აჭარის არ უმაღლესი საბჭოს აპარატის პრესსამსახურის თანამშრომლის კობა ადეიშვილის უცენზურო და სიძულვილის შემცველი კომენტარები „ბათუმელებში“ გამოქვეყნებული სტატიას – „ვინ იზეიმა ბათუმობა 240 ათას ლარად“ მოჰყვა. უმაღლესი საბჭოს თანამშრომელი ფეისბუქის ღია ჯგუფში გაზეთ „ბათუმელებში“ გამოქვეყნებული სტატიის ლინკს აშეარებდა და წერდა:
„რა კავშირი აქვს ამ ღონისძიებასთან აჭარის უმაღლეს საბჭოს? მაგრამ რატომღაც „ბათუმელები“ ცდილობს კავშირების გავლებას კი არა, მთავარ დამნაშავედ წარმოაჩინოს უმაღლესი საბჭო. შემიძლია ამ სტატიიდან გამომდინარე დარწმუნებით ვთქვა, რომ ეს გამომცემლობა არის სრულიად ტენდენციური. პასუხს ვაგებ ყველა ჩემს სიტყვაზე. მკიდია თუ თმენის ვალდებულება მაქვს. ეს თქვენ იდარდეთ. მიჩივლეთ, მო…ნთ პატრონი“.
შემდგომ დიალოგში უმაღლესი საბჭოს თანამშრომელმა შეურაცხყოფა მიაყენა გაზეთს და ჟურნალისტები ქვეყნის მტრად მოიხსენია. ჩინოვნიკი, ასევე ღირსების შემლახავი გამონათქვამებით და სიტყვებით მოიხსენიებდა, არასამთავრობო ორგანიზაციებს და სექსიალურ უმცირესობებს.
პრესკაფეში დღეს ჟურნალისტებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები მოიწვიეს. თუმცა დისკუსიაზე მხოლოდ ორი დეპუტატი – სვეტლანა კუდბა და ეკატერინე თარგამაძე მოვიდნენ.
არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვადასხვა მედიასაშუალებაში მომუშავე ჟურნალისტების განცხადებით, უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელობა და დეპუტატები ვალდებულნი არიან, კანონით გათვალისწინებული რეაგირება მოახდინონ ჩინოვნიკის მისამართით, რომელიც არღვევს საჯარო მოხელის შესახებ კანონით გათვალისწინებულ ნორმებს.
„ეს არ არის პრობლემა, რომელიც ეხება ვინმე კობა ადეიშვილის ზრდილობის, უფრო ზუსტად უზრდელობის საკითხს. პრობლემაა ის, რომ საჯარო მოხელე თავს აძლევს უფლებას მედიაგამოცემა ლანძღოს, აგინოს დაუსაბუთებლად და ამავე დროს ჰქონდეს დაუსჯელობის განცდა. პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაში დაბალი რანგის საჯარო მოხელეს კი არა, იმ უწყებას ეკისრება, სადაც მუშაობს ეს ადამიანი. თუ აჭარის უმაღლესი საბჭო ამ ფაქტზე თვალს დახუჭავს და უმნიშვნელოდ ჩათვლის მათი თანამშრომლის ქცევას, ეს იქნება იმის ნიშანი, რომ ასეთი საქციელი არის მოწონებული და წახალისებული ამ უწყებაში. სხვაგვარად ეს ვერ აიხსნება,“- ამბობს „ბათუმელების“ ჟურნალისტი ნანა კვაჭაძე.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მარინე კუპრეიშვილის განცხადებით, ის ემიჯნება მისი თანამშრომლის მიერ სოციალურ ქსელში გამოთქმულ მოსაზრებებს.
„ჩვენ როგორც უმაღლესი საბჭო, მე როგორც მისი უშუალო ხელმძღვანელი, როგორც პრესსამსახური, ვემიჯნებით ასეთ დამოკიდებულებას და ვთვლით, რომ ეს არის არაეთიკური. ეს არის არასწორი, ეს არ არის ის ფორმა, რა ფორმითაც შეიძლება მიმართოს მედია საშუალებას. თუმცა ასევე კობა ადეიშვილი საჯარო მოხელის გარდა არის პიროვნება, რომელსაც აქვს გარკვეული მოსაზრებები. თავისი, ჩემი აზრით გაუმართლებელი პოზიციის დროს, ის არ ხელმძღვანელობდა როგორც უმაღლესი საბჭოს თანამშრომელი და არ იყენებდა თავის მდგომარეობას. ეს გარკვეულწილად სიტუაციას არბილებს,“ – განაცხადა მარინე კუპრეიშვილმა.
„ბათუმელების“ კითხვაზე, აპირებს თუ არა საკუთარი თანამშრომლის მიმართ რაიმე ტიპის სანქციების გატარებას, უმაღლესი საბჭოს პრესსამსახური პასუხობს:
„რომ გატარდეს რამე სანქციები, უნდა იყოს გარკვეულწილად ან მოსარჩელე, ან მომჩივანი ან დაზარალებული ან ადამიანი, რომელიც მოითხოვს თავის უფლებების დაცვას. თუკი ასეთი ტიპის განცხადება ან ასეთი ტიპის საჩივარი ან ასეთი ტიპის თხოვნა შემოვა ჩვენთან, რომ ამ კონკრეტულ ფაქტზე უნდა მოხდეს რეაგირება და უმაღლესმა საბჭომ უნდა იმსჯელოს იმ საჯარო მოხელის პასუხისმგებლობის შესახებ, რომელმაც არასამსახურეობრივი მოვალობის შესრულების დროს, პირადი დამოკიდებულებით გააკეთა ვთქვათ ესა თუ ის განცხადება და იქნება ამისი მოთხოვნა, ადმინისტრაცია, აპარატი საჭიროდ ჩათვლის, რომ ჩატარდეს გარკვეული ადმინისტრაციული მოკვლევა. ალბათ ამას ექნება მსვლელობა. მაგრამ ვფიქრობ, სოციალურ ქსელში გაჟღერებული გამონათქვამები არ შეიძლება გახდეს დიდი ადმინისტრაციული სასჯელის საფუძველი,“ – აცხადებს მარინე კუპრეიშვილი.
დღესვე პრესკაფეში გამართულ დისკუსიაზე განცხადება გააკეთა აჭარის ტელევიზიის წინასწარი დაგემვის პროდიუსერმა ტარიელ ცეცხლაძემ და აჭარის უმაღლესი საბჭოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი მარინე კუპრეიშვილი საინფორმაციო სამსახურზე ზეწოლაში დაადანაშაულა.
„დღეს ჩვენი ჟურნალისტი დაუკავშირდა მარინე კუპრეიშვილს. ამ თემაზე მასალას ვაკეთებთ და კომენტარი გვჭირდებოდა. კომენტარის ნაცვლად კუპრეიშვილმა დარეკა ხელმძღვანელთან და განაცხადა, რომ მზადდებოდა მორიგი შავი პიარი, რომელშიც მონაწილეობდნენ აჭარის ტელევიზიის თანამშრომლებიც და ეს იყო პროვოკაცია და სთხოვა არ გასულიყო ეს მასალა ეთერში. ეს იყო ერთგვარი რჩევის სახით. თუმცა როცა საჯარო მოხელე ტელევიზიაში რეკავს და ამა თუ იმ სიუჟეტის შეჩერებას ითხოვს, ეს უკვე ნიშნავს ტელევიზიის საქმიანობაში ჩარევას,“ – ამბობს ტარიელ ცეცხლაძე.
მარინე კუპრეიშვილმა „ბათუმელებთან“ საუბარში აღნიშნული ფაქტი არ დაადასტურა და განაცხადა, რომ მსგავს საკითხზე ტელევიზიის დირექტორთან საუბარი არ ჰქონია.