ბათუმში წელს ფესტივალ „განდაგანას“ ორგანიზებისთვის აჭარის ბიუჯეტიდან ჯამში 375 ათას 615 ლარია გათვალისწინებული.
ამ თანხაში არ შედის ჰონორარი, რომელსაც ფესტივალში მონაწილე მუსიკოსებს გადასცემენ. მაგალითად, გასულ წელს ჰონორარებში 190 ათასზე მეტი ლარი დაიხარჯა.
ფესტივალი ორდღიანი იქნება, თუმცა ჯერ ჩატარების თარიღი არ არის დაზუსტებული.
ამ დროისთვის აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ა[ა]იპ „ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს“ ორი ტენდერი აქვს გამოცხადებული:
- დეკორაციულ-კონსტრუქციული მომსახურების შესყიდვაზე – 189 225 ლარით
- კულინარიული სივრცის მოწყობისთვის საჭირო მომსახურების უზრუნველყოფაზე – 186 390 ლარით
„ფესტივალის ჩატარების თარიღია 2026 წლის ოქტომბრის თვის – 2 დღე. ფესტივალი შეიძლება გადატანილი იქნას ამინდის გათვალისწინებით. დაზუსტებული თარიღი მიმწოდებელს ეცნობება ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 დღეში“, – აღნიშნულია ორივე ტენდერის პირობაში.
ამავე პირობით უცვლელი რჩება ფესტივალის ჩატარების ადგილი – ევროპის მოედანი ბათუმში და მისი მიმდებარე ტერიტორია – მემედ აბაშიძისა და ბარათაშვილის ქუჩებზე.
„დეკორაციულ-კონსტრუქციული მომსახურების შესყიდვა ითვალისწინებს ტერიტორიის მოწყობას სივრცითი დეკორაციებით: თემატური ინსტალაციებით, კვების ზონებით, კვების ჯიხურებით, ეთნოკუთხეებით, ნალიით, ლაუნჯებით, მასშტაბური თაღებით, დროშებით და მათი მოწყობა-განთავსება-განათებით ბარათაშვილისა და მემედ აბაშიძის ქუჩებზე.
ორი დღის განმავლობაში ევროპის მოედანზე და მის მიმდებარედ [ბარათაშვილსა და მემედ აბაშიძეზე] წარმოდგენილი იქნება აჭარული სოფელი, რომელიც ადგილზე მოსულ ვიზიტორებს ქალაქიდან გაუსვლელად სოფელში მოგზაურობას ჰპირდება. სპეციალურად ამ დღისთვის ტერიტორია გაფორმდება სოფლის თემატიკის შესაბამისი დეკორაციებით.
მთავარი საფესტივალო კონსტრუქციების მოწყობა დასრულებული უნდა იყოს ფესტივალის წინა დღეს“ – წერია ტენდერის პირობაში.
რაც შეეხება კულინარიული სივრცის მოწყობას, ეს მოიცავს „მასიური ხის ჯიხურებისა და კერძების მომზადებისთვის საჭირო სრული ინვენტარის უზრუნველყოფას, კულინარიული მასტერკლასებისთვის სადემონსტრაციო სივრცის მოწყობას, ინგრედიენტებისა და ინვენტარის სრული უზრუნველყოფით ორი დღის განმავლობაში კულინარიული მასტერკლასების ორგანიზებით.
„განდაგანას“ ერთ-ერთი მთავრი კომპონენტი აჭარული სამზარეულოა, რომელიც ფესტივალის ფარგლებში სათანადოდ, მრავალფეროვნად უნდა იქნეს წარმოჩენილი. კერძები ადგილზე მომზადდება და ფესტივალზე მოსულ ვიზიტორებს აჭარული ტრადიციული კერძების დაგემოვნების შესაძლებლობა ექნებათ.
… წარმოდგენილი იქნება აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტი და მეზობელი რეგიონები მათთვის დამახასიათებელი კერძებით და დესერტებით. ჯიხურები ინდივიდუალურად აღჭურვილი უნდა იყოს ყველა საჭირო ინვენტარით [ელექტროქურა, წყლის ნიჟარა, დენის წყარო, წყლის მომარაგებით…] ჯიხურების წინ მოეწყობა დასაჯდომი სივრცეები – გადაბმული ხის მაგიდებითა და სკამებით.
მოეწყობა კულინარიული მასტერკლასები, რისთვისაც უზრუნველყოფილი უნდა იყოს ყველა საჭირო რეკვიზიტი თუ ინგრედიენტი. კულინარიული მასტერკლასისთვის, გარდა მზარეულებისა, უნდა შეირჩეს ცნობადი შეფები, რომლებიც საინტერესო კულინარიულ მასტერკლასს შემოგვთავაზებენ.
კულინარიული შეჯიბრებები და მასტერკლასები შემუშავებული იქნას წინასწარ კულინარიული რეჟისორის მიერ“, – აღნიშნულია ტენდერის მოთხოვნებში.
ტენდერებში წინადადებების მიღება 2026 წლის 28 და 29 სექტემბერს მთავრდება.
აჭარის 2026 წლის ბიუჯეტის ქვეპროგრამაში – „ტურისტული პროდუქტებისა და სერვისების განვითარება“ – ჩამოთვლილია შემდეგი ღონისძიებები: „ზაფხულის ფესტივალი, განდაგანა, გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალი, სოფლის ტურიზმის კონფერენცია, მოლაშქრეთა ფესტივალი“, ხოლო თითოეული ამ ღონისძიებისთვის გათვალისწინებულია 420 ათასი ლარი, ანუ ჯამში გაწერილია 2 მილიონ 100 ათასი ლარი.
ბათუმში დაწყებულია და 15 ოქტომბრამდე გაგრძელდება გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების სეზონი. ბოლო რამდენიმე წელია ბათუმში ამ დროს ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალი ტარდებოდა, რომელსაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი უწევდა ორგანიზებას.
მიუხედავად იმისა, რომ დაფინანსებულია „გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალიც“, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ღონისძიებას ფესტივალის სახე წელს არ ექნება.
რატომ ჩატარდება სხვა ფორმატით და რატომ არ ექნება ფესტივალის სახე? – ამ კითხვაზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში არ უპასუხეს.
ამ თემაზე:
რას ცვლიან არაბული ინვესტიციის გამო ჭოროხის დელტაში – ინტერვიუ