საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ბათუმის შემოვლით გზაზე, რომელიც საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი [ასაქცევი]-სარფის საავტომობილო გზის ნაწილია, გვირაბების ელექტრო და მექანიკური სისტემების სამონტაჟო სამუშაოები ჩატარდება.

„სამუშაოების უსაფრთხოდ შესრულების მიზნით, 28 სექტემბრიდან ბათუმის შემოვლით გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა მხოლოდ ღამის საათებში დროებით შეიზღუდება:

ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით – 00:00-დან 07:00 საათამდე, ხოლო შაბათ-კვირას – 02:00-დან 07:00 საათამდე.

აღნიშნული რეჟიმი ორი თვის განმავლობაში იმოქმედებს.

დღის საათებში ბათუმის შემოვლით გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება,“ – აცხადებს დეპარტამენტი.

შეზღუდვის პერიოდში, ფოთი–სარფის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტი ბათუმის შემოვლითი გზის 92-ე კმ-ზე არსებული მახინჯაურის სატრანსპორტო კვანძიდან ქალაქ ბათუმის გავლით იმოძრავებს და სენაკი–ფოთი–სარფის საავტომობილო გზას 109-ე კმ-ზე დაუკავშირდება.

სარფი–ფოთის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტი კი, იმავე მარშრუტით, საპირისპირო მიმართულებით იმოძრავებს.

გვირაბი ბათუმის შემოვლით გზაზე / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

Published by თედო ჯორბენაძე

თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com

Exit mobile version