ქობულეთის დაბა ჩაქვში, რაგბის მოედნის მშენებლობა, რომელიც 2024 წლამდე უნდა დასრულებულიყო, 2026 წლის ივლისიდან გაგრძელდა და 2027 წლის იანვარში უნდა დასრულდეს.
მშენებლობას „გლობალ სტანდარტმშენი“ აგრძელებს, რომელმაც თავის დროზე ტენდერი მოიგო, სამუშაოებიც დაიწყო, მაგრამ, მის მიერ აშენებული ნაგებობის ნაწილი გასულ წელს მოსული თოვლის დროს ჩაინგრა. დაიბზარა კედლებიც.
თუმცა, როგორც „ბათუმელების“ მიერ შესყიდვების პორტალზე ატვირთული დოკუმენტების გადამოწმებით აღმოჩნდა, მშენებარე ნაგებობებს პრობლემები თურმე თოვლის მოსვლამდეც შეექმნა.
ჩაქვში რაგბის მოედნის მოწყობაზე აჭარის პროექტების მართვის კომპანიასა და ტენდერში გამარჯვებულ „გლობალ სტანდარტმშენს“ შორის ხელშეკრულება 2022 წლის სექტემბერში დაიდო 4 310 553 ლარზე.
ხელშეკრულებაში რამდენჯერმე შეიტანეს ცვლილება. შენობის ნაწილის ჩანგრევის შემდეგ კი, სამუშაოები გარკვეული პერიოდით შეწყვიტეს.
შესყიდვების პორტალზე ატვირთული ახალი ფინანსური გეგმა-გრაფიკის მიხედვით სამუშაოები 2026 წლის 21 ივლისს გაგრძელდა და 2027 წლის 10 იანვარს უნდა დასრულდეს.
ამ დროისთვის ხელშეკრულების მთლიანი თანხა, დოკუმენტების მიხედვით, 4 310 553 ლარია, საიდანაც კომპანიისთვის უკვე გადახდილია 1 715 155 ლარი [ხელშეკრულების თანხის 40%].
ახალი გეგმა-გრაფიკით კი, კომპანიამ მომდევნო 6 თვეში 2 445 514 ლარის სამუშაოები უნდა შეასრულოს და ამით რაგბის მოედნის მოწყობა ჩაქვში წესით უნდა დასრულდეს.
რაგბის მოედნის მოსაწყობად განახლებულ სამუშაოებს ამჯერად კერძო ზედამხედველი გააკონტროლებს, რომლის შესარჩევადაც პროექტების მართვის კომპანიამ ცალკე ტენდერი 6 აგვისტოს გამოაცხადა. ამ ტენდერში წინადადებების მიღება 2026 წლის 14 აგვისტოს დასრულდება. მომსახურების სავარაუდო ღირებულება 68 850 ლარია.
ტენდერში გამარჯვებულს ევალება მშენებლობის პროცესის მიმდინარეობის სრული ზედამხედველობა, სამშენებლო ტექნოლოგიების, შესრულებული სამუშაოების პროექტთან, ხარჯთაღრიცხვასთან და მოქმედ ნორმატიულ-ტექნიკურ დოკუმენტებთან შესაბამისობის კონტროლი და სხვა.
„ბათუმელებს“ პროექტების მართვის კომპანიაში უთხრეს, რომ სამუშაოების ზედამხედველად თავიდან „სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო“ იყო, თუმცა ობიექტი ვინაიდან წლინახევრის განმავლობაში გაჩერებულია, „სამხარაულის ბიურო“ პროექტიდან გავიდა.
რა თანხა დაიხარჯა/იხარჯება ბიუჯეტიდან ჩაქვში რაგბის მოედნის მოსაწყობად
ქრონოლოგიურად რომ გავყვეთ:
- 2022 წელს 83 155 ლარი გადაუხადეს ამხანაგობა „ინჟარქიტექტია“ „რაგბის მოედნის მოწყობის სამშენებლო დოკუმენტის პროექტისა და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაში“.
- 2022 წელს 4 310 553 ლარზე გაფორმდა ხელშეკრულება „გლობალ სტანდარტმშენთან“ – ხელოვნურსაფარიანი რაგბის მოედნის მოწყობაზე.
- 2023 წელს 269 237 ლარი გადაუხადეს შპს „ვერ ბალ გრუპ“-ს „რაგბის მოედნის სამშენებლო სამუშაოების ფარგლებში ბალასტის შემოტანა, დამუშავება-გაშლა და მოსწორებაში“.
- 2024 წელს 454 525 ლარი გადაუხადეს შპს „მშენებელი 2020“-ს „ხელოვნურსაფარიანი რაგბის სტადიონისათვის სანიაღვრე არხების მოწყობაში“
- 2024 წელს 9 500 ლარი გადაუხადეს შპს „TUSKI GEOLOGY GROUP“-ს გეოლოგიური კვლევის ჩასატარებლად.
რატომ გახდა საჭირო მშენებლობის პროცესში გეოლოგიური კვლევის გადაუდებელი ჩატარება? – აჭარის პროექტების მართვის კომპანია წერს, რომ „რაგბის მოედნის მოწყობის სამშენებლო სამუშაოების ფარგლებში გამოიკვეთა ის გარემოება, რომ შენობის ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარეს [სანიაღვრე არხისიკენ] თვალშისაცემია, რომ შენობა დაწეულია და კედლებზე გაჩნდა ბზარები, რაც საჭიროებდა დამატებით გამოკვლევას.
აღნიშნულის უზრუნველყოფის მიზნით, ჩვენს მიერ სასწრაფოდ დანიშნული იქნა საინჟინრო ექსპერტიზა „სამხარაულის ბიუროში“. ბიუროს 2024 წლის 27 ივნისის დასკვნის შესაბამისად, დაწეული შენობის ტექნიკური მდგომარეობა შეფასდა დამაკმაყოფილებლად, დაზიანებების ხარისხი კლასიფიკაციის მიხედვით, მიაკუთვნა I- II ხარისხს, შენობის მდგრადობა საფრთხის შემცველი არ არის და იგი ექვემდებარება შემდგომ ექსპლუატაციას. ამასთან, გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები შემდგომი დაკვირვების მიზნით.
დღეისათვის, მოცემული შენობის დახრილობა კიდევ უფრო გაზრდილია, რის გამოც „სამხარაულის ბიუროს“ რეკომენდაციით, შემდგომი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, აუცილებელია გეოლოგიური კვლევის ჩატარება.
ასევე არსებით პრობლემას წარმოადგენს რბილი და ჭაობიანი ნიადაგის არსებობის გამო განათების ბოძების მოწყობა არსებული პროექტით მოცემულ წერტილებში და ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად.
აღნიშნულ საკითხზე საპროექტო ორგანიზაციის მიერ მომზადდა ახალი ბოძების დაბეტონების კონსტრუქციული პროექტი, რომელიც შესაბამისი დასკვნის მისაღებად წარედგინა „სამხარაულის ბიუროს“ და მოცემულ საკითხზეც საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია გეოლოგიური კვლევების განხორციელება“.
- 2026 წელს 9 900 ლარი გადაუხადეს შპს „მშენ-ექსპერტი +“-ს რაგბის მოედნის მშენებარე ობიექტზე შენობა-ნაგებობების [ადმინისტრაციული შენობა, ტრიბუნა, სან-კვანძი, ღობე] სიმტკიცისა და მდგრადობის დასადგენად ჩატარებულ ინსპექტირებაში.
აჭარის პროექტების მართვის კომპანია ამ შემთხვევაში აცხადებდა, რომ „ტერიტორიაზე განვითარდა არათანაბარი ჯდენები“. კერძოდ: „ადმინისტრაციული ნაწილის ერთი ფლიგელის საძირკვლებში განვითარებულმა არათანაბარმა ჯდენებმა გამოიწვია შენობის კონსტრუქციის ცალკეული ნაწილების რღვევა, რის საფუძველზეც წარმოიშვა აუცილებლობა არსებული შენობა-ნაგებობების [ადმინისტრაციული შენობა, ტრიბუნა, სან-კვანძი, ღობე] კონსტრუქციული ექსპერტიზის ჩატარება, შენობა-ნაგებობების სიმტკიცისა და მდგრადობის დადგენის მიზნით.“
- 2026 წელს 68 850 ლარით გამოცხადებულია ტენდერი, განახლებული სამუშაოების ზედამხედველის შესარჩევად.
რა თანხა გადაუხადეს „სამხარაულის ბიუროს“, შესყიდვების პორტალზე ამის შესახებ ინფორმაცია ვერ მოვიძიეთ.
„იყო თოვლის მიზეზიც… ამასთან, ჩატარდა დამატებით ექსპერტიზაც და შესაბამისად, იგივე კომპანია აგრძელებს სამუშაოებს პროექტის და დასკვნების შესაბამისად“, – გვითხრეს „პროექტების მართვის კომპანიაში“.
ზემოთ აღნიშნულ მონაცემებს შეჯერებით, ირკვევა, რომ ჩაქვში რაგბის მოედნის მოწყობისთვის აჭარის ბიუჯეტიდან სულ ცოტა 5 მილიონი ლარი დაიხარჯება. დაპროექტება-მშენებლობას კი 5 წელი დასჭირდა, ესეც იმ შემთხვევაში, თუ პროექტი 2027 წელს დასრულდება.
მთავარი ფოტო: ჩაქვის რაგბის მოედანი / თოვლის დროს ჩამონგრეული შენობა და რენდერები პროექტიდან
ამ თემაზე:
დაიბზარა და ჩამოინგრა შენობა, რომლის აშენებაზეც ბიუჯეტიდან 1.7 მილიონი დაიხარჯა – ვიდეო