„ოცნების“ მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში [სუს] „მოსამსახურის დღე“ და „სამსახურის ეროვნული ჯილდო“ დააწესეს. ჯილდო სამკერდე ნიშანს და ფულად გასაცემელს მოიცავს 10 ათასი ლარის ოდენობით.

ირაკლი კობახიძემ 2026 წლის 24 ივლისს მოაწერა ხელი შესაბამის დადგენილებებს, რომლებიც 21 ივლისიდან ამოქმედდა.

სუს-ში „ხელფასისა [თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების] და ხელფასზე [ფულად სარგოზე] დანამატის ოდენობების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში შეტანილი ცვლილებით, აღნიშნულ წესს დაემატა შემდეგი პუნქტი:

„სამსახურის მოსამსახურეს გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისათვის ან/და სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისათვის ან/და სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესების დაცვაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის, რამაც ხელი შეუწყო სამსახურის მუშაობის საერთო ეფექტიანობას, შესაძლებელია, მიეცეს სამსახურის სამკერდე ნიშანი – „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ეროვნული ჯილდო“ და მასთან ერთად ერთდროული ფულადი გასაცემელი – 10 000 ლარის ოდენობით.“

სუს-ის დებულებაში შეტანილი ცვლილებით კი, დებულებას დაემატა შემდეგი პუნქტი:

„დაწესდეს სამსახურის მოსამსახურის დღე და აღინიშნოს ყოველი წლის 1 აგვისტოს.“

აღსანიშნავია, რომ სუს-ი მიმდინარე წლის 1-ელ აგვისტოს საზეიმო ღონისძიების ჩატარებას გეგმავს სამსახურის დაარსების დღესთან დაკავშირებით.

ვინაიდან პირველი აგვისტო უკვე სუს-ის „მოსამსახურის დღეცაა“ და ჯილდოც დაწესებულია, ალბათ „გამოჩენილ“ სუს-ელებს ამ ზეიმზე დააჯილდოებენ კიდეც.

საზეიმო ღონისძიების ორგანიზებაში კი, სუს-ი ტენდერის გარეშე, 80 ათას ლარს დახარჯავს.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 22 ივლისის განკარგულებაში აღნიშნულია, რომ „დაკმაყოფილდეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მომართვა და შემსყიდველ ორგანიზაციას მიეცეს თანხმობა, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით შესყიდვის დასადგენად მიმართოს საქართველოს მთავრობას.“

ამ თემაზე:

სუს-ში დაარსების დღე უნდა იზეიმონ, რაშიც 80 ათას ლარს უტენდეროდ ხარჯავენ

 

 

 

Published by თედო ჯორბენაძე

თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com

Exit mobile version