ბათუმის საზღვაო ნავსადგურის საერთო ტვირთბრუნვა მიმდინარე წლის პირველ ნახევარში გაიზარდა და 4 მლნ 24 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2025 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 8%-ით მეტია.
ინფორმაციას ამის შესახებ ნავსადგურის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„ტვირთბრუნვის ზრდა ადასტურებს პორტის მომსახურებაზე სტაბილურ მოთხოვნასა და ტვირთნაკადების მოსაზიდად გაწეული სამუშაოების ეფექტიანობას.
გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდში ნავსადგურმა შემოსავლების გაზრდისკენ მიმართული ინიციატივები განახორციელა.
2026 წლის 1 მაისიდან ამოქმედდა ახალი ტარიფები საპორტო მოსაკრებლებზე. აღნიშნული გადაწყვეტილება 2026 წლის ბოლომდე უზრუნველყოფს დამატებით შემოსავალს, დაახლოებით, 1 მლნ აშშ დოლარის ოდენობით.
ამასთანავე, 2026 წლის 1 იანვრიდან გაიზარდა კარბამიდის ტერმინალის მომსახურების ტარიფი, რაც წლის ბოლომდე დამატებით, დაახლოებით, 200 ათასი აშშ დოლარის შემოსავლის მიღების საშუალებას მოგვცემს,“ – ნათქვამია ბათუმის საზღვაო ნავსადგურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.