თურქეთი შეშფოთებულია შავ ზღვაში კომერციულ გემებზე დრონების გახშირებული თავდასხმების გამო და რუსეთსა და უკრაინასთან შეთანხმებას ცდილობს.
სამშაბათს, 22 სექტემბერს, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ნიუ იორკში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე განაცხადა, რომ შავ ზღვაში კომერციულ გემებზე თავდასხმები მიუღებელია, მიუხედავად იმისა, რუსეთი ახორციელებს მათ თუ უკრაინა.
„შავ ზღვაში კომერციულ გემებზე ბოლო დროს განხორციელებული თავდასხმები მიუღებელია, განურჩევლად იმისა, თუ ვინ არის მათზე პასუხისმგებელი“, – თქვა ერდოღანმა.
ბოლო დღეებია შავ ზღვაში გემებზე თავდასხმებზე წერს თურქული მედიაც.
მედიაგამოცემა „ჰურიეთი“ თურქეთის საზღვაო ვაჭრობის პალატის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინას დაესხა თავს და ომი დაიწყო, შავ ზღვაში თავს დაესხნენ 226 სამოქალაქო და კომერციულ გემს, 2026 წელს კი, ბოლო ორ თვეში, მინიმუმ 22 თურქული გემი დაზიანდა საომარი მოქმედებების შედეგად.
„ჰურიეთი“ ასევე წერს, რომ თურქეთის მეზღვაურთა პლატფორმამ რუსეთი და უკრაინა სამოქალაქო პირთა სიცოცხლის მიმართ უპატივცემულობაში დაადანაშაულა.
„ორივე სახელმწიფო უგულებელყოფს მეზღვაურთა სიცოცხლეს მხოლოდ იმისთვის, რომ ერთმანეთს ეკონომიკური ინტერესები დაუზიანონ“, – განაცხადა მეზღაურთა პლატფორმის წარმომადგენელმა, აჰმეთ ბარან ჯანმა და მანვე აღნიშნა, რომ ბევრი მეზღვაური უარს ამბობს შავ ზღვაში მუშაობაზე.
„თუ გემს დარტყმა მიადგება, გემის მფლობელი სადაზღვევო ანაზღაურებას იღებს, თუ არა – ევროპაში მიღებულ შემოსავალზე ათჯერ მეტს გამოიმუშავებს. მაგრამ დარტყმის ქვეშ ჩვენ, ბორტზე მყოფნი ვექცევით“, – ციტირებს „ჰურიეთი“.
გამოსავლის ძიებაში თურქეთი რუსეთსა და უკრაინას მიმართავს წინადადებით, რომელიც შავ ზღვაში გემებზე თავდასხმების შეწყვეტას ითვალისწინებს. ანკარა დიპლომატიური გზით ცდილობს, ასე დაიცვას მარცვლეულის ექსპორტი და აღადგინოს უსაფრთხოება კომერციული ნაოსნობისთვის.
22 სექტემბერს კრემლის პრესსპიკერმა, პესკოვმა დაადასტურა, რომ შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი მნიშვნელოვნად გართულდა, მან ამაში უკრაინა დაადანაშაულა და ასევე აღნიშნა, რომ პუტინის დავალებით რუსული მარცვლეულისთვის ალტერნატიული მარშრუტები იქმნება.
თურქული მედია წერს, რომ ანკარამ ორივე მხარეს მემორანდუმის პროექტი გაუზიარა, რომელიც 2022 წლის „შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის“ გამოცდილებას ეფუძნება.
ეს მიდგომა უკრაინის მიერ უკვე არსებულ საზღვაო მარშრუტს დაეყრდნობა, რომელიც რუმინეთისა და ბულგარეთის სანაპიროების გასწვრივ გადის.
„კიდევ ერთი მარშრუტი, შესაძლოა, საქართველოსა და თურქეთის სანაპიროების გასწვრივ იყოს, რაც დაინტერესებულ ქვეყნებთან თანამშრომლობას მოითხოვს“, – წერს გამოცემა.