29 ივლისს, საღამოს, ჩრდილოეთ ირლანდიაში, ქალაქ არმაში, Irish PEN-ზე გამართულ ღონისძიებაზე, „წერის თავისუფლება“ – მონაწილეებმა ღია ბარათები მისწერეს პატიმრობაში მყოფ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელსა და ჟურნალისტს, მზია ამაღლობელს.

Irish PEN-ის მაყურებლებმა სულ 84 ბარათი მისწერეს მზია ამაღლობელს, ციხეში გასაგზავნად, საერთაშორისო სოლიდარობის ნიშნად.

ქალაქ არმაში, ჯონ ჰიუიტის საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში გამართულ Irish PEN-ის ღონისძიებაზე, სცენაზე ცარიელი სკამი დატოვეს იმის სიმბოლოდ, რომ მზია, რომელიც 2025 წლის იანვრიდან პატიმრობაშია, ღონისძიებას ვერ ესწრებოდა. 

„მზია ამაღლობელი 2025 წლის იანვრიდან უკანონოდ იმყოფება პატიმრობაში. მას წილად „ხვდა პატივი“, იყოს პირველი ქალი ჟურნალისტი, რომელიც საქართველოში, 1991 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, პოლიტიკური მოტივით დააპატიმრეს…

„ძალიან ამაღელვებელი იყო იმის დანახვა, თუ როგორ დაუჭირა მხარი მას ათასობით მილის დაშორებით, არმაში შეკრებლიმა ამდენმა ადამიანმა. დიდი ხანია დადგა მზიას გათავისუფლების დრო“, – განაცხადა მზია ამაღლობელის საერთაშორისო ადვოკატმა, კილან გალაგერმა.

მან ხაზი გაუსვა მთელ მსოფლიოში, მათ შორის მზიას მიმართ, ჟურნალისტებისთვის მზარდ საფრთხეებს.

„ადამიანები ყველგან აღფრთოვანებულნი და შთაგონებულნი არიან მზიას უტეხი სიმამაცითა და სახელმწიფო ბულინგისადმი წინააღმდეგობის გაწევის ისტორიით“, – აღნიშნა ლია მილსმა, Irish PEN-ის წარმომადგენელმა.

Irish PEN არის ორგანიზაცია, რომელიც მხარს უჭერს მწერლებს მთელ მსოფლიოში და უწევს პოპულარიზაციას ირლანდიურ ლიტერატურას. ორგანიზაცია თავის ღონისძიებებზე ცარიელ სკამს ყოველთვის უთმობს იმ მწერალს ან პერსონას, რომელიც შეხვედრას ვერ ესწრება.

ღონისძიება ჯონ ჰიუიტის 39-ე საერთაშორისო საზაფხულო სკოლის ფარგლებში გაიმართა და ხაზი გაუსვა საერთაშორისო საზოგადოების მზარდ შეშფოთებას საქართველოში მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით, სადაც მზიას პატიმრობა დამოუკიდებელ ჟურნალისტიკაზე ზეწოლის სიმბოლოდ იქცა.

ფოტო: საიმონ რობინსონი

Published by ნანა კვაჭაძე

ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com

Exit mobile version