საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილმა, გიორგი გამსახურდიამ, 2026 წლის 20 აგვისტოს ფეისბუქზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტო-ქარდი გამოაქვეყნა წარწერით – „ყ*ლეო შენ“.

გიორგი გამსახურდია რამდენიმე წელია პოლონეთში ცხოვრობს, ის პოლონეთში საქართველოს პოლიციის ატაშეა.

აქვს დიპლომატიური პასპორტი და სარგებლობს ყველა იმ პრივილეგიით, რაც გათვალისწინებულია პოლიციის ატაშეებისათვის.

გიორგი გამსახურდიას ფეისბუქ პოსტების შინაარსში არაფერი შეცვლილა მას შემდეგ, რაც „ოცნებამ“ „სიძულვილის ენას ბრძოლა გამოუცხადა“ – ის ისევ აგინებს და ლანძღავს ნებისმიერ ოპონენტს.

თუმცა თავისი თანამშრომლის მიმართ შს სამინისტროს არავითარი სადამსჯელო მექანიზმი არ გამოუყენებია. ყოველ შემთხვევაში საჯაროდ ამის შესახებ არაფერია ცნობილი.

ეს მაშინ, როცა სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის საბაბით, საქართველოში 2026 წლის პირველი ივნისიდან დღემდე არაერთი ადამიანი გაასამართლეს და ადმინისტრაციული ჯარიმებიც დააკისრეს.

შსს-მ ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტში სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სამმართველო სწორედ პირველ ივნისს შეიქმნა.

ამ სამმართველოს ხალხმა „სქროლვა-სქრინვის სამმართველო“ დაარქვა.

13 აგვისტოს გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, აღნიშნულმა სამმართველომ 300-მდე სავარაუდო სამართალდარღვევა გამოავლინა.

დააჯარიმეს ის ადამიანებიც კი, ვინც ფეისბუქზე სხვა პირს აგინა ან შეურაცხყო, მაგრამ მათთვის არავის უჩივლია – ისინი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალმა სამმართველომ თვითინიციატივით გამოავლინა და დააჯარიმა კიდეც.

რატომ არ რეაგირებს გიორგი გამსახურდიას გინებებზე სამმართველო? – „ბათუმელებმა“ ამ კითხვაზე პასუხის მიღება ვერ შეძლო. იმ შემთხვევაში თუკი შსს გვიპასუხებს, მასალა განახლდება.

„ბიძინა ყ*ეა? – არა – კი“ – სამოქალაქო აქტივისტი თორნიკე თოშხუა, რომელსაც ხელში მსგავსი შინაარსის მქონე ბანერი ეჭირა, 26 ივლისის საღამოს თბილისში, ქალაქის საკრებულოსთან დააკავეს.

იმავე საღამოს, პოლიციამ ათი ადამიანი დააკავა, რომლებიც საკრებულოსთან მივიდნენ იდენტური წარწერის მქონე ბანერებით.

31 ივლისს თორნიკე თოშხუა მეორედ დააკავეს ბანერის გამო, რომელზეც ამჯერად ეწერა – „ბიძინა ყ არაა? არის?“. გაასამართლეს და 5 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯეს.

ამას გარდა, საპროტესტო ბანერების გამო დაკავებულების ნაწილს სასამართლომ სამი, ხუთი და ექვსი ათასლარიანი ჯარიმები დააკისრა, ნაწილს კი პატიმრობა.

აქტივისტებმა, მათ შორის ქალებმა, ხუთ-ხუთი და ათ-ათი დღე გაატარეს პატიმრობაში.

კანონი, რომელიც მოქმედებს რიგით მოქალაქეებზე, ვერ ხედავს პირველი პრეზიდენტის შვილის სავარაუდო სამართალდარღვევას.


ფოტოზე: მარცხნივ, სქრინი გიორგი გამსახურდიას ფეისბუქიდან – “ყ*ეო შენ” – წერს გიორგი გამსახურდია მესამე პრეზიდენტის მისამართით. მარჯვნივ, აქტივისტ თორნიკე თოშხუას აკავებენ ბანერზე წარწერის გამო. მოგვიანებით მას 5-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ

თანამდებობაზე ყოფნის პარალელურად, გიორგი გამსახურდია აქტიურად აკომენტარებს საქართველოს ყოველდღიურ პოლიტიკურ ამბებს.

მისი პოსტები შეიცავს გინებას და უხამს ლექსიკას ოპოზიციის, აქტივისტების, ჟურნალისტების თუ სხვადასხვა ცნობილი ადამიანის მიმართ, ვისაც კი თავისი პოზიცია გამოუხატავს „ქართული ოცნების“ მისამართით.

გიორგი გამსახურდია განსაკუთრებით ესხმის თავს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს.

პრეზიდენტისათვის მას არაერთი პოსტი აქვს მიძღვნილი და უმეტესობა დამამცირებელი, უხამსი ლექსიკის მატარებელია.

გიორგი გამსახურდია ასევე აგინებს და უხამსად მოიხსენიებს რუსეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს და ყოფილ პრეზიდენტს დმიტრი მედვედევს. გიორგი გამსახურდია აგინებს პუტინსაც.

„ბათუმელებმა“ გიორგი გამსახურდიას ბოლო ერთი თვის ფეისბუქ აქტივობა შეისწავლა.

გიორგი გამსახურდიას გვერდი ფეისბუქში ვერიფიცირებულია და საჯაროა.

Exit mobile version