საქართველოს მოქალაქეებთან ქორწინებაში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ბინადრობის მიღების ახალი წესები ამოქმედდება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან.
ახალი კანონმდებლობით, მუდმივი ცხოვრების ნებართვა გაიცემა საქართველოს მოქალაქის მეუღლეზე, არასრულწლოვან შვილზე, საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქის მშობელზე.
მუდმივი ცხოვრების ნებართვა გაიცემა აგრეთვე უცხოელზე, რომელიც დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე საქართველოში ცხოვრობდა ბოლო 10 წლის განმავლობაში.
ამ ვადაში არ ითვლება საქართველოში სწავლის ან მკურნალობის მიზნით ცხოვრება ან დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობებში მუშაობის პერიოდი.
მუდმივი ცხოვრების ნებართვა გაიცემა საქართველოს მოქალაქის არასრულწლოვან შვილზე, საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქის მშობელზე, აგრეთვე საქართველოს მოქალაქის მეუღლეზე, რომელიც საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობის ნებართვის საფუძველზე საქართველოში ცხოვრობდა ბოლო 5 წლის განმავლობაში.
ასევე განისაზღვრა, საქართველოს მოქალაქის უცხოელ მეუღლესთან გასაუბრების წესი, ოჯახური კავშირის და ოჯახის ნამდვილობის დადგენის მიზნით.
ეს დადგენილებაც 2026 წლის პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება.
ბრძანების მიხედვით, ბინადრობის უფლების მიღებასთან დაკავშირებით, შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც გადაწყვეტილებას ღია კენჭისყრით მიიღებს.
„ხმების გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა. კომისია შესაძლოა, შეიკრიბოს ყოველ სამუშაო დღეს, საჭიროებისამებრ“, – წერია ბრძანებაში, რომელიც 26 აგვისტოთი თარიღდება.
- ქორწინებაში მყოფი პირები საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობის ნებართვის მისაღებად ვალდებული არიან:
შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში გამოცხადდნენ კომისიაში გასაუბრებაზე;
კომისიას მისცენ ახსნა-განმარტება;
კომისიას წარუდგინონ ოჯახური კავშირის ნამდვილობის დამადასტურებელი ყველა შესაძლო მტკიცებულება და დოკუმენტი.
კომისია უფლებამოსილია, ნებართვის მიღების მიზნით, ქორწინებაში მყოფ პირებს გაესაუბროს ერთად ან ცალ-ცალკე. კომისია უფლებამოსილია, განმეორებით ჩაატაროს გასაუბრება ერთად ან ცალ-ცალკე.
ამ ბრძანების მიხედვით კომისია, ნებართვის მიღების მიზნით, ქორწინებაში მყოფ პირებს გასაუბრებაზე იბარებს ოქმის საფუძველზე, სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნების გზით. გასაუბრებაზე დაბარების ოქმი ჩაბარებულად ითვლება სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებისთანავე.
ქორწინებაში მყოფ პირებთან გასაუბრების თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს ყველა დამსწრე პირი.
დამსწრე პირის მიერ გასაუბრების ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში ოქმში კეთდება შესაბამისი აღნიშვნა, რომელშიც განიმარტება ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმის მიზეზი.
- ბინადრობის ნებართვის საფუძვლების შემოწმება
კომისია უფლებამოსილია, ოჯახური კავშირისა და ოჯახის შექმნის ნამდვილობის დადგენის მიზნით, მოისმინოს ახსნა-განმარტებები და შეაფასოს ოჯახური კავშირის ნამდვილობის დამადასტურებელი დოკუმენტები.
კომისიას უფლება აქვს, საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობის ნებართვის გაცემის საფუძვლების არსებობის შესამოწმებლად დოკუმენტებში აღნიშნული ინფორმაცია გადაამოწმოს საცხოვრებელ ადგილზე გასვლით, მისი დათვალიერებითა და სათანადო პირების გამოკითხვით.
კომისიის მიერ საცხოვრებელი ადგილის დათვალიერების ოქმში უნდა აისახოს ფაქტობრივი გარემოებები, რომლებსაც შეიძლება მნიშვნელობა ჰქონდეს ოჯახური კავშირისა და ოჯახის შექმნის ნამდვილობის დადგენისათვის.
საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების ოქმს შესაძლებელია, დაერთოს ფოტო- ან/და ვიდეომასალა, აგრეთვე სხვა ნებისმიერი მტკიცებულება, რომელიც ამყარებს ადგილზე დათვალიერებულ გარემოებებს.
თუ განმცხადებელი არ თანამშრომლობს კომისიასთან და კომისიის წევრებს არ აძლევს შესაძლებლობას, ადგილზე გადაამოწმონ ინფორმაცია, აღნიშნულის თაობაზე დგება შესაბამისი ოქმი.
- საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობის ნებართვის მისაღებად წარდგენილ განცხადებას სააგენტო განიხილავს 90 კალენდარული დღის ვადაში.
ოჯახური კავშირისა და ოჯახის შექმნის ნამდვილობის დაუდგენლობის თაობაზე, თუ საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობის ნებართვის მიღების მიზნით, ქორწინებაში მყოფი პირები რაიმე ფორმით არ თანამშრომლობენ კომისიასთან ან დათქმულ ვადაში არ გამოცხადდებიან კომისიაში გასაუბრებაზე, კომისია მიიჩნევს, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ქორწინება ფიქციურია.
„აღნიშნულის თაობაზე შეადგენს შესაბამის ოქმს და მიგრაციის საკითხთა სამმართველოს მეშვეობით, შესაბამის საქმის მასალებს, საქართველოს შესაბამისი მოქალაქის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, უგზავნის საგამოძიებო ორგანოს, ხოლო ასლს საქართველოს პროკურატურას“, – წერია ბრძანებაში.
საქართველოში ბინადრობის უფლება ასევე გაიცემა უცხოელებზე, რომლებმაც მიიღეს შრომითი საქმიანობის უფლება, ასევე სასწავლო ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის შემთხვევაში.
- უცხოელის ოჯახის წევრებად ითვლებიან:
მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და უცხოელის სრულ კმაყოფაზე მყოფი მხარდაჭერის მიმღები ან შრომისუუნარო პირი, აგრეთვე უცხოელის სრულ კმაყოფაზე მყოფი პირი, რომელიც შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით ქმედუუნაროდ არის ცნობილი.
- უვადო ბინადრობის უფლება
ამ ტიპის ბინადრობის ნებართვა გაიცემა უცხოელზე და მისი ოჯახის წევრებზე, რომელიც 300 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ინვესტიციას განახორციელებს ქვეყანაში.