„ჩემთვის ცოტა უცნაურია ის, რომ თუ დააკვირდებით, ეს 9-10 კაცი ერთდროულად შედის და კონკრეტულად დეტექტორიანი ადამიანი, რომელიც იქ პირველი უნდა ყოფილიყო და შეემოწმებინა, არ ჩანს მაინცდამაინც ახლოს პატიმართან. ვხედავთ, რომ ის ხელთათმანებიანი ადამიანი უფროა ჩართული მოქმედებებში,“ – გვიყვება ყოფილი სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი.
მას იმ პატიმრის შესახებ ვესაუბრეთ, რომელიც ამბობს, რომ ციხეში ადმინისტრაციის თანამშრომლებმა გააუპატიურეს.
კიდევ რა გამოჩნდა კადრებით, რაც დღეს, 2 ოქტომბერს თავად პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა? რა კითხვები არსებობს გამოძიების მისამართით, რომელიც 2025 წლის დეკემბერში დაიწყო და ამ დრომდე არავინ დაუსჯიათ?
„ბათუმელებმა“ უჩა ნანუაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა. იგი საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველია და „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დამფუძნებელი.
- ბატონო უჩა, პატიმრის საქმეზე მინდა გკითხოთ, რომელიც ამბობს, რომ ციხეში გააუპატიურეს. პოლიტიკურმა პარტიებმა დღეს, 2 ოქტომბერს ამ საქმის დამოუკიდებელი გამოძიება მოითხოვეს და ფიგურანტი პირებისთვის უფლებამოსილების შეჩერება. თქვენი აზრით, რის გაკეთებაა საჭირო ამ ეტაპზე, პირველ რიგში?
რა თქმა უნდა, იმედი არ მაქვს, რომ დროული და ეფექტური გამოძიება ჩატარდება. საგამოძიებო ორგანოებმა უნდა გვაჩვენონ, რომ ისინი რეალურად არიან დაინტერესებული ამ საქმის გამოძიებით ახლა მაინც.
თუ ამ საქმის გამოძიება სურთ, პირველ რიგში, ის პირები უნდა ჩამოშორდნენ თანამდებობებს – დროებით მაინც უნდა შეუწყდეთ უფლებამოსილება, ვისზეც პატიმრის ოჯახის წევრები საუბრობენ, რომ მონაწილეობდნენ ამ ძალადობაში და ჰქონდათ გარკვეული ინსტრუქცია.
მთავარი ის არის, რომ როცა მსგავსი ფაქტი ხდება – შესაძლო წამების, ან ძალადობის, აუცილებელია, რომ პატიმარი გადაიყვანონ სხვა დაწესებულებაში, სადაც ის თუნდაც ფსიქოლოგიურად ზეწოლის ქვეშ არ იქნება. ამ შემთხვევაში ეს არ მოხდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პატიმარმა იგრძნოს თავი უსაფრთხოდ, ისევე, როგორც მისი ოჯახის წევრებმა და ადვოკატმა, რადგან რეალურად ისინიც არიან საფრთხის ქვეშ.
როცა ასეთ თემაზე ხმამაღლა საუბრობენ, მით უმეტეს საქართველოში, უბრალოდ დავფიქრდეთ და ვიგრძნობთ, რომ ასე მარტივი არ არის ამის გასაჯაროება.

მით უმეტეს, ეს პატიმარი მე-6 დაწესებულებაში იმყოფებოდა. მე-6 დაწესებულება არის ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი რეჟიმის დაწესებულება, სადაც ადამიანები იხდიან სასჯელს, მაგალითად, კრიმინალური სამყაროს წევრობაზე, ან რთული კატეგორიის დანაშაულებზე…
- ამით იმის ხაზგასმა გსურთ, რომ კიდევ უფრო მკაცრია ამ დაწესებულებაში კონტროლი და 1 პატიმრის შემოწმებისთვის, როგორც ეს პენიტენციურმა სამსახურმა განმარტა, 9 პირის საკანში შესვლა არ დასჭირვებოდა?
დიახ. იმის თქმაც მინდოდა, რომ მსგავსი განცხადება ასეთ მკაცრ დაწესებულებაში მყოფი პატიმრის მხრიდან კიდევ უფრო მეტად დასაფასებელია.
- რა გამოჩნდა თქვენთვის იმ ვიდეო ჩანაწერით, რაც პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა?
მათ ამით პირდაპირ გვითხრეს, რომ უკვე ყველაფერი გამოძიებულია – შეაფასეს, ასე გამოდის, მაგრამ ამ დროს გამოჩნდა, რომ არაფერი გაუკეთებიათ. ამ კადრებით ჩანს, რომ რეალურად ბევრი საკითხია გაურკვეველი, ამ კადრებით კიდევ უფრო მეტი კითხვის ნიშანი ჩნდება.
კადრები ვნახე და ასევე მოვისმინე სახალხო დამცველის განცხადება: ამ კადრებით თითქოსდა არ დასტურდება ძალადობაო. ცალსახაა, კადრებით არ ჩანს, რომ ძალადობას ადგილი არ ჰქონდა. ალბათობა იმისა, რომ ძალადობა მოხდა, პირიქით, უფრო მეტად ჩანს და რატომ? მაგალითად, არ მომისმენია, რა ინფორმაცია უძღოდა წინ დეესკალაციის ოთახში პატიმრის გადაყვანას? რატომ გახდა საჭირო პატიმრის დეესკალაციის ოთახში გადაყვანა?
- რატომ დასჭირდა ამ 1 პატიმრის დეესკალაციის ოთახში შემოწმებას ციხის მინიმუმ 9 თანამშრომელი?
დიახ, დეესკალაციის ოთახში გადაყვანას სჭირდება საფუძველი და ეგ გაწერილია კანონში ძალიან კარგად. რატომ იყო საჭირო ეს 9 თუ 10 ბადრაგი მაინცდამაინც? პატიმარი რამეს ამტვრევდა, ან ცეცხლს აჩენდა? რაღაც უნდა ყოფილიყო ისეთი, რომ ყოფილიყო პროპორციული ასეთი ღონისძიება. ამ კადრში, რაც გვაჩვენეს, არაფერი ჩანს პატიმრის მხრიდან. ხოლო თუ მან სიტყვიერად რაღაც თქვა, ეს მეტად მეტყველებს იმაზე, რომ ნამდვილად ძალადობას ჰქონდა ადგილი.
ოჯახი საუბრობს, რომ რამდენიმეა ასეთი ჩანაწერი და რამდენჯერმე გადაიყვანეს დეესკალაციის ოთახში.
- ერთ-ერთ თანამშრომელს ამ კადრში უკეთია რეზინის ხელთათმანი. არსებობს ეს პრაქტიკა, თუ იცით, პატიმრის შემოწმება-დათვალიერების დროს?
არ ვიცი, მე არ მახსოვს, რომ ინსტრუქციაში მსგავსი რამ ჰქონდეთ. ეს 10 ადამიანი ერთმანეთს ეფარება, რომ არ გამოჩნდეს რეალურად კამერაში, რა ხდება.
ჩემთვის ცოტა უცნაურია ის, რომ თუ დააკვირდებით, ეს 9-10 კაცი ერთდროულად შედის და კონკრეტულად დეტექტორიანი ადამიანი, რომელიც იქ პირველი უნდა ყოფილიყო და შეემოწმებინა, არ ჩანს მაინცდამაინც ახლოს პატიმართან. ვხედავთ, რომ ის ხელთათმანებიანი ადამიანი უფროა ჩართული მოქმედებებში.
კიდევ ერთი დეტალია: ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება, მსგავსი ღონისძიება გამოეყენებინათ?
ამიტომაც, მგონია, რომ რასაც პატიმარი ამბობს, ეს უნდა იყოს აღქმული სერიოზულად. საგანგაშოა უკვე ის ფაქტი, რომ ამ დრომდე ამ ფაქტს – საუბარია 2025 წლის 21 დეკემბრის შემთხვევაზე – ამ დრომდე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება არ მოჰყოლია სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან. სახელმწიფომ არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩატარებულიყო დამოუკიდებელი და ობიექტური გამოძიება – თუნდაც უფლებამოსილება შესჩერებოდათ იმ პირებს, რომლებსაც ამ პროცესში რაღაც გავლენა ჰქონდათ გამოძიებაზე.
- გარდა იმისა, რომ არ ვიცით, რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა, პროკურატურა არ ამბობს, რა მუხლით იძიებს ამ საქმეს – პატიმრის ადვოკატმა გასული წლის ბოლოს მიმართ სახალხო დამცველს და მას მოუყვა სექსუალური ძალადობის შესახებ, რომელიც შემდეგ დაუკავშირდა პროკურატურას…
ჩვენ ვერ ვნახეთ, ამის გამოძიების ინტერესი. დღეს პატიმრის ოჯახი საუბრობს იმაზე, რაც სასამართლოში თქვა მსჯავრდებულმა. როგორც ჩანს, მხოლოდ ფორმალურად ჩატარდა გამოძიება და დაარქივდა მასალები.
მართლაც არ მაქვს ინფორმაცია, რა მუხლით მიმდინარეობდა გამოძიება, ვინ იქნა დაკითხული, დაკითხეს თუ არა ეს 9 პირი, რომელიც ამ კადრებში ჩანს? ჩატარდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა? გამოძიებას ეს უნდა მოეთხოვა, რომ დარწმუნებულიყო, ეს განცხადება ტყუილია თუ სინამდვილე. უნდა ჩასტარებოდა ექსპერტიზა თავად ამ კადრების, რამე ხომ არაა ამოჭრილი და ასე შემდეგ.
კადრებში ჩანს, რომ ერთმანეთს ეფარებიან და იქ რა ხდება, გაურკვეველია. გამოძიებას პატიმრის უსაფრთხოებაზეც არ უზრუნია, მაგალითად, რომ მოეთხოვათ მისი გადაეყვანა სხვა დაწესებულებაში, რის შესაძლებლობაც პენიტენციურ სისტემას ნამდვილად ჰქონდა. ეს არის საერთაშორისო სტანდარტით დადგენილი ნორმა, რომ მსგავს ვითარებაში პატიმარი გადაიყვანონ სხვა დაწესებულებაში. ამ შემთხვევაში, როცა მსჯავრდებული იგივე დაწესებულებაში რჩება, მსგავსი ძალადობის განმეორების რისკის პირისპირ დატოვეს პატიმარი. განგრძობითია უკვე ეს და წამებამდე მიდის საქმე.
- „ოცნების“ მთავრობამ გვაჩვენა კადრები, არ დასტურდება ძალადობაო… რა უნდა გააკეთოს სისტემამ, რომ დამაჯერებელი გახდეს პატიმრის სავარაუდო გაუპატიურების ობიექტური გამოძიების სურვილი?
სისტემამ, პირველ რიგში, ეს ადამიანები, დაწესებულების ხელმძღვანელი პირები აუცილებლად უნდა გადააყენოს, შეუწყვიტოს მათ უფლებამოსილება. თუ ირკვევა, რომ არ ჩატარებულა შესაბამისი ექსპერტიზა და სხვა საგამოძიებო მოქმედებები, გამოძიება უნდა დაიწყოს იმ პირების მიმართ, ვისაც ამის გამოძიება ევალებოდა ამდენი თვის განმავლობაში – 2025 წლის დეკემბრიდან დღემდე. მნიშვნელოვანია ოჯახის წევრების უსაფრთხოების დაცვა.
ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია სახალხო დამცველის როლი, მაგრამ ვხედავთ, რომ პრაქტიკულად მისი როლი მინიმალურია.
- მინიმალურია, თუ მხოლოდ „ოცნების“ პოზიციის ხელშემწყობი, როცა იოსელიანმა თქვა, რომ „დათვალიერებული კადრების შედეგად, პატიმრის მიერ მონათხრობი მძიმე ძალადობის დეტალები არ დადასტურდა“.
თუ გამოძიება არ არის დასრულებული, რატომ ვისმენთ შეფასებას, რომ არ იყო ძალადობა? რამდენად მოითხოვა სახალხო დამცველმა იმ ღონისძიებების განხორციელება, რაც მე ჩამოვთვალე და რამდენად მიეწოდა შემდეგ ინფორმაცია საზოგადოებას იმაზე, თუ რა გაკეთდა? ეს განცხადება საკმაოდ უსუსურია და სახალხო დამცველის ინსტიტუტის ნდობის მაჩვენებელზე უარყოფითად იმოქმედებს.
მით უმეტეს სახალხო დამცველი არის ინსტიტუცია, რომელსაც შეუძლია ამ დახურულ დაწესებულებაშიც რეგულარულად შესვლა.