ბათუმში ანგრევენ 135 წლის წინ აშენებულ სახლს, რომელიც ცნობილი იყო როგორც „მასკარონებიანი სახლი“.

მასკარონი სკულპტურული გამოსახულებაა, ჩვეულებრივ ადამიანის ან ცხოველის ნიღბის ფორმით. სწორედ ასეთი გამოსახულებები ჰქონდა სახლს, რომელსაც ანგრევენ.

მის ადგილას ახალი, 17-სართულიანი შენობა აშენდება.

ჰაიდარ აბაშიძის ქუჩა #21-ში მდებარე შენობა კლასიკური, ბათუმური ორსართულიანი სახლი იყო, რომელსაც ფასადზე მასკარონები ჰქონდა მიმაგრებული, ხოლო ინტერიერი მოჩუქურთმებული იყო.

2018 წელს, როდესაც შპს „გეოგრაფიკის“ მიერ ბათუმში ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად წარდგენილი სახლების სია გამოქვეყნდა, ეს სახლი ამ სიაში იყო.

თუმცა საბოლოოდ სახლმა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ვერ მიიღო და მალევე, 2019 წელს, ბათუმის მერიის მიერ დადგენილი „სიცოცხლისათვის საშიში სახლების“ ნუსხაში მოხვდა.

ბოლო წლებში სახლი ავარიული იყო და იქ მცხოვრებთა თქმით, „სიცოცხლისთვის იმდენად საშიში“, რომ ცხოვრება შეუძლებელი იყო.

ჰაიდარ აბაშიძის ქუჩა #21-ში მდებარე სახლი ბათუმის მერიის „ავარიული სახლების პროგრამაში“ მოხვდა.

სამშენებლო სამუშაოებს შპს „ლეველ ვან“ ასრულებს.

ამჟამად საცხოვრებელი სახლის დემონტაჟის პროცესი მიმდინარეობს, მშენებლობა კი 3 წელიწადში უნდა დასრულდეს.

„სახლი არის შეფასებული ავარიულად, არ ექვემდებარება რეკონსტრუქციას, უნდა დაიშალოს და უნდა აშენდეს ახალი.

სახლის ფასადზე არსებული ჩუქურთმები მოვხსენი და შენახულია. ამ ჩუქურთმების რესტავრაციას ვგეგმავთ და შემდეგ ახალ შენობაზე ძველ ადგილას იქნება,“ – უთხრა „ბათუმელებს“ შპს „ლეველ ვანის“ ხელმძღვანელმა გიორგი ბაკურიძემ.

ჰაიდარ აბაშიძის #21-ში 11 ოჯახი ცხოვრობდა. გიორგი ბაკურიძის თქმით, ყველა მათგანი აპირებს თავის ძველ საცხოვრებელ ადგილს დაუბრუნდეს ახალი შენობის აშენების შემდეგ.

მასკარონებიანი სახლის დემონტაჟი
მასკარონებიანი სახლის დემონტაჟი
Exit mobile version