ბათუმელ დავით გოგუაძეს მწვავე ქრონიკული დაავადება აქვს, რის გამოც, თვეების განმავლობაში ლოგინად იყო ჩავარდნილი. როგორც „ბათუმელებთან“ ამბობს, სულ ორი თვეა, რაც წამოდგომა მოახერხა, თუმცა დამოუკიდებლად გადაადგილება მაინც არ შეუძლია.

„ანთება მაქვს ძვლების, ართროზის გამო მარჯვენა მენჯ-ბარძაყის პრობლემა მაქვს. საოპერაციოა, იმპლანტი უნდა გაკეთდეს, რომ ნორმალურად მოძრაობა შევძლო.

როგორც მითხრეს, ოპერაციას აფინანსებს სახელმწიფო, მაგრამ სანამ ოპერაციამდე მივალ, მანამდე ჯანმრთელობის სხვა პრობლემები უნდა მოვიგვარო.

სამი თვეა ანალიზები არ გამიკეთებია, 210 ლარია საჭირო და ვერ ვახერხებ. ძალიან ძვირი მიჯდება მკურნალობა, ექიმთან ვიზიტი. თვეში სულ ცოტა, 300-400 ლარი მჭირდება წამლებში.

არც პენსია მაქვს, არც სოციალური დახმარება, არც არანაირი შემოსავალი.

განცხადება დავწერე მერიაში, რადგან ვიცი, რომ არსებობს მედიკამენტების დახმარების პროგრამა, ფულადი დახმარებაც გაიცემა, როგორც ვიცი და იმედი მაქვს, ამ მდგომარეობაში არ დამტოვებენ“, – ამბობს დავით გოგუაძე.

დავით გოგუაძეს დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირს.

დავით გოგუაძე პროფესიით მეზღვაურია და 2007 წლიდან მოტორისტად მუშაობდა გემზე.

როგორც თვითონ ამბობს, გემზე გაცივდა, რის შემდეგაც დაავადდა.

„ეს არ არის მაღალი თანამდებობა და, შესაბამისად, ანაზღაურებაც საკმაოდ დაბალი მქონდა. მოვახერხე ის, რომ ოჯახი შევქმენი, მაგრამ დანაზოგი ვერ გავაკეთე. ხელფასი 800-1000 დოლარი მქონდა მხოლოდ.

ბოლო პერიოდში დედა მძიმე სენით იყო დაავადებული და მის მკურნალობაზეც ბევრი თანხა დაიხარჯა. რა თქმა უნდა, ჩემი და-ძმაც მეხმარებოდნენ ამაში, მაგრამ, სამწუხაროდ, დედა გარდაიცვალა.

ასე გამოიყურება დავით გოგუაძის ბინა ბათუმში.

პუშკინის ქუჩაზე ბინა მაქვს, მაგრამ სახურავი დაზიანებული იყო და წყალი ჩამოდიოდა. ყველაფერი გაფუჭდა ბინაში, – კედლები, იატაკი, ჭერი. იქ აღარ იცხოვრება.

ბოლოს იმდენი მოვახერხე, რომ ჭერი შევაკეთე და წყალი აღარ ჩამოდის, მაგრამ საცხოვრებლად მაინც უვარგისია. როცა მინდოდა, რომ ბინის რემონტი დამეწყო და ფეხზე დავმდგარიყავი, სწორედ მაშინ დამემართა ეს დაავადება.

ჩემი ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ არ შემიძლია დამოუკიდებლად სიარული. მინდა დავდგე ფეხზე ისე, როგორც ადრე ვიყავი, რომ ჩემს ოჯახს მივხედო ისე, როგორც საჭიროა. სამი არასრულწლოვანი შვილი მყავს. სკოლა მოვიდა და არაფერი გვიყიდია. ბავშვებს საკანცელარიო ნივთები სჭირდებათ, ჩანთები, ფეხსაცმელები.

ჩემი მეუღლე ორი თვეა მაღაზიაში მუშაობს მოლარედ, 800 ლარი აქვს მხოლოდ ხელფასი. ეს ძლივს გვყოფნის იმაში, რომ თავი როგორმე გავიტანოთ. გადასახადებია, მე წამლები მჭირდება, არ გვყოფნის არაფერში. რა დასამალია და ნახევრად მშიერი მყავს ბავშვები. ბავშვს სხვანაირი კვება სჭირდება. სწავლით კარგად სწავლობენ და ამაშიც სჭირდებათ ხელშეწყობა.

მე ვეღარ ვმუშაობ. გემიდან ჩამომწერეს, ფაქტობრივად, ამიტომ სახელმწიფოს ვთხოვ დახმარებას. სოციალური პროგრამების ფარგლებში დამეხმარონ, რომ შევძლო საცხოვრებელი ბინის მოწესრიგება და მედიკამენტების შეძენა.

მე და ჩემი ოჯახი ახლა ახლობლის ბინაში ვართ შეფარებული. ერთი წელია აქ ვართ, შესაძლოა მომავალ ზაფხულამდე მოგვცენ აქ დარჩენის უფლება, სხვისი სახლი, სხვისია და ხომ უნდა გავიდეთ აქედან. იმედი მაქვს, შვილებს არ დამიტოვებენ ღია ცის ქვეშ.

ვთხოვ სახელმწიფოს, ბათუმის მერიას, რომ შევიდნენ ჩვენს მდგომარეობაში და ჩემს არასრულწლოვან შვილებს მისცენ ნორმალურ გარემოში ცხოვრების შესაძლებლობა. მეც დამეხმარონ ფეხზე დადგომაში“, – ამბობს დავით გოგუაძე.

ვიდეო:

დავით გოგუაძეზე დახმარების მსურველებს თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ანგარიშზე.

საქართველოს ბანკი: GE21BG0000000100753265

მიმღები: თამილა ცეცხლაძე [მეუღლე]

Published by ლელა დუმბაძე

ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com

Exit mobile version