დღეს, 25 აგვისტოს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა.

ცენტრის ინფორმაციით, საბაკალავრო საფეხურზე ისწავლის 29 481 აბიტურიენტი. მათგან, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩაირიცხა 17 862  აბიტურიენტი, ხოლო კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 11 619 აბიტურიენტი.

მათივე ინფორმაციით, ქართულ ენაში მომზადების პროგრამაზე ჩაირიცხა 1528 გამოსაცდელი (სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში – 1495, კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში – 33).

ეროვნული გამოცდების ცენტრის თანახმად, წელს 43 ათასზე მეტი აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული. შესაბამისად, გამოცდები ვერ ჩააბარა 13 519-ზე მეტმა აბიტურიენტმა.

სახელმწიფო, საწყის ეტაპზე, უზრუნველყოფს იმ აბიტურიენტების სრულ დაფინანსებას, რომელთაც სწავლის უფლება მოიპოვეს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში. თუმცა, სწავლის საფასურს სახელმწიფო სრულად დაფარავს პირველი ორი სემესტრის განმავლობაში – იმისთვის, რომ სტუდენტმა 100%-იანი დაფინანსება შეინარჩუნოს, უნდა დააგროვოს კრედიტების 80%-ზე მეტი.

რაც შეეხება კერძო უნივერსიტეტებში ჩარიცხულებს, წელს პირველად სახელმწიფო ამ დაწესებულებებში ჩარიცხულ არც ერთ სტუდენტს არ დააფინანსებს.

ცენტრის ინფორმაციით, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა 3141-მა აბიტურიენტმა (1322 – სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებელში, 1819 – კერძო პროფესიულ სასწავლებელში).

2025 წელს 39 000-ზე მეტი აბიტურიენტი იყო რეგისტრირებული. მათგან სტუდენტი გახდა  31 704 აბიტურიენტი. შესაბამისად, საგამოცდო ბარიერი ვერ გადალახა 7296-ზე მეტმა ახალგაზრდამ.

__

ამავე თემაზე

ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო – რეგისტრირებულია 43 000-ზე მეტი აბიტურიენტი

 

Published by ლელა დუმბაძე

ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com

Exit mobile version