„იმ დღეს საავადმყოფოში მორიგე ვიყავი, როცა დაჭრილი მოიყვანეს, სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები ჰქონდა, სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა ჭრილობით, ძლიერი სისხლდენა,“ – უთხრა მოსამართლე ნინო სახელაშვილს ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმმა, ლევან კონცელიძემ, რომელმაც 30 ივლისს სასამართლოს მოწმის სახით ჩვენება მისცა.
მკვლელობის მცდელობის ჩადენას განსაკუთრებული სისასტიკით პროკურატურა ტარიელ მ.-ს ედავება. საუბარია 2026 წლის 11 იანვარს, დაბა შუახევში მომხდარ შემთხვევაზე: დაზარალებულად მიჩნეული კაცი მობილური ტელეფონით, მესინჯერით ბათუმში მყოფ შვილს ესაუბრებოდა. ამ დროს მას, პროკურატურის ვერსიით, თავში ნაჯახი ჩაარტყეს.
„გვითხრა, რომ პირდაპირ მესინჯერით საუბრის დროს დაინახა, როგორ იყო მამა დალეწილი – ეს მის მიერ ნახსენები ტერმინია,“ – ეს მოსამართლეს ფსიქოლოგმა, თამარ ქამადაძემ უთხრა, მან შუახევში დაჭრილი კაცის შვილის [21 წლამდე პირი] ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ მოამზადა ფსიქოლოგიური დასკვნა.
ფსიქოლოგის თქმით, დაზარალებულად მიჩნეულ გურამ დ.-ს, რომელმაც მამა „დალეწილი“ ნახა, არ დაუნახავს უშუალოდ დარტყმის მომენტი და ის, თუ ვინ ჩაარტყა მამას.
„ეს ტერმინი „დალეწილი“ შეფასდა, როგორც მატრამვირებელი გამოცდილება…,“ – განაგრძო ფსიქოლოგმა,“ – „ის არ განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას, მან განიცადა ფსიქოლოგიური ტრავმა…
გვითხრა, რომ ტარიელ მ. [ბრალდებული] ჩემი ოჯახის ახლობელია და ვერ წარმოვიდგენდი, თუ ამას ჩაიდენდაო, მამა იმეორებდა, რომ თუ რამე დამემართება, იცოდე, ამ კაცის [ბრალდებულის] ბრალი იქნებაო.
გურამი [დაჭრილი კაცის შვილი] ამბობდა, რომ მამა გულისხმობდა ფინანსურ პრობლემას… მერე დავინახე, მამას სახე დალეწილი ჰქონდა, მამას ხელიდან ტელეფონი დაუვარდაო,“ – დაახლოებით ამ სიტყვებით აღნიშნა ფსიქოლოგმა ის, რაც დაჭრილი კაცის შვილისგან მოისმინა.
„გულწრფელი იყო, როცა ის ამას გიყვებოდათ?“ – ჩაეკითხა მოწმეს ბრალდებულის ადვოკატი, თეონა ნიკოლაიშვილი.
„ეს თანხვედრაში არ იყო ოქმში მონაყოლთან… რადგან არასრუწლოვანი იყო, თავი შევიკავე დამატებითი კითხვებისგან“, – ადვოკატს უპასუხა ფსიქოლოგმა.
საინტერესო აქ ეს დეტალია – როგორც პროკურომა ოლღა მერებაშვილმა სასამართლო სხდომაზე აღნიშნა, დაჭრილი კაცის შვილმა თავდაპირველად პოლიციაში გამოკითხვის დროს გამომძიებელს უთხრა, რომ მესინჯერის ვიდეოზარით საუბრის დროს მან დაინახა, როგორ ჩაარტყეს მამას თავში ნაჯახი.
ადვოკატები კი, მიუთითებენ იმასაც, რომ დაჭრილი კაცი სასამართლოში უკვე გამოცხადდა და განაცხადა: შვილს კი ვესაუბრებოდი მესინჯერით, მაგრამ ჩამეძინა, როცა თავში ჩამარტყეს და არ ვიცი, ვინ რა ჩამარტყაო.
პროკურატურის ვერსიით, ნაჯახის თავში ჩარტყმამდე ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის სიტყვიერი შელაპარაკება იყო. დღეს ამ დეტალებზე საუბარი დაცვის მხარეს არ სურს, რადგან „ბრალდებული დუმილის უფლებით სარგებლობს“.
„ბრალდებულს ჰქონდა სხეულზე დაზიანებები, ეს დადასტურებულია ექსპერტიზით. მას მრავლობითი დაზიანება აღენიშნებოდა ძირითადად სახის და თავის არეში, ყურის, თვალ-ბუდის არეში. ეს იყო მძიმე, ბლაგვი საგნით მიყენებული დატყმის შედეგი.
ისინი ნაცნობი იყვნენ ერთმანეთისთვის… დაზარალებული იყო არაფხიზელ მდგომარეობაში, ჩვენი ინფორმაციით, გაუგებარია, ის რას ითხოვდა,“ – გვითხრა ადვოკატმა მალხაზ ზოიძემ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ.
„5 საათი და რამდენიმე წუთი დასჭირდა ოპერაციას… ჩვენთან შუახევიდან გადმოიყვანეს,“ – როცა ეს ახსენა ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმმა, ლევან კონცელიძემ, პროკურორმა დასძინა, პრაქტიკულად ექიმებმა გადაარჩინეს დაზარალებულიო.
„ეს იყო ბასრი საგნით მიყენებული ჭრილობა,“ – აღნიშნა ექიმმა თავში დაჭრილი კაცის შესახებ, რომელსაც ოპერაცია ჩაუტარა.
„შეიძლება ეს საგანი ყოფილიყო ნაჯახი?“ – იკითხა პროკურომა, თუმცა ეს შეკითხვა ადვოკატმა მალხაზ ზოიძემ გააპროტესტა: ვარაუდს ხომ არ უნდა ეყრდნობოდეს მოწმის ჩვენებაო. მოსამართლემ განრიდება დააკმაყოფილა. პროკურორმა სხვა ფორმულირებით დასვა იგივე შეკითხვა:
„მაშინ ჩამოგვითვალეთ, რომელი საგნებით შეიძლება ყოფილიყო ეს ჭრილობა მიყენებული?“ – მიუბრუნდა მოწმეს პროკურორი.
„ცული ალბათ, დაახლოებით… მე შემიძლია გითხრათ ჭრილობის მასშტაბი,“ – თქვა ექიმმა და სახის დაზიანების დეტალურად აღწერის შემდეგ დაამატა, კაცს მარჯვენა ხელის იდაყვზეც ჰქონდა კანი დაზიანებულიო.
„მინიმუმ რამდენჯერ შეიძლებოდა ყოფილიყო ბასრი საგნით ზემოქმედება დაზარალებულზე?“ – მოწმეს ჰკითხა ისევ პროკურმა ოლღა მერაბიშვილმა.
„ორი მინიმუმ, ერთი – გამორიცხულია,“ – მოკლედ თქვა მოწმემ.
დღესვე მოსამართლემ ამ საქმეზე ფსიქიატრიული ექსპერტიზის ერთ-ერთი ავტორის ჩვენება მოისმინა, რომლის დასკვნითაც ბრალდებული ფსიქიკურად დაავადებული არ არის. მოწმის, აკაკი ტყემალაძის თქმით, მასთან საუბარში ტარიელ მ.-ს ბრალდება არ უარყვია.
„მაგრამ მან ეს დაუკავშირა თავდაცვით მდგომარეობას,“ – აღნიშნა ექსპერტმა.
შემდეგ სხდომაზე სასამართლოს ჩვენება დაჭრილის კაცის შვილმა უნდა მისცეს. ბრალდებულს კი ჯერ არ გადაუწყვეტია, მისცემს თუ არა ჩვენებას სასამართლოს.