საქართველოში საშვილოსნოს ყელის კიბოს ახალი შემთხვევები იზრდება, მაშინ როცა ეს დაავადება ერთ-ერთ ყველაზე პრევენცირებად ონკოდაავადებად არის მიჩნეული.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO-ს) მონაცემებით, საქართველოში 2024 წელს საშვილოსნოს ყელის კიბოს 591 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 214 ქალი კი ამ დიაგნოზით გარდაიცვალა.

ექიმები ამბობენ, რომ საშვილოსნოს ყელის კიბოს თავიდან აცილება შესაძლებელია ვაქცინაციით და რეგულარული სკრინინგით. საქართველოში მოქმედებს უფასო სკრინინგ პროგრამაც, თუმცა ქალების დიდი ნაწილი კვლევას არ იტარებს, ექიმთან კი იმ დროს მიდის, როდესაც დაავადება მწვავდება.

რა არ მუშაობს სწორად სკრინინგ პროგრამაში? რატომაა აუცილებელი ვაქცინაცია და რისგან იცავს სკრინინგი ქალებს – ამ საკითხზე „ბათუმელები“ ონკო-გინეკოლოგ კობა ქამაშიძეს ესაუბრა.

  • ბატონო კობა, 2024 წელს საქართველოში საშვილოსნოს ყელის კიბოს 591 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 214 გარდაცვალება. რას გვეუბნება ეს სტატისტიკა?

რას გვეუბნება და იმას, რომ არ მუშაობს სკრინინგის პროგრამა. არ მუშაობს!

2022 წელს თუ იყო კიბოს 300-მდე შემთხვევა, ახლა გვაქვს 600-მდე. თითქმის გაორმაგებული მონაცემია. საქმე იმაშია, რომ ეს სტატისტიკა მოდის ახალგაზრდა ქალებზე.

40-დან 49 წლამდე ასაკის ქალებში საშვილოსნოს ყელის კიბოს ყველაზე მეტი შემთხვევაა აჭარაში, 1,6-1.7-ჯერ მეტი ინციდენტობა გვაქვს, ანუ ახალი შემთხვევების გამოვლენა საშუალო საქართველოს მაჩვენებელთან შედარებით.

რით შეიძლება აიხსნას ეს?

აჭარაში მაღალი ინციდენტობა გვაქვს ბათუმის და ქობულეთის ხარჯზე. ეს აიხსნება მოსახლეობის რაოდენობით და სკრინინგის სერვისზე წვდომის განსხვავებული პირობებით. თუმცა მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში სამინისტრო ცდილობს მისწვდეს მოსახლეობას მობილური ბრიგადების გამოყენებით.

რაიონებში მცხოვრებლებიც ბოლოს ბათუმში მოდიან და საბოლოო დიაგნოზის დასმა ბათუმში ხდება ბიოფსიით.

  • რით აიხსნება 40-დან 49 წლამდე ასაკობრივი ჯგუფში საშვილოსნოს ყელის კიბოს მაღალი მაჩვენებელი?

40-49 წელი ყველაზე დიდი რისკ-ჯგუფია. პაპილომავირუსით ინფიცირება ხდება მაშინ, როცა ქალი იწყებს სქესობრივ ცხოვრებას. ადრე 15-16 წლის ასაკში თხოვდებოდნენ, ადრეულ ასაკში იწყებდნენ სქესობრივ ცხოვრებას. ახლა ადრეული ქორწინებები შემცირდა და საშუალოდ 23-25 წლის ასაკში ქორწინდებიან გოგოები ან იწყებენ სქესობრივ ცხოვრებას.

როდესაც ვირუსი ორგანიზმში ხვდება საშუალოდ 10-15 წელი სჭირდება, რომ დააზინოს საშვილოსნოს ყელის ქსოვილები და გაჩნდეს კიბო.

ამიტომ, როდესაც ქალი 40 წელს უახლოვდება, რისკი იზრდება. სკრინინგი სწორედ ამიტომ გვჭირდება, რომ დროულად გამოვლინდეს და არ გადავიდეს კიბოში.

  • რატომ არის მნიშვნელოვანი საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი და რის პრევენციას ახდენს ის?

დამტკიცდა, რომ საშვილოსნოს ყელის კიბოს 99.8 %-ში, ანუ თითქმის 100 პროცენტში იწვევს პაპილომავირუსი.

საშვილოსნოს ყელის კიბო არის ყველაზე პრევენცირებადი. დამტკიცებულია კვლევებით, რომ შესაძლებელია მოხდეს პრევენცია და არ გაჩნდეს კიბო.

ეს სერიოზული დაავადებაა, იმიტომ, რომ იწვევს უნარების შეზღუდვას და სიკვდილიანობას.

მსოფლიოში ყოველწლიურად დაახლოებით საშვილოსნოს ყელის კიბოს 660 000 ახალი შემთხვევაა, აქედან 350 000 გარდაცვალებაა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველოში 2024 წელს 591 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 214 ქალი კი ამ დიაგნოზით გარდაიცვალა, რაც ძალიან ბევრია. 2022 წელს ორჯერ დაბალი იყო. 2025 წლის მონაცემები ჯერ არაა, მაგრამ სავარაუდოდ დაბალი არ იქნება.

საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის ორი გზა არსებობს – ვაქცინაცია და სკრინინგი. აუცილებელია აიცრან 10-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვები – როგორც გოგონები, ისე ბიჭები, რადგან მამაკაცი არის ამ ვირუსის გადამტანი.

25-დან 60 წლამდე ასაკის ქალებმა კი აუცილებლად უნდა ჩაიტარონ სკნირინგი.

სკრინინგი ავლენს საშვილოსნოს ყელზე კიბოსწინარე მდგომარეობებს.

სკრინინგი იწყება 25 წლიდან და ტარდება 60 წლამდე. საქართველოში, როგორც მთელს მსოფლიოში, მეთოდი ერთია – 25-დან 30-მდე ასაკის ქალებს უკეთდებათ პაპტესტი, ხოლო 30-დან 60 წლამდე ასაკის ქალებში კი ვიკვლევთ პაპილომავირუსს ლორწოში. იმის დასადგენად, არის თუ არა კიბოს გამომწვევი ვირუსი ორგანიზმში, იღება ნიმუში საშოდან.

2024 წლის აგვისტოდან საქართველოში პაპილომავირუსის ანალიზი უფასოა.

და რა ხდება ამ დროს? ქალები არ მიდიან სკრინინგისთვის კლინიკებში.

  • როგორ ტარდება სკრინინგნის პროცედურარაიმე განსაკუთრებულ მომზადება სჭირდება ქალს სკრინინგის წინ?

სკრინინგის წინ ქალს არ უნდა ჰქონდეს მენსტრუაცია და არ უნდა ჰქონდეს სქესობრივი კონტაქტი წინა ღამით. წინასწარი ჩაწერის გარეშე შეუძლიათ მივიდნენ ქალებს იმ კლინიკაში, სადაც ტარდება უფასო სკრინინგი და აიღონ ანალიზი, მხოლოდ პირადობის მოწმობა დასჭირდებათ.

პასუხი მიუვათ ორ კვირაში. თავად პროცედურა მტკივნეული არაა და რაიმე განსაკუთრებული დისკომფორტიც არ ახლავს თან.

ანალიზის აღების შემდეგ ნიმუში იგზავნება ეროვნულ სკრინინგცენტრში, თბილისში, სადაც კეთდება კვლევა.

სტანდარტულად, პასუხი მოდის დადებითი ან უარყოფითი. თუ უარყოფითია, ქალს სკრინინგის ჩატარება განმეორებით ხუთი წლის შემდეგ მოუწევს.

იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე პაპილომავირუსის გენოტიპზე პასუხი არის დადებითი, მაშინ ქალი ექიმთან წელიწადში ერთხელ უნდა მივიდეს და შეამოწმებინოს საშვილოსნოს ყელი – იღება პაპ-ტესტი და კეთდება კოლპოსკოპია. ანუ ტარდება დაკვირვება.

დადებითი პასუხი კიბოს არ ნიშნავს, ეს ნიშნავს ვირუსის არსებობას ორგანიზმში და არა კიბოს.

პაპ-ტესტით და კოლპოსკოპიით საჭიროა კიბოსწინა მდგომარეობების ადრეული გამოვლება და მცირე ჩარევით მკურნალობა.

დღესდღეობით მსოფლიოში პაპილომავირუსის წამალი, როგორც ასეთი, არ არსებობს.

  • თუ ქალს არანაირი სიმპტომი არ აქვს, თავს სრულიად ჯანმრთელად გრძნობს, ასეთ დროს სკრინინგი საჭიროა?

სკრინინგის არსი არის ის, რომ ეს ტარდება ჯანმრთელ ქალზე, ჯანმრთელ მამაკაცზე. მთავარია, ჯანმრთელ ქალში გამოვავლინოთ თუ არის რაიმე ცვლილება და არ დავუშვათ კიბო.

წარმოიდგინეთ, ავსტრალია აცხადებს, რომ 2030 წელს იქნება საშვილოსნოს ყელის კიბოსგან თავისუფალი (cancer-free) ქვეყანა. როგორ მიაღწია ამას? ვაქცინაციით და ორგანიზებული სკრინინგით. ანუ ხდება ქალის სახელობით მიწვევა სკრინინგზე, სკრინინგის კულტურა არის მაღალ დონეზე.

ისრაელის შემთხვევაც რომ განვიხილოთ, ისრაელში სკრინინგი არის სავალდებულო, ანუ ნებისმიერი საბუთის აღება აქვთ მიბმული სკრინინგთან. საბუთს ვერ აიღებ, თუ არ გაქვს გავლილი სკრინინგი.

ახლა რა ხდება ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს რეგიონში და კონკრეტულად ბათუმში და რატომ მტკივა გული ყველაზე მეტად.

სექტემბრის დასაწყისში უნდა გავაკეთო ოთხი თუ ხუთი საშვილოსნოს ყელის კიბოს ოპერაცია – ახლახან მივიღე ბიოფსიების პასუხები. ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ასეთ პატარა ქალაქში ამდენი კიბოს შემთხვევაა.

ის ხალხი ერთი წლის რომ მოსულიყო ან ორი წლის წინ, სკრინინგი რომ ჩაეტარებინა, ოპერაციამდე არ მივიდოდნენ.

  • მაშინ როცა არსებობს უფასო სკრინინგ პროგრამები, სახელმწიფო ბიუჯეტი ფულს ხარჯავს ამ პროგრამებში, როგორ ფიქრობთ, რატომ ვერ მიდის ეს ინფორმაცია მოქალაქეებამდე? არასათანადოდ ხდება ინფორმირება? მეტი რეკლამა სჭირდება? სკრინინგის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება გვჭირდება?

ჩემი აზრით, კიბოს სკრინინგი ალბათ უნდა გახდეს სავალდებულო. ჩვენი ჯანდაცვის სამინისტრო წლებია ამას ებრძვის ადამიანის უფლებების დაცვის მოტივით, ამბობენ, რომ ადამიანის ნება უნდა იყოს ჩაიტარებს თუ არა სკრინინგს.

თუმცა ყველას გვახსოვს კოვიდის მაგალითი – ყველას გაუკეთეს ვაქცინაცია, ხომ? მაშინ არ იყო იქ ადამიანის უფლებები პრიორიტეტი?! ეს ორმაგი სტანდარტია.

სკრინინგის ჩატარება უნდა იყოს სავალდებულო. როცა ჯანმრთელობას ეხება საქმე და ჩვენ ვუტოვებთ ადამიანს არჩევანს – „მოდი, შენი ჭირიმე, მოიფიქრე და მერე გაიკეთე“, ვხედავთ, რომ ეს მიდგომა არ მუშაობს.

იგივე ხდება ბავშვების აცრებზე. ახლახანს იტალიაში დიფტერიით მოკვდა ოთხი წლის ბავშვი – ანტივაქსერულ ოჯახში იზრდებოდა. იტალიის ჯანდაცვა ყველას ამოწმებს, ყველა ბავშვს, ყველა სკოლას, ყველა ისტორიას იღებენ, რომ ასეთი პრეცედენტი აღარ მოხდეს. მშობლებს კი წინ სასამართლო ელით ბავშვის სიკვდილის გამო.

მე ვფიქრობ, რომ სკრინინგთან დაკავშირებით რაღაც მექანიზმები უნდა არსებობდეს, რომელიც დაავალდებულებს მოქალაქეს გაიაროს სკრინინგი.

რაც შეეხება კამპანიებს, კი, არის, აკეთებს ჯანდაცვის სისტემა, ცოდვა არ ვთქვათ…

რეკავენ პოლიკლინიკებიდან, აწუხებენ მშობლებს, ეუბნებიან „აბა შენი ჭირიმე, მობრძანდით, გაიკეთეთ“, მაგრამ არ გამოდის ჩვენთან, საქართველოში, ასე. რატომღაც ვიხსნით ამ პასუხისმგებლობას და ვამბობთ – „იყოს, რაც იქნება“.

ეფექტურობისთვის, ვფიქრობ უნდა დაინერგოს ორგანიზებული სკრინინგის სისტემა, იგზავნებოდეს სმს, სადაც პერსონალიზებული იქნება სახელი, გვარი, მისამართი სად უნდა მივიდეს, რომელ ექიმთან, რა დროს, რომელ კაბინეტში და პროცედურა უნდა ჩაუტარდეს.

ეს უნდა იყოს სავალდებულო. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშია ასე და ამით ჯერ არავინ დაზარალებულა.

  • რას ეტყოდით ქალებს, რომლებიც ფიქრობენ რომ ჯანმრთელები არიან, „ჯერ არაფერი სჭირთ“ და სკრინინგის აუცილებლობას ვერ ხედავენ, რატომ უნდა მივიდნენ და გაიკეთონ სკრინინგი?

ქართველი ქალის ყველაზე დიდი მამოძრავებელი ძალა არის მისი შვილები. და ალბათ ასე უნდა მივმართო – თუ გიყვარს შენი შვილები, ოჯახი, გინდა იყო მათ გვერდით დიდხანს, ჯანმრთელად და არ იყო სიცოცხლის რისკის წინაშე, უნდა წახვიდე და გაიკეთო სკრინინგი.

„ახლა არა, ზეგ მივალ….“ – მიდგომა არის არასწორი. ქართველ ქალებს მთელი თავისი სიყვარული და ზრუნვა გადააქვთ შვილებზე, ოჯახზე და საკუთარ თავზე არ ფიქრობენ.

  • ბოლოს გკითხავთ პაპილომავირუსის საწინააღმდეგო აცრაზე. რატომ არის მნიშვნელოვანი ამ აცრის გაკეთება?

აცრა უფასოა 10-15 წლის ბავშვებისათვის, ასევე 45 წლის ასაკის ჩათვლით ყველა მოქალაქეს შეუძლია აიცრას.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი – აცრა არის 9-კომპონენტიანი. დავუშვათ, დადგინდა ვირუსის რომელიმე ტიპი, დანარჩენისგან გიცავს.

ვისურვებდი, რომ ჩემი კოლეგა ექიმებიც ჩაერთონ და მოუწოდონ მოსახლეობას – აიცრან და ჩაიტარონ სკრინინგი.

____________________________

როგორ მოვახდინოთ პრევენცია – სასარგებლო ინფორმაცია

საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციისათვის საჭიროა აცრა ან სკრინინგი.

პაპილომავირუსის ვაქცინის გაკეთება უფასოა და შესაძლებელია „ევექსის“ კლინიკებში, აცრის გაკეთება შეუძლია 45 წლამდე ქალებსა და მამაკაცებს.

ვაქცინა საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების რისკებს 90%-ით ამცირებს.

იმუნიზაცია შეუძლიათ:

  • საქართველოს მოქალაქეებს, საქართველოში მუდმივად მცხოვრებ პირებსა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას;
  • 18 წლამდე ასაკის პირებს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე 3 თვეზე მეტი ხნით ლეგალურად იმყოფებიან და პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის გეგმურ ვაქცინაციას ექვემდებარებიან.

რაც შეეხება სკრინინგს, საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი ტარდება 25-60 წლის ასაკის ქალებში.

სკრინინგისათვის უნდა მიმართოთ კლინიკებს.

დაგჭირდებათ მხოლოდ პირადობის მოწმობა, წინასწარი რეგისტრაცია საჭირო არაა.

ბათუმსა და აჭარის მუნიციპალიტეტებში ჯამში 16 კლინიკაშია შესაძლებელი საშვილოსნოს ყელის უფასო სკრინინგი.

ეს კლინიკებია:

  • სს „საქართველოს კლინიკები“ – ქედის კლინიკა
  • სს „საქართველოს კლინიკები“ – ხულოს კლინიკა
  • სს „ევექსი“ – ბათუმის კლინიკა
  • შპს „მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალი მედცენტრი“
  • შპს „საოჯახო მედიცინის რეგიონალური ცენტრი“
  • სს „საქართველოს კლინიკები“ – ქობულეთის ჰოსპიტალი
  • სს „ვიან – მ.იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო“
  • შპს „ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო“
  • შპს „BROTHERS”
  • სს „საზღვაო ჰოსპიტალი“
  • შპს „მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალი მედცენტრი – ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი“
  • შპს ქალთა და მამაკაცთა ჯანმრთელობის ცენტრი „მედფემი“
  • შპს „ბათუმის სითი მედი“
  • შპს „ინოვაციური მედიცინის საუნივერსიტეტო კლინიკა“ – თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრი
  • სს „საქართველოს კლინიკები“ – შუახევის კლინიკა
  • შპს კლინიკა „ფარმალია“

NCDC-ის ინფორმაციით, აჭარაში ამ კლინიკების ჩამონათვალს მალე დაემატება ხელვაჩაურის სამედიცინო ცენტრი და სს „ქობულეთის სამედიცინო ცენტრი“.

 

Exit mobile version