. სწორედ ამიტომ საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატებს მთავრობასთან და „ენერგო-პრო ჯორჯიასთნ“ შუამდგომლობას სთხოვენ, რათა ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგეთ.
„არაერთხელ გავმართეთ ამასთან დაკავშირებით საპროტესტო აქციები, მაგრამ არავინ ყურადღება არ მიაქცია. ბოლოს მოვედით უკვე უმაღლეს საბჭოში, იმ ორგანოში სადაც არიან ამ ხალხის მიერ არჩეული დეპუტატები, რათა ვთხოვოთ გვიშუამდგომლონ „ენერგო პრო ჯორჯიასთან“ და იმ ობიექტებზე, სადაც ელექტროენერგია არაა, მოსახლეობამ მიიღოს,“ – აცხადებს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი თამაზ ბაკურიძე.
ბაკურიძის ინფორმაციით ამ წუთებში მოქალაქეთა ერთი ჯგუფი აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ავთანდილ ბერიძეს ხვდება. შეხვედრის დასრულების შემდეგ აქციის მონაწილეები „ენერგო პრო ჯორჯიას“ ოფისთან გადაინაცვლებენ.