მოქალაქე მაკა კუტუბიძე ფეისბუქში წერს, რომ დღეს, 19 აგვისტოს, ბახმაროში გამართული დოღის დროს, მხედარმა ცხენი ვერ დაიმორჩილა, ხალხში შევარდა და 6 წლამდე გოგონა დააზიანა.

პოსტის ავტორის თქმით, გოგონას თავი აქვს დაზიანებული, თუმცა ამ ინციდენტის მიუხედავად, ღონისძიება არ შეჩერებულა.

„ჩოჩქოლმა  წამყვანიც შეაშფოთა, მაგრამ „გააგრძელეო“ უთხრეს და დოღიც გაგრძელდა.

სასწრაფო  ჩვენს წინ იდგა, თვალს ვადევნებდით, შემთხვევა ფინიშიდან პარკისკენ 300 მეტრში მოხდა.

ვფიქრობდი, სასწრაფო რატომ არ გამოიძახეს-მეთქი და ამ დროს ვიღაც კაცი მორბოდა სასწრაფოსკენ, თურმე მამა იყო. ექიმები მაშინვე ფეხით წავიდნენ, დოღი გრძელდებოდა.

უცებ დავინახე, გზიდან კი არა, მინდორ-მინდორ მოჰყავდა მამას ხელში აყვანილი ერთი ციცქნა  გოგონა, რადგან გზაზე დოღი იყო. თმები სულ სველი ჰქონდა, იმდენი წყალი ასხეს,  ეტყობა.

ექიმები უკან მოსდევდნენ, დააწვინეს მანქანაში და მანამ იყო, სანამ დოღი არ დამთავრდა.

ერთხანს წყალზე იყო გაჩერებული, მერე გიჟივით გავარდა, ცენტრალურ გზაზე მანქანების ესკორტმა შეუშალა ხელი, არც სირენა და არც პოლიციელების ხმები.

ერთხანს იქ იყო გაჩერებული, რადგან მანქანები არ აძლევდა თავისუფლად წასვლის საშუალებას.

პოლიციაც უძრავად იყო, ვითომ არაფერი, სიმღერები გაგრძელდა და გრძელდება.

იცით? ბობოლების შვილი რომ ყოფილიყო, ატყდებოდა მარა, რა ატყდებოდა, მაგრამ ის ხომ თქვენი შვილი არ იყო“, – წერს მაკა კუტუბიძე.

„ბათუმელები“ შსს-ს დაუკავშირდა და ჰკითხა, თუ რა გახდა 6 წლის გოგონას დაშავების მიზეზი და დაიწყო თუ არა გამოძიება.

შსს-ს განცხადებით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 124-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძინე დაზიანებას გაუფრთხილებლობით.

Published by ლელა დუმბაძე

ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com

Exit mobile version