ბათუმში, გორგილაძის და გრიბოედოვის ქუჩაზე, ხეებს ამერიკული თეთრი პეპელა გაუჩნდა. თეთრი პეპელა ღრღნის და აზიანებს ხის ფოთლებს, ტოტებზე კი აბლაბუდას აბამს. გორგილაძის ქუჩაზე თეთრმა პეპელამ უკვე დააზიანა ამბრის ხეები.

თეთრი პეპელას მიერ დაზიანებული ხეები გორგილაძის ქუჩაზე.

„ბათუმელები“ მერიის გამწვანების სამსახურს დაუკავშირდა და ჰკითხა, თუ მიიღეს რაიმე ზომები მავნებლების წინააღმდეგ.

როგორც მერიის შესაბამის სამსახურში გვითხრეს, გამწვანების სამსახურს უკვე დაწყებული აქვს ხეების შეწამვლა გრიბოედოვის ქუჩაზე. გორგილაძის ქუჩაზე კი ხეები დღეს, 19 აგვისტოს, დღის ბოლომდე უნდა შეიწამლოს. მათივე ინფორმაციით ამერიკული პეპელა ქალაქის სხვადასხვა ლოკაციებზეცაა დაფიქსირებული.

„გამწვანების სამსახურის სპეციალისტების მიერ, ქალაქის მასშტაბით სხვადასხვა მავნებლების წინააღმდეგ წამლობითი ღონისძიებები მიმდინარეობს. აღნიშნულ მისამართზე გეგმა-გრაფიკის მიხედვით დღის ბოლომდე შეიწამლება ხეები.

საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული სამუშაოები განმეორებით შესრულდება“ – გვწერენ გამწვანების სამსახურიდან.

საქართველოში ამერიკული თეთრი პეპელა დაახლოებით 13 წლის წინ გამოჩნდა და მასობრივი სახე მიიღო ხეების დაზიანებამ. თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ, თეთრი პეპლისგან მიღებული ზიანი შემცირდა.

თეთრი პეპელა ორ თაობას იძლევა, ადრიან ივნისსა და აგვისტოში, თუმცა, როგორც სპეციალისტები ამბობენ, მასთან ბრძოლის დაწყება ყველაზე ეფექტური, მაისის თვეშია.

 

Published by ლელა დუმბაძე

ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com

Exit mobile version