„როცა ცხოვრობ დიქტატორის განმტკიცების, ფეხის მოკიდების პირობებში, იქ აუცილებლად იქნება თავისუფალ ადამიანებზე ნადირობა და ამას ეროვნული მნიშვნელობის ამოცანადაც გამოგვიცხადებენ. მთავარია, არ შევეგუოთ და სასოწარკვეთას არ მივეცეთ.

ვახო სანაიას პოსტი ჩემთვის შესანიშნავი პროტესტი იყო სიტყვისა და აზროვნების წინააღმდეგ დაწყებული შეზღუდვების გამოხატვისთვის.

რომელ ტრიბუნასთან და რა სტატუსითაც არ უნდა წარსდგეს ბატონი პაპუაშვილი, ვახოს პატიმრობის განაჩენის შემდეგ, მჯერა, ყოველ ჯერზე, ვახოს ფეისბუქის სტატუსის ეპითეტით გაახსენდება ის საზოგადოებას.

თუ რეპრესიული კანონისთვის ვახოს პატიმრობა იყო სამართალი, მაშინ მოისმინეთ და შეირგეთ იმ ხალხის გულწრფელი ხმაც, რომელიც ისმის – დაილოცოს ქართული სიტყვის მადლი.

მადლობა ვახოს. როგორც მაყურებელი ველოდები მის გათავისუფლებას და ტელეეთერს“, – ამბობს მზია ამაღლობელი, რომელიც უკვე თითქმის 19 თვეა უკანონო პატიმრობაშია.

___

22 ივლისს, მოსამართლე ზვიად ცეკვავამ 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა „ფორმულას“ ჟურნალისტს, ვახო სანაიას, შალვა პაპუაშვილისა და ლადო ბოჟაძის სოციალურ ქსელში შეურაცხყოფის საბაბით.

Published by ეთერ თურაძე

ეთერ თურაძე არის გაზეთ "ბათუმელების" მთავარი რედაქტორი 2001 წლიდან

Exit mobile version