ნეტგაზეთი • RU

მერია სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს გადაამზადებს


ბათუმის მერიამ სატრენინგო მომსახურების შესყიდვის მიზნით ტენდერი გამოცხადა.  ტენდერში გამაჯვებულმა კომპანიამ სოციალურად დაუცველი მოქალაქეების პროფესიული გადამზადება უნდა უზრუნველყოს.  

 

სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული პირობების თანახმად, პროგრამით სარგებლობის მსურველთა შერჩევისას წელს პრიორიტეტი შშმ პირებს, მარჩენალდაკარგულებსა და პრობაციონერებს მიენიჭებათ. მსგავსი პროგრამა მერიამ გასულ წელსაც განახორციელა.  ამჯერად პროფესიული სწავლების პროგრამაში მონაწილეობის საშუალება 200 მსურველს ექნება, შესაბამისად, გაზრდილია დაფინანსებაც. მერიამ სატრენინგო მომსახურების შესყიდვა გასულ წელთან შედარებით 45 ათასი ლარიდან 60 ათას ლარამდე გაზარდა.

 

 

წელს მერია ბენეფიციარებს კომპიუტერული საოფისე პროგრამების სწავლებას, ბუღალტერიას, სტილისტის, მასაჟისტის, მდივან-რეფერენტის, ავტომობილის სავალი ნაწილის ტექნიკოსისა და მზარეულის პროფესიების შესწავლას შეთავაზებს.  სწავლების კურსის ხანგრძლივობა არანაკლებ სამი თვე იქნება.

 

 

მერიამ ტენდერით გათვალისწინებული სატრენინგო მომსახურების შესყიდვა 31 იანვრამდე უნდა დაასრულოს. 

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ცაგო კახაბერიძე