გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, 2026 წლის ეროვნულ გამოცდებზე 3 095 ნაშრომის შედეგები გასაჩივრდა.

ცენტრის ინფორმაციით, გასაჩივრების შემდეგ, შეფასება შეიცვალა 928 ნაშრომის შემთხვევაში, რაც საერთო რაოდენობის მხოლოდ 0.78%-ია. ქულა მოემატა 921 ნაშრომს, ხოლო ქულა დააკლდა 7 ნაშრომს.

ცენტრის ინფორმაციით, წელს ყველაზე მეტი – 1136 საჩივარი, ქართული ენისა და ლიტერატურის შედეგების გამო დაიწერა.  

მეორე ადგილზეა ინგლისური ენა, სადაც აბიტურიენტებმა 515 საჩივარი დაწერეს, მათემატიკაში კი 488 საჩივარი დაიწერა.

გასაჩივრებული ნაშრომების რაოდენობა დანარჩენი საგამოცდო საგნების მიხედვით:

  • ზოგადი უნარები (სომხურ ენაზე) – 23;
  • ზოგადი უნარები (აზერბაიჯანულ ენაზე) – 6;
  • რუსული ენა – 7;
  • გერმანული ენა – 1;
  • ფრანგული ენა – 0;
  • ოსური ენა – 0;
  • მათემატიკა – 488;
  • ისტორია – 340;
  • გეოგრაფია  – 38;
  • ბიოლოგია – 264;
  • ქიმია – 68;
  • ფიზიკა – 37;
  • ლიტერატურა – 31;
  • სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება – 7;
  • სამოქალაქო განათლება – 134.

ნაშრომების მთლიანი რაოდენობა 118 907 იყო.

„აბიტურიენტებს, რომლებსაც აპელაციის შედეგად შეეცვალათ შეფასება ან უარი თქვეს საპრეტენზიო განაცხადის წარდგენაზე, აპელაციისათვის გადახდილი თანხა წინასწარ გამოქვეყნებულ ვადებში წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე უკან დაუბრუნდებათ“, – აცხადებს გამოცდების ცენტრი.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2026 წლის ეროვნულ გამოცდებზე 43 000-ზე მეტი აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული.

___________________

მთავარი ფოტო: საგამოცდო ცენტრი თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში.

Published by ლელა დუმბაძე

ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com

Exit mobile version