ქართველ რეჟისორ, უტა ბერიას ეროვნულმა კინოცენტრმა არ მისცა ნებართვა ლოკარნოს საერთაშორისო ფესტივალზე საჯაროდ ეჩვენებინა ფილმი „ცრემლსადენი გაზი“.

რეჟისორი ამას ცენზურის მცდელობად აფასებს, კინოცენტრი კი თავს იმართლებს და ამბობს, რომ „ვინაიდან ფილმის დასრულებული ვერსია საპროდიუსერო კომპანიამ არ წარუდგინა ეროვნულ კინოცენტრს, შეუძლებელი გახდა, დადგენილი პროცედურების შესაბამისად, ფილმის საჯარო ჩვენებაზე თანხმობის გაცემა“.

აკრძალვის მიუხედავად, ფილმის პრემიერა ფესტივალზე შედგა და მან დამოუკიდებელი ჟიურის ჯილდო მიიღო.

„წარმოიდგინეთ, რომ ქართველი მოჭიდავე სპორტსმენები გავიდნენ ოლიმპიადაზე. დიდი წარმატებაა ხომ?! ამ დროს ჭიდაობის ფედერაციიდან რომ დარეკონ ოლიმპიურ კომიტეტში და უთხრან: არ გვინდა ქართული დროშა აიწიოს ოლიმპიადაზე, ამიტომ დისკვალიფიკაცია მიეცით ჩვენს სპორტსმენებსო. შეგიძლიათ ამის წარმოდგენა?

დაახლოებით მსგავსი რამ მოხდა ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალზე, როცა ეროვნულმა კინოცენტრმა წერილი მისწერა ფესტივალის ორგანიზატორებს და მოითხოვა, არ ეჩვენებინათ ქართველი რეჟისორის, უტა ბერიას ფილმი „ცრემლსადენი გაზი“.

სპორტის მაგალითი იმიტომ მოგიყვანეთ, რომ სპორტი უფრო ესმით ჩვენთან და მინდა უფრო გასაგები გავხადო, რომ რაც მოხდა ქართველი რეჟისორის ფილმთან დაკავშირებით, ეს იყო საბოტაჟის საქმე ქართული კინოს, ქართული კულტურის წინააღმდეგ,“ – რეჟისორი ამირან დოლიძე „ბათუმელებთან“ ეხმაურება უტა ბერიას წინააღმდეგ საქართველოს კინოცენტრის პოზიციას.

  • რა მოხდა

15 აგვისტოს, ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალზე უტა ბერიას მხატვრულმა ფილმმა, „ცრემლსადენი გაზი“ დამოუკიდებელი ჟიურის ჯილდო მიიღო. რეჟისორმა პრიზი სინდისის პატიმარ მათე დევიძეს მიუძღვნა.

19 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ფილმის ჩვენების შეფერხებას საქართველოს ეროვნული კინოცენტრი ცდილობდა.

კერძოდ, რეჟისორ უტა ბერიას თქმით, საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა, როგორც ფილმის რეჟისორს, ისე ლოკარნოს კინოფესტივალს, გაუგზავნა წერილი და მოითხოვეს, რომ ფილმის საჯარო ჩვენება არ გამართულიყო. წინააღმდეგ შემთხვევაში, გადამღებ ჯგუფს და საპროდიუსერო კომპანიას ფულადი ჯარიმა დაეკისრებოდა.

„2022 წელს მოპოვებული დაფინანსების ნახევარი ეროვნულმა კინოცენტრმა წარმოების პროცესში მყოფებს არ მოგვცა, მიზეზი დღემდე არ უთქვამთ.

ბიუჯეტის შემცირების, პირადი სახსრების და ვალების აღების ხარჯზე ჩვენ მაინც შევძელით ფილმის დასრულება და ლოკარნოზე პრემიერის წინ, კინოცენტრისგან მივიღეთ გაფრთხილების წერილი, რომ ფილმის საჯაროდ ჩვენების შემთხვევაში ფულადი ჯარიმა დაგვეკისრება.

შემდეგ გაირკვა, რომ მათ ლოკარნოს კინოფესტივალსაც გაუგზავნეს წერილი, რომ ფილმის პრემიერა არ შემდგარიყო. საბედნიეროდ, ფესტივალმა ფილმი კონკურსში დატოვა და ფესტივალის მაყურებელს მიეცა მისი ნახვის შესაძლებლობა.

სამწუხაროა, რომ საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, რომელიც ჩვენი გადასახადებით ფინანსდება და ხელს უნდა უწყობდეს ქართული კინოს განვითარებას, საპირისპიროს აკეთებს.

ჯერ ეცადნენ, რომ ფილმი ვერ დამესრულებინა და ახლა ცდილობენ ფილმი მაყურებლამდე არ მივიდეს,“ – დაწერა ფეისბუქზე უტა ბერიამ, „ცრემლსადენი გაზის“ რეჟისორმა.

სახელოვნებო წრეებში საქართველოს ეროვნული კინოცენტრის წერილი აღიქვეს როგორც თავისუფალი ხელოვანების წინააღმდეგ ბერკეტი და ცენზურის მცდელობა.

„ბათუმელები“ ესაუბრა კინორეჟისორ ამირან დოლიძეს.

ამირან დოლიძე ახალგაზრდა ქართველი რეჟისორია. მისი მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის – „ცხოველის“ პრემიერა 2019 წელს სწორედ ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა, ხოლო იმავე წელს ბიაფზე [საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალზე] საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმის პრიზი მიიღო.

ახალგაზრდა რეჟისორი „ბათუმელებთან“ საქართველოს ეროვნული კინოცენტრის პოლიტიკაზე საუბრობს და ამბობს, რომ ის, რასაც ახლა კინოცენტრი აკეთებს არის „ქართული კულტურის საბოტაჟი“.

„კინოცენტრი, როგორც მთლიანად „ქართული ოცნება“, მტრულად მოქმედებს საკუთარი ქვეყნისა და კულტურის წინააღმდეგ.

წარმოიდგინეთ – ინსტიტუცია, რომელიც ქართული კინოს განვითარებას უნდა უწყობდეს ხელს, პირიქით, ყველაფერს აკეთებს, რომ ქართული კინო და, საბოლოოდ, საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე არ წარმოჩნდეს. რა შეიძლება იყოს ამაზე დიდი მტრობა საკუთარი ქვეყნისა და მისი კულტურის მიმართ?“ – სვამს კითხვას ამირან დოლიძე.

მხატვრული კინოს რეჟისორის თქმით, ყველაფერი 2021 წელს დაიწყო, როდესაც თეა წულუკიანი გახდა კულტურის მინისტრი და ეროვნულ კინოცენტრში ხელმძღვანელობა შეიცვალა. რეჟისორის თქმით, ამის შემდეგ კინოცენტრმა დაიწყო „ქართული ოცნების“ პოლიტიკასთან თანხვედრაში მოსვლა, რამაც კინოხელოვანთა უმეტესი ნაწილი ბოიკოტის რეჟიმში გადაიყვანა.

ბოიკოტი გრძელდება დღემდე.

ამირან დოლიძე, კინორეჟისორი

„თუ რამე არის ერის იდენტობის განსაზღვრელი, პირველ რიგში არის კულტურა. თუ გინდა, რომ იმ ხალხს, რომლის მმართველ ძალადაც იწერები, არ ჰქონდეს იდენტობა და იყოს ადვილი სამართავი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში კულტურაზე უნდა დაარტყა. ასეც მოხდა.

უტა ბერიას ფილმთან დაკავშირებით რაც ხდება, მე ვიტყოდი, მარტო ცენზურა კი არა, ეს არის ღია საბოტაჟი საკუთარი ქვეყნის კულტურის წინააღმდეგ.

ეს არ არის რაღაცა ვიწრო ნიუსური, პოლიტიკური თემა, რომელიც მხოლოდ დღესაა აქტუალური. „ცრემლსადენი გაზი“ არის იმ შინაარსის ფილმი, რომელიც 10 წლის წინაც გასაგები იქნებოდა და 10 წლის მერეც გასაგები იქნება, იმიტომ, რომ მხატვრული ნაწარმოებია.

ჩემი ეთიკა არ მაძლევს უფლებას ვთქვა, როგორია ქვეყანა, რომელიც ადამიანს, ხელოვანს ხელს უშლის მხატვრული ნაწარმოების გაკეთებაში. ეს არის მიზანმიმართული მტრობა საკუთარი იდენტობის წინააღმდეგ.

ქართული კინო უკვე ხდებოდა ანგარიშგასაწევი ძალა. შეიძლება რესურსების უქონლობის გამო, ეს პროცესი ნელა მიდიოდა, მაგრამ ჩვენ უკვე ვიყავით იმ ეტაპზე და ინერციით ვართ ჯერ კიდევ, რომ ჩვენი ფილმები მოხვედრილიყო საერთაშორისო, წამყვან ფესტივალებზე.

ჩვენმა თაობამ ვისწავლეთ, ჩვენი აზრის, ჩვენი იდენტობის გამოხატვა, ზუსტად ახლა სჭირდებოდა ხელშეწყობა ჩვენს სათქმელს. მაგრამ ხელშეწყობის ნაცვლად დღეს ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ეს პროცესი შეაჩერონ. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი სხვა არაფერია, თუ არა კულტურის ღია მტრობა. მტრულ სახელმწიფოს შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ მსგავსი განზრახვა,“ – ამბობს რეჟისორი ამირან დოლიძე.

ლაშა ბუღაძე

„ეს არის „ქართული ოცნების“ სამარცხვინო, ბრიყვული და რეპრესიული ლოგიკა. ასე შემიძლია შევაფასო მათი ქმედება. იმის შიშით, რომ საერთაშორისო ფესტივალზე დიდ აუდიტორიას არ ეხილა რეჟისორის რეფლექსია ჩვენს პროტესტზე, მიიღეს უარესი შედეგი: ფილმი ნახა ძალიან ბევრმა ადამიანმა და ფილმმა დაიმსახურა ჯილდოც.

შესაბამისად, ნებისმიერი მათი ქმედება განპირობებულია მათივე, ვიმეორებ, უგუნურობით, არაადეკვატური თავდაჯერებულობით, რადგან ეს ადამიანები არ სწავლობენ ისტორიის გაკვეთილებს – შეუძლებელია ხელოვნებას მოუგოს რეჟიმმა ნებისმიერი ფასით, როდესაც ის ცდილობს ცენზურის ამა თუ იმ ფორმის განხორციელებას,“ – ამბობს მწერალი და დრამატურგი ლაშა ბუღაძე „ბათუმელებთან“ საუბარში.

თავად ლაშა ბუღაძეს ბოლო ერთი თვის განმავლობაში ორჯერ მოუწია სისტემის პირისპირ დადგომა – მისი რომანი „დამკვირვებელი“ ერთ-ერთი პატიმრის ახლობელს ქალთა ციხეში არ შეატანინეს.

შემთხვევა 6 აგვისტოს მოხდა.

ხოლო 16 აგვისტოს მკითხველმა, რომელსაც რომანის ყიდვა სურდა, „ბიბლუსის“ ქსელში აღმოაჩინა, რომ წიგნის რამდენიმე ეგზემპლარზე უხამსი შინაარსის მქონე ნახატები იყო გაკეთებული.

მოგვიანებით, მაღაზიათა ქსელმა „ბიბლუსმა“ განცხადება გაავრცელა და დაწერა, რომ გადამოწმდა ყველა მაღაზია.

„ვანდალური ქმედება გამოვლინდა მხოლოდ გლდანის მოლის ფილიალში. დაზიანებულია ჯამში 5 წიგნი, 3 ლაშა ბუღაძის და 2 ზურაბ ჭიაბერაშვილის – „ლიტერატურული ექსპრესი“, „დამკვირვებელი“, „დამოუკიდებელი საქართველო ვარდების რევოლუციამდე“.

„ბიბლუსის“ მონიტორინგის დეპარტამენტმა ვიდეომეთვალყურეობის კამერებით გამოავლინა ფაქტი, ინციდენტში მონაწილე კაცის იდენტიფიცირებისა და რეაგირების მიზნით, ინფორმაცია უკვე გადაცემულია შესაბამისი ორგანოებისთვის.

ეს ქმედება ჩვენთვის სრულიად მიუღებელია და არის უპატივცემულობა როგორც წიგნისა და ავტორის, ისე ჩვენი მომხმარებლებისა და საკუთრივ „ბიბლუსის“ მიმართ,“ – ნათქვამია „ბიბლუსის“ განცხადებაში.

ლაშა ბუღაძე თავისი ნაწარმოების წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას ცენზურად აფასებს, ქმედებად, როდესაც სისტემამ ცენზურა შეახო ლიტერატურულ ტექსტს. მწერალი ამბობს, რომ აკრძალვამ ნაწარმოების პოპულარობა გაზარდა და რეალურად უკუშედეგი გამოიღო „ქართული ოცნებისათვის“

„ამ „აკრძალვით“ უფრო მეტი პოპულარობა მიიღო ჩემმა ტექსტმა. ცხადია, უტა ბერიას ფილმსაც ვერაფერს დაუშავებენ. უბრალოდ სავსებით შესაძლებელია, რომ შეუქმნან პრობლემები უშუალოდ ავტორს, რეჟისორს. აი, ეს არის რაღაცნაირად შურისმაძიებლური აქტი მისი თავისუფლების გამო.

რეჟისორი უტა ბერია სხვა კინემატოგრაფისტებთან ერთად, თანმიმდევრულად კრიტიკულია და ბოიკოტის პროცესშია ჩართული, ისე, როგორც ჩემი კოლეგები, მწერლები არიან ბოიკოტის პროცესში „წიგნის სახლთან“, იმიტომ, რომ „წიგნის ცენტრიც“ და „წიგნის სახლიც“ არის ნაწილი „ქართული ოცნების“ პარტიის – თავისუფალ ხელოვნებასთან და კულტურასთან მათ კავშირი არ აქვთ,“ – ამბობს ლაშა ბუღაძე.

მწერლის თქმით, ავტორიტარები ყოველთვის ეცდებიან რაც შეიძლება მეტი ამკრძალავი კანონი მიიღონ, თუმცა მას თავისუფალი შემოქმედი არ უნდა დაემორჩილოს.

„ავტორიტარიზმი ცდილობს, რომ იდიოტიზმი გვიქციოს ნორმად და უნებლიეთ შეიძლება ჩვენც დავიჯეროთ მათი ეს არგუმენტები. ყოველ ჯერზე ჩვენ უნდა დავაფიქსიროთ, რომ ეს არის სისულელე, ეს არის არანორმალური და ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ნორმალურ რეალობას.

ნორმალური რეალობა არის, რომ გაუქმდეს „რუსული კანონები“, დასრულდეს ეს სახიფათო თამაში რუსეთთან, [აღდგეს] ჩვენი რეალური დამოუკიდებლობა, საქართველო ისევ დაადგეს ევროკავშირში ინტეგრაციის გზას და გათავისუფლდნენ ჩვენი პოლიტპატიმრები.

ისინი ებრძვიან იმ ადამიანებს, ხელოვანებს, რომლებიც აკრიტიკებენ „ქართულ ოცნებას“. ჩვენ გვახსოვს დათო დოიაშვილის წინააღმდეგ მთელი კამპანია, რომელიც დასრულდა მისი მოხსნით მისივე დაარსებული თეატრიდან. გვახსოვს პრიმაკოვის ფონდის ხელმძღვანელის შეტევა დათა თავაძის სპექტაკლის „ლიბერტეს“ წინააღმდეგ.

ეს ბრძოლა მიდის კრიტიკული აზრის მქონე ადამიანების წინააღმდეგ, თორემ კონფორმისტები საკმაოდ ბევრია, მათ შორის ხელოვნებაშიც.

უტა ბერია არის თავისუფალი, კრიტიკული შემოქმედი, ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი წარმომადგენელი თავისი თაობის რეჟისორების. ეს უკვე პრობლემაა „ქართული ოცნებისთვის“, – ამბობს ლაშა ბუღაძე.

როგორი შეიძლება იყოს თავისუფალი ხელოვანების პასუხი ცენზურის მცდელობაზე? – ვკითხეთ მწერალს.

„თავად წინააღმდეგობის ფორმაა ხელოვნება ხშირ შემთხვევაში. ჩვენ ახლა ისეთ რეალობაში ვართ, რომ ნებისმიერი სიტყვა, აქტი თუ ჟესტი, არის დაკავშირებული პროტესტთან და თავისუფლების დაცულობასთან, ან მცდელობასთან, რომ დაიცვა შენი პროფესიული თავისუფლება, შენი, როგორც ინდივიდის თავისუფლება და შესაბამისად – საზოგადოებისა და ქვეყნის თავისუფლებაც.

ეს შეიძლება ძალიან პათეტიკურად, აბსტრაქტულად ჟღერდეს, მაგრამ როდესაც უკვე კონკრეტული მაგალითები გვიჩნდება, რომ აკომპლექსებთ მხატვრული ტექსტები და მხატვრული ფილმები, ეს იმას ნიშნავს, რომ კინოს აქვს ძალა, თეატრს აქვს ძალა და საერთოდ, ზოგადად სიტყას აქვს ძალა. ვინ თუ არა თქვენ, ეს გადასარევად მოგეხსენებათ, იმიტომ, რომ მზია ამაღლობელი არის სიმბოლო სწორედ ამ სიმამაცის და ზვიად რატიანიც უნდა ვახსენოთ, თავისთავად,“ – თქვა ლაშა ბუღაძემ.

20 აგვისტოს საღამოს, საქართველოს ეროვნული კინოცენტრი გამოეხმაურა უტა ბერიას განცხადებას, ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალზე ფილმ „ცრემლსადენი გაზის“ ჩვენების დაბლოკვის მცდელობასთან დაკავშირებით.

კინოცენტრმა დაადასტურა, რომ ფილმის საჯარო ჩვენებაზე თანხმობა არ გასცა, თუმცა ამბობს, რომ ნებისმიერი საერთაშორისო კინოფესტივალი დამოუკიდებლად ადგენს ფესტივალის პროგრამას და ამ პროცესზე ზემოქმედების მოხდენა შეუძლებელია.

კინოცენტრის თანახმად, ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ დაფინანსებულია ეროვნული კინოცენტრის მიერ და ფილმის წარმოებისთვის საპროდიუსერო კომპანიას სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული აქვს 279 625 ლარი.

„ეროვნულ კინოცენტრს საპროდიუსერო კომპანია შპს „1991 ფროდაქშენსის“ დირექტორმა წერილით აცნობა, რომ ფილმი ნაჩვენები იქნებოდა ლოკარნოს ფესტივალის სექციაში „Cineasti del Presente“, საპროდიუსერო კომპანიის მიერ მოთხოვნილი იყო ჩვენებასთან დაკავშირებით ეროვნული კინოცენტრის პოზიციის დაფიქსირება. ვინაიდან ფილმის „ცრემლსადენი გაზი“ დასრულებული ვერსია საპროდიუსერო კომპანიამ არ წარუდგინა ეროვნულ კინოცენტრს, შეუძლებელი გახდა, დადგენილი პროცედურების შესაბამისად, ფილმის საჯარო ჩვენებაზე თანხმობის გაცემა.

აღნიშნული გარემოება ეროვნულმა კინოცენტრმა 2026 წლის 24 ივლისს, შესაბამისი სამართლებრივი დასაბუთებით აცნობა ფილმის საპროდიუსერო კომპანიას. აგრეთვე, შემდგომი შესაძლო გაუგებრობის ან/და არასწორი ინტერპრეტაციის თავიდან აცილების მიზნით, ლოკარნოს კინოფესტივალს ეცნობა გარემოებები, რის გამოც ეროვნული კინოცენტრი კანონმდებლობის შესაბამისად ვერ გასცემდა თანხმობას ფილმის საჯარო ჩვენებაზე“, – ნათქვამია კინოცენტრის განცხადებაში.

კინოცენტრის თანახმად, „ცრემლსადენი გაზის“ ჩვენება შედგა 2026 წლის 12 აგვისტოს, ხოლო ეროვნულმა კინოცენტრმა საპროდიუსერო კომპანიას წერილი 2026 წლის 24 ივლისს გაუგზავნა, რაც „სრულიად საკმარისი დრო იყო საპროდიუსერო კომპანიის მიერ ეროვნულ კინოცენტრში დასრულებული ფილმის წარმოდგენისა და შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების დაცვით საჯარო ჩვენების უფლების მოპოვებისთვის“.

Exit mobile version