საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ბათუმში საერთაშორისო კონფერენციის ჩატარებას გემავს, რომელიც ამ სასამართლოს 30 წლის იუბილესადმია მიძღვნილი.
„აღნიშნულ ღონისძიებაზე მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან 22 ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოს და რელევანტური ინსტიტუტების თავმჯდომარეები და წევრები, ასევე სხვა მაღალი რანგის მონაწილეები“, – წერს საკონსტიტუციო სასამართლო შესყიდვების სააგენტოს და გარკვეული მომსახურების შესყიდვას გამარტივებული წესით, ტენდერის გარეშე ითხოვს.
ამ შემთხვევაში თანხა 29 ათას 500 ლარია, რაც, როგორც სასამართლო თავის განაცხადში მიუთითებს, ძირითადად სინქრონულ თარგმნასა და გახმოვანებასთან დაკავშირებული ტექნიკის დაქირავებისთვისაა საჭირო.
„კონფერენცია იმართება რამდენიმე ოფიციალურ ენაზე და შესაბამისად ხარჯების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს სინქრონული თარგმანის მომსახურება ქართულ, ინგლისურ, რუსულ ენებზე და სინქრონულ თარგმანთან დაკავშირებული ტექნიკისა და ინვენტარის დაქირავება. ასევე აღნიშნული კონფერენციის ფარგლებში ჩამოსული დელეგაციის მიღების ღონისძიებასთან დაკავშირებით გახმოვანების ტექნიკით უზრუნველყოფა“, – წერს სასამართლო.
საკონსტიტუციო სასამართლოს სააგენტოს შესყიდვების პორტალზე ატვირთული აქვს შპს „ვესტ სერვისის“ ინვოისი ზემოთ აღნიშნულ თანხაზე, რომელშიც არის ასეთი ჩანაწერი: „პროექტი: საკონფერენციო მომასახურეობა, 5 ნოემბერი (ბათუმი, სასტუმრო ჰილტონი)“.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა საკონსტიტუციო სასამართლოს პრესსამსახურს იმის გადასამოწმებლად, ნამდვილად იმართება თუ არა კონფერენცია სასტუმრო „ჰილტონში“, თუმცა სასამართლოდან პასუხი არ მიგვიღია.
საკონსტიტუციო სასამართლოს საკონფერენციო დარბაზის, სასტუმროს ან სხვა მომსახურების შესახებ რაიმე ხელშეკრულება, 13 სექტემბრის მდგომარეობით, არც შესყიდვების პორტალზე აქვს ატვირთული.
საკონსტიტუციო სასამართლოს განაცხადის მიხედვით, კონფერენცია 2026 წლის 4 ნოემბრიდან 7 ნოემბრის ჩათვლით პერიოდშია დაგეგმილი. კონფერენციის თემაა „საკონსტიტუციო კონტროლის როლი სამართლებრივ სახელმწიფოში“.
„კონფერენცია წარმოადგენს სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე ღონისძიებას. საერთაშორისო კონფერენციის პლატფორმა საუკეთესო საშუალებაა ურთიერთგამოცდილებისა და თანამედროვე სამართლებრივი პრაქტიკის გაზიარებისათვის, კონსტიტუციური კონტროლის დაცვის მიმართულებით მნიშვნელოვანი სიახლეების გაცნობისათვის და რეგიონის მასშტაბით პარტნიორულ-მეგობრული ურთიერთობის დამყარებისათვის“, – ირწმუნება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო.
ამ ღონისძიებას სასამართლო იმდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, რომ სასამართლოს შენობის სამღებრო-სარემონტო სამუშაოებზე გამოცხადებული ტენდერიც კი შეწყვიტა. სატენდერო თანხა 187 ათას 800 ლარი იყო.
ტენდერში წინადადებების მიღება 2026 წლის 20 ივლისს დასრულდა, ორ კვირაში კი, 6 აგვისტოს, სასამართლომ ტენდერი შეწყვიტა.
მიზეზად, ნოემბრის დასაწყისში დაგეგმილი 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია და სექტემბრის დასაწყისში აზერბაიჯანის საკონსტიტუციო სასამართლოს დელეგაციის ვიზიტი დაასახელა.
„აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, 2026 წლის 8-11 სექტემბერს იგეგმება აზერბაიჯანის რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოს დელეგაციის ვიზიტი, ხოლო ამავე წლის 4-6 ნოემბერს იგეგმება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია.
ტენდერი დროში გახანგრძლივდა, სამუშაოების სპეციფიკის გათვალისწინებით, მოცემულ ვადაში სამუშაოების დროულად და ხარისხიანად ჩატარება შეუძლებელია. გასათვალისწინებელია ასევე სექტემბრისა და ნოემბრის თვეში საკონსტიტუციო სასამართლოში დაგეგმილი ოფიციალური ვიზიტები. აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, მიზანშეწონილია ელექტრონული ტენდერის შეწყვეტა“, – წერია ტენდერის შეწყვეტის 6 აგვისტოს ოქმში.
ამ ტენდერის შეწყვეტიდან დაახლოებით ერთ თვეში საკონსტიტუციო სასამართლომ კიდევ ერთი ტენდერი გამოაცხადა, ამჯერად მაღალი გამავლობის ჰიბრიდული ავტომობილის შესაძენად.
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საჭიროებისათვის 1 ერთეული მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო შესყიდვაზე“ გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 2026 წლის 21 სექტემბერს დასრულდება.
ავტომობილის შესაძენად საკონსტიტუციო სასამართლოს ტენდერი 294 ათას 194 ლარით აქვს გამოცხადებული.
„შემოთავაზებული ავტომობილი უნდა იყოს: მარცხენასაჭიანი, ახალი [არაუადრეს 2026 წლის გამოშვების, ექსპლუატაციაში არმყოფი]… პრეტენდენტი წინადადების ფასში [შემდგომში ხელშეკრულებაში] ითვალისწინებს მანქანის განბაჟების, სანომრე ნიშნების და გადაფორმების ხარჯს [არსებობის შემთხვევაში]; სატრანსპორტო საშუალების ფერი უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან“ – წერია პირობაში.
ამავე თემაზე:
„ამასობაში ფარულად მოსამართლესაც მოუსმინეს“ – მოსმენების საქმე 7 წელზე მეტია თაროზე დევს