„ემიგრაციაში წასულმა ადამიანმა, როგორც იქნა, ბათუმში ბინა ვიყიდე… ჩავკეტე ბინა და ისევ ემიგრაციაში წავედი. ემიგრაციაში ვიყავი, როცა მითხრეს, შენს ბინაში ვიღაც შესულა, კარი გაუტეხავთო,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ მოქალაქე ზეინაბ მახარაძე.

„ვიღაც“, რეესტრის მიხედვით, ემიგრანტის ქალის მიერ შეძენილი ბინის ოფიციალური მესაკუთრე აღმოჩნდა. ბინა ბათუმში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე ემიგრანტმა ე.წ. შიდა განვადებით იყიდა. მას რეესტრში ბინა დარეგისტრირებული არ ჰქონდა. ვიდრე ემიგრანტი საქართველოში დაბრუნდებოდა და შიდა განვადებას საბოლოოდ დაასრულებდა, აღმოჩნდა, რომ ბინა სამშენებლო კომპანიას სხვა პირზე გაუყიდია.

სამოქალაქო საქმე სასამართლოშია 2025 წლის ნოემბრიდან, თუმცა ჯერ ერთი სხდომაც არ ჩატარებულა.

ეს არაა ერთადერთი შემთხვევა ბათუმში, როცა მოქალაქე ამბობს, რომ სამშენებლო კომპანიის თაღლითური სქემის მსხვერპლი გახდა – „ბათუმელები“ ასევე წერდა მარტოხელა დედის შესახებ, რომელიც ამბობდა, რომ 15 ათასი დოლარის გადახდის მიუხედავად, ქუჩაში დარჩა.

„ქუჩაში დავრჩი შვილთან და მცირეწლოვან შვილიშვილებთან ერთად, შვილი და შვილიშვილები ნაქირავებში ახლა არიან, მე ხან ვისთან ვცხოვრობ, ხან – ვისთან, რადგან ნაქირავებში სივიწროვეა და ყველა ვერ ვეტევით… 2025 წლის ნოემბერში მივმართე ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით, მას შემდეგ, რაც ჩემი ბინა სხვამ გაიფორმა, სარჩელის შეტანიდან რამდენი დრო გავიდა და ერთი სხდომაც კი არ ჩატარებულა,“ – გვითხრა ზეინაბ მახარაძემ.

სამოქალაქო საქმეების განხილვას სასამართლოებში გადატვირთულობის გამო წლები სჭირდება. იმის გამო, რომ „ოცნების“ მთავრობას  სასამართლოს გადატვირთულობის პრობლემის მოგვარება არ სურს და სისტემაში ახალი მოსამართლეების შეშვება, მოქალაქეები ზარალდებიან, მათ შორისაა ზეინაბ მახარაძეც. მისი თქმით, არც პროკურატურა იძიებს ეფექტურად თაღლითობის შემთხვევას.

ზეინაბ მახარაძე სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელია. იგი გვიყვება, რომ სკოლაში არ უმუშავია, სახლში ამზადებდა ბავშვებს. ბინის შეძენის შემდეგ კი ქალი ემიგრაციაში წავიდა – ბინის საფასური რომ სრულად დაეფარა.

ბინა ბათუმში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე ზეინაბ მახარაძეს 2019 წელს კომპანია „ენ-დემ ჯგუფისგან“ შეუძენია – 54.9 კვ. მეტრი 15 400 აშშ დოლარად.

„მაშინ დის ბინაში ვცხოვრობდი და წამებულის ქუჩაზე შევამჩნიე შემოღობილი ადგილი, მითხრეს, რომ კორპუსის აშენებას გეგმავდნენ. ვიფიქრე, აქ შედარებით იაფი იქნება ბინები და იქნებ შევძლო ბინის-ყიდვა-მეთქი…

დაველაპარაკე კომპანიას და შევთანხმდით, რომ ნაწილ-ნაწილ ჩავურიცხავდი კომპანიას ანგარიშზე თანხას. ბინის რეესტრში რეგისტრაცია არც მიჩქარია, ვიფიქრე, დავფარავ ჯერ ამ თანხას და მერე მივიდოდით რეესტრში… ჯერ კორპუსი აშენდა, მერე რემონტი, ბინაში ნაწილობრივ ავეჯიც მქონდა შეტანილი,“ – გვიყვება ზეინაბ მახარაძე და ხაზს უსვამს იმას, რომ შეცდომა, რაც ბინის შეძენამდე დაუშვა, იურისტებთან კონსულტაციის არქონაა.

„იურისტთან დალაპარაკება აუცილებელია. არ ვიცი ეს შეცდომა როგორ დავუშვი, ალბათ ვერ წარმოვიდგინე, რომ ასე დამემართებოდა… სხვებსაც მინდა მივმართო: ნებისმერ რამეს, რასაც იყიდიან, უნდა გაიარონ შესაბამის პირთან კონსულტაციები, რადგან იმავე მდგომარეობაში არ აღმოჩნდნენ, როგორც მე,“ – ამბობს ზეინაბ მახარაძე.

მოქალაქე ზეინაბ მახარაძესთან კომპანია „ენ-დემ ჯგუფს“ არა ნასყიდობის ხელშეკრულება, არამედ „სამომავლო ნასყიდობის შეთანხმება“ გაუფორმებია, სადაც საერთოდ არაა საუბარი საცხოვრებელი ბინის რეგისტრაციაზე. შეთანხმებაში წერია, რომ მოქალაქეს კონკრეტული ბინის სამომავლოდ შეძენის სანაცვლოდ, ყოველთვიურად 400-400 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა წლებზე გადანაწილებული განრიგის შესაბამისად, ხოლო თუ სამომავლო მყიდველი ამ თანხას ვერ გადაიხდიდა, ბინა გასხვისდებოდა და გადახდილი თანხის 85% მას უკან დაუბრუნდებოდა.

„რომ გამიჭირდა, ამიტომაც წავედი გერმანიაში, სახლების დალაგებაზე ვმუშაობდი… იქ ვმუშაობდი წლები, რომ ჩემს შვილიშვილებს ბინა ჰქონოდათ,“ – გვიყვება ზეინაბ მახარაძე, – „ემიგრაციაში ყოფნის დროს, 2025 წელს გამოვგზავნე საყოფაცხოვრებო ნივთები ბინისთვის, მივიდნენ ბინასთან ჩემი და და ძმა – ბინის კარი დახვდათ გატეხილი, ხოლო ჩემი ნივთები სადღაც გაზიდული…

იქედანვე დავუკავშირდი კომპანა „ენ-დემ კგუფის“ ერთ-ერთ მეწილეს და დირექტორს – ჯუმბერ შოთაძეს, რა ხდება-მეთქი. დამამშვიდა, არაფერი არ ხდება, ახალი წლისთვის ბინა თავისუფალი იქნებაო… მითხრა, რომ ფინანსური კრიზისი აქვს, მევახშის თანხა დასჭირდა და ჩემი ბინა ჩადო იმისთვის, რომ ფული მევახშისგან სესხად აეღო, შემდეგ თანხა ვერ გადაიხადა და ბინა მევახშემ მიისაკუთრა.

შემდეგ გავიგე, რომ რამდენიმე სხვა ოჯახი ჩემსავე კორპუსში იგივე პრობლემის წინაშე იყო – მათი ბინა, რომელიც თითქოს შიდა განვადებით შეიძინეს იმ იმედით, რომ კომპანია გადაუფორმებდა ბინებს, მოულოდნელად სხვისი საკუთრება აღმოჩნდა.

დავბრუნდი 2025 წლის ოქტომბერში, მაგრამ ჩემს ბინაში ვეღარ შევედი. 112-ს დავურეკე, მოვიდნენ პოლიციელები და მითხრეს, ვერ შეხვალთ, ეს საციხო საქმეა, ამ ბინას სხვა მესაკუთრე ჰყავსო.

შევხვდი რეესტრში დაფიქსირებულ მესაკუთრეს, რომელიც ამბობს, რომ კეთილსინდისიერი შემძენია, მაგრამ დოკუმენტებით ჩანს, რომ 2022 წელს შეუძენია ჩემი ბინა, ანუ გააფორმა ნასყიდობის ხელშეკრულება და 2025 წელს დარეგისტრირდა მესაკუთრედ საჯარო რეესტრში. 2022 წელს რომ შეიძიბა ბინა, არ დაინტერესდა, რა ბინა შეიძინა, სად შეიძინა? მე ამ ბინიდან სარგებელი უნდა მივიღო: ან გავაქირავო, ან გავყიდოო, ასე მითხრა,“ – ამბობს ზეინაბ მახარაძე.

მისივე თქმით, კომპანია წერილობით არ უდასტურებს იმას, რომ მევახშემ ჩაიგდო ხელში მისი ბინა და ამ გზით დასაკუთრებული ქონება უკანონოა.

სასამართლო სხდომა არ გამართულა, თუმცა მოსამართლე ეკატერინე კახნიაშვილს დაუკმაყოფილებია ბინის დაყადაღების მოთხოვა: სასამართლო სხდომის დასრულებამდე რეესტრში დაფიქსირებულ მესაკუთრეს აღარ აქვს უფლება, ბინა გაასხვისოს, ან გაყიდოს.

მესაკუთრე, რომელსაც წამებულის ქუჩაზე ემიგრანტის ბინა შეუძენია, სასამართლოს შესაგებელში ამბობს, რომ იგი კეთილსინდისიერი შემძენია. მან პირიქით მოსთხოვა ემიგრანტს ზიანის ანაზღაურება იმ კუთხით, რომ კეთილსინდისიერად შეძენილ ბინას ვერ იყენებს. ეს მოთხოვნა ბათუმის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

ზეინაბ მახარაძე სასამართლოში ბინის დაბრუნებას ითხოვს და მესაკუთრესა და კომპანიას შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად მიჩნევას. მისი მოპასუხეა, როგორც კომპანია „ენ-დემ ჯგუფი“, ასევე, ბინის მესაკუთრე.

„მე 2300 დოლარი მქონდა კომპანიისთვის მისაცემი. თუ მაგვიანდებოდა თანხის გადახდა, წინასწარ ვაფრთხილებდი ამის შესახებ კომპანიის ხელმძღვანელს, ჯუმბერ შოთაძეს. ის ვერ იტყვის, რომ თანხას მე არ ვიხდიდი, რადგან ბანკით ვრიცხავდი თანხას კომპანიის ანგარიშზე და მითითებულია დანიშნულებაც, რომ ჩემი ბინის ფულს ვიხდიდი. მე საბანკო ამონაწერებიც წარვადგინე სასამართლოში.

როცა ჩემს ბინაში პოლიცია არ მიშვებს, მე კითხვა მაქვს პოლიციასთანაც: როგორ გატეხეს ჩაკეტილი ჩემი ბინის კარი და შევიდნენ? ჩემი ნივთები და ავეჯი თურმე სადღაც ცალკე დააწყვეს და რა უფლებით? არავითარი აღსრულება არ იყო ამ პროცესში ჩართული.

ისევ უსამსახუროდ ვარ, მაგრამ ვერ წავალ ისევ ემიგრაციაში, ვიდრე ბინას არ დავიბრუნებ.

არ ვიცი, რატომ არ გვაქცევს ყურადღებას სასამართლო, ეტყობა, არ სცალიათ, ან არ თვლიან საჭიროდ, რომ მოქალაქეების პრობლემები მოაგვარონ, მით უმეტეს, როცა ქუჩაში რჩება ადამიანი,“ – გვითხრა ზეინაბ მახარაძემ.

როგორ აღმოჩნდა ემიგრანტის მიერ შეძენილი ბინა სხვა პირის საკუთერება? – „ბათუმელებმა“ სცადა სამშენებელო კომპანია „ენ-დემ ჯგუფთან“ დაკავშირება, თუმცა მითითებულ ტელეფონის ნომერზე არავინ გვიპასუხა. საჯარო რეესტრის მონაცემემით, კომპანია „ენ-დემის“ 50 % ჯუმბერ შოთაძეს ეკუთვნის, 50% – ნათელა ცინცაძეს.

ჯუმბერ შოთაძის მობილური ტელეფონი გამორთული აღმოჩნდა, მასთან ზარი გავიდა watsapp-ის აპლიკაციით, თუმცა ჩვენს ზარსა და შეტყობინებას არავინ უპასუხა.

ზეინაბ მახარაძის თქმით, კომპანიის კიდევ ერთი მესაკუთრე ნოდარ ცინცაძეა.

„ვერაფერს გეტყვით, არაფერი არ ვიცი ამ შემთხვევის შესახებ, მე აღარ ვარ ამ კომპანიაში, გამომაძევეს, მიმართეთ ჯუმბერ შოთაძეს… მე აკრძალული მაქვს მასთან მიახლოვება, სასამართლოშია საქმე, 118-ე მუხლზე,“ – მხოლოდ ეს გვითხრა ტელეფონით დაკავშირების დროს ნოდარ ცინცაძემ.

სსკ-ის 118-ე მუხლი, რაზეც ნოდარ ცინცაძემ მიგვითითა, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

Exit mobile version