„წერა-კითხვა არ ვიცი, არცერთ ენაზე, რადგან მშობლებმა სკოლაში არ შემიყვანეს. მეტროებში და ქუჩებში დავდიოდი და მოწყალებას ვითხოვდი.

14 წლის ასაკში გამათხოვეს. იქაც მძიმე ცხოვრება მქონდა, რადგან ცუდად მექცეოდა დედამთილი. ერთხელ სარდაფში თოკებით დამაბა, რის გამოც ვენებიც კი გადავიჭერი.

შემდეგ დედაჩემმა წამომიყვანა სახლში, რადგან ვუთხარი, აქ არ გავჩერდები, თავს მოვიკლავ – მეთქი.

ამ დროს ერთი შვილი უკვე მყავდა და მეორე ბავშვზე ვიყავი ფეხმძიმედ. ორივე შვილის გაზრდა მარტოს მომიწია. როცა ძალიან გამიჭირდა, ბავშვები ბავშვთა სახლში მივიყვანე, მე ვმუშაობდი და ასე ვარჩენდი. ბავშვის მამა მათზე არ ზრუნავდა“, – ამ ისტორიას 35 წლის დიანა მარტინოვა ყვება „ბათუმელებთან“.

დიანა გვეუბნება, რომ ახლაც მძიმე ბრძოლას გადის, რადგან მისი მეუღლე ებენიზერ ოქრანი, რომელთანაც არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება, პოლიციამ დააკავა და შსს-ს საემიგრაციო იზოლატორში იმყოფება.

ოქრანს ქვეყნიდან გაძევება ემუქრება, დიანას კი 4 შვილთან ერთად – ისევ მარტოდ დარჩენა.

„ჩემი მეუღლე სამი თვეა დაკავებულია. მითხრეს, რომ ქვეყნიდან უნდა გააძევონ. ოქრანი აფრიკიდან არის, განადან და აქ ცხოვრობს რამდენიმე წელია. ახლა გაძევებას უპირებენ. მე არც ადვოკატი მყავს, რომ მისი უფლებები დავიცვა და არც წერა-კითხვა ვიცი, განცხადებები ან საჩივრები რომ დავწერო.

4 წლის შვილთან ერთად ყოველდღე მივდივარ იზოლატორთან და ყურადღებას არავინ მაქცევს. ახლაც რამდენიმე საათია აქ ვდგავარ და არავინ მცემს პასუხს. ბავშვს შია, სწყურია, ნერვიულობს. ჩემი უფროსი შვილი აუტისტია და თუ წამალი დროულად არ მივეცი, აგრესიული ხდება. 

წამლის ფულიც კი არ მაქვს და ფეისბუქში ვთხოულობ. ქირის ფულიც გადასახდელია და ამ ყველაფერზე ისევ მე მიწევს მარტოს გამკლავება“, – გვეუბნება დიანა მარტინოვა.

ამბობს, რომ დახმარებისთვის სახალხო დამცველის აპარატსაც მიმართა, თუმცა ყურადღება არავინ მიაქცია.

„მინდობილობა კი მაქვს ჩემი მეუღლისგან, მაგრამ ხელსაც კი ვერ ვაწერ დოკუმენტებს. აქამდე პირადობის მოწმობაც კი არ მქონდა და ჩემმა მეუღლემ გამიკეთა. არ მინდა, რომ ჩემი მეუღლე ქვეყნიდან გააძევონ, რადგან მე და ჩემს შვილებს აქ სხვა მარჩენალი არ გვყავს.

როცა ჩემი ქმარი დააკავეს, სამი თვის ფეხმძიმე ვიყავი და ნერვიულობის გამო მუცელი მომეშალა. ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვიყავი, მაგრამ არავინ არაფრად მაგდებდა“, – ამბობს დიანა.

დიანამ 10 ოქტომბერს მიგრაციის დეპარტამენტიდან მიიღო წერილი, სადაც წერია, რომ პატიმრობაში მყოფ უცხოელს უფლება აქვს დღეში ერთხელ მიიღოს მისთვის სასურველი ვიზიტორი. სხვა დეტალები დიანასთვის უცნობია.

„მე ვითხოვდი, რომ მე და ჩემს მეუღლეს მოგვცენ ქორწინების უფლება, ოფიციალური რეგისტრაცია ვერ მოვასწარით. ვითხოვ, რომ ნოტარიუსი შეუშვან და მოგვცენ ხელის მოწერის უფლება, მაგრამ ამაზე პასუხი ვერ მივიღე.

უცხოელები თუ არ უნდათ, მაშინ რატომ შემოუშვეს ქვეყანაში. როცა შვილი გვყავს და ერთად ვცხოვრობთ, ახლა უნდა გააძევონ ქვეყნიდან და ოჯახი უნდა დაგვინგრიონ? ქმარს ქვეყნიდან უშვებენ და ცოლ-შვილმა რა უნდა ვქნათ აქ, ვიმათხოვროთ?“ – ამბობს დიანა მარტინოვა.

ის მისი მეუღლის ისტორიის გადახედვას ითხოვს.

„უნდა გაითვალისწინონ, რომ ჩვენს გვყავს შვილი, რომელსაც აქვს აუტიზმი. ბავშვს სჭირდება მამა. არ შეიძლება დაანგრიო ოჯახები მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას ასე უნდა. მისცენ ჩემს მეუღლეს ქვეყანაში ცხოვრების უფლება, ჩვენ შვილი გვყავს“, – ამბობს დიანა.

მისი თქმით, წარსულში მძიმე ცხოვრება გამოიარა და არსებობისა და სიცოცხლისთვის ბრძოლა დღესაც უწევს.

„წერა-კითხვა იმიტომ არ ვიცი, რომ მშობლებმა არ მიმიყვანეს სკოლაში. არც დედამ იცოდა წერა-კითხვა და იმასაც მძიმე ცხოვრება ჰქონდა.

მარკეტებში ან სხვაგან ვიმუშავებდი, მაგრამ რადგან კითხვა არ ვიცი, სალაროსთან ვერ ვიმუშავებ. ამიტომ დალაგებაზე დავდივარ ხოლმე, ადრე სამკერვალო ფაბრიკაშიც ვმუშაობდი. ახლა ისევ უნდა გავიარო მძიმე გზა“, –  ამბობს დიანა.

დიანას სამი ქორწინებიდან 4 შვილი ჰყავს.

უფროსი შვილი 20 წლის გახდა, მეორე 18 წლისაა, მესამე და მეოთხე კი 12 და 4 წლის არიან. აქედან სამი – ალიონა, ფატიმა და სოლომონი, მასთან ერთად ცხოვრობენ რუსთავში, უფროსი თამარი კი „კარიტასის“ დღის ცენტრში სწავლობს და ღამითაც იქ რჩება. სწორედ ამ ცენტრის მეშვეობით ახერხებს მისი შვილი განათლების მიღებას და განვითარებას.

დიანას თქმით, შვილები დაჰყავს სკოლაში, პატარა კი – ბაღში.

„მამა აღარ მყავს, გარდაიცვალა, დედასაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ისედაც არ მეხმარებოდნენ არაფერში. ერთი ძმა მყავს, მაგრამ მასაც თავისი ოჯახი ჰყავს და ისინიც მათხოვრობით ირჩენენ თავს.

სამწუხაროდ, არც ჩემს ძმას ასწავლეს მშობლებმა. სკოლაში მე მივიყვანე, მინდოდა, რომ ევლო, მაგრამ მშობლებმა გამოიყვანეს და მასაც ისეთივე რთული ცხოვრება აქვს დღეს, როგორც მე“, – გვეუბნება დიანა.

ის წუხს იმაზე, რომ ქვეყანაში აღარ არსებობს ორგანიზაცია, რომელიც ქალის უფლებებს დაიცავს.

„ამ ქვეყანაში ყველაზე მეტად ქალები ვართ დაჩაგრული. ჩვენს უფლებებს არავინ იცავს. მერე რომ გამოვა ქალი ქუჩაში და მათხოვრობას დაიწყებს ან სხვა რამეს, დასცინიან. აბა რა ქნას, როგორ უნდა გადაარჩინოს ოჯახი.

ამ ბავშვს მამა სჭირდება, მე ჯანმრთელობის პრობლემა მაქვს, სამი თვის ბინის ქირაც მაქვს გადასახდელი. სად წავიდე, ქუჩაში დავიძინოთ? ეს გაუხარდებათ? სხვას რატომ უნდა შევაცოდო თავი, როცა ქმარი მყავს, მუშაობდა და თავის ოჯახს არჩენდა. ამაზე ვინ გამცემს პასუხს, ვის მოვთხოვო.

რა ვქნა შვილები ვაიძულო რომ მარჩინონ? მე ვარ ვალდებული, რომ ჩემს შვილებს მივხედო, მაგრამ არ მაძლევენ ამის საშუალებას. გათენდება ვტირი, დაღამდება ვტირი, დავიღალე ყველაფრით“, – გვეუბნება დიანა მარტინოვა.

Published by ლელა დუმბაძე

ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com

Exit mobile version