„კამერა მივაწოდე, არაფერი მეტი, მალე მოვიდნენ ბიჭებიც და გამოვიყვანეთ“, – ასე გვიყვება ლელა ფარტენაძე ამბავს, რომელზეც საზოგადოება სოციალურ ქსელში აქტიურად წერს და გმირობას უწოდებს, ლელას კი – ამ ამბის გმირს.

ლელა ამბობს, რომ „კამერა მიაწოდა და არაფერი მეტი“, მაგრამ თვითმხილველები ფეისბუქზე წერენ, რომ ბიჭის გადარჩენას სხვებიც შეეცადნენ, მაგრამ „ამ გოგომ ყველაზე მეტად გარისკა.“

შემთხვევა საღამო ხანს, ბათუმის სანაპიროზე მოხდა, „სანრემოს“ მიმდებარედ 20 წლის ბიჭი ზღვაში ტივტივაზე ოდნავ შორს იყო გასული, ყვიროდა და შველას ითხოვდა.

ამ დროს სანაპიროზე იყო და სახლში წასასვლელად ემზადებოდა ლელა ფარტენაძე. ის მცირეწლოვან შვილთან, მულთან და მის შვილებთან ერთად იყო, როცა საფრთხეში ჩავარდნილი ბიჭის ხმა გაიგო.

ლელა არც კი დაფიქრებულა, დაუყოვნებლივ გადახტა წყალში, სწრაფად გაცურა და ე.წ. დამცავი კამერა მიუტანა მას, ბიჭი კამერას დაეყრდნო, ამ დროს მიუახლოვდნენ სხვებიც და ახალგაზრდა ნაპირზე უსაფრთხოდ გამოიყვანეს.

„ბავშვს ჩავაცვი, ის იყო წასვლას ვაპირებდით, როცა ხმა გავიგე. ცურვა კარგად ვიცი, ბათუმში გავიზარდე, ახლა თბილისში ვცხოვრობ, როცა დავოჯახდი იქ გადავედი.

მსგავსი შემთხვევა არასდროს მქონია, ერთადერთი, რაც ვიცი, არის ის, რომ პანიკაში მყოფ ადამიანს წყალში უკანა მხრიდან უნდა მოუახლოვდე, მხრებში უნდა მოკიდო ხელი, მე ეს არ დამჭირვებია, კამერა გავუტანე, მალევე კაცები მოვიდნენ და ისინი დაეხმარნენ, ერთად გამოვიყვანეთ.“

ლელას სიმამაცის ამბავი ფეისბუქზე  გავრცელდა. ლელა ამბობს, რომ ძალიან ბედნიერია, როცა ხალხი პოზიტიური კომენტარებით ეხმაურება მის ამბავს:

„იმდენი მეხმიანება და მლოცავს, როცა ამას ვკითხულობ, ძალიან ბედნიერი ვარ, მეც და ჩემს ოჯახიც. მეუღლეც ბედნიერია, ისიც კი არ უთქვამს – გარისკეო და ასე შემდეგ. მითხრა, ამხელაა მადლი რომ გააკეთე, ძალიან ბედნიერი ვარო. ყველას მადლიერი ვარ, ძალიან დიდი მადლობა“.

ლელა ფარტენაძე ოჯახთან ერთად

ლელას გადარჩენილი ბიჭის მამიდამ დაურეკა, უთხრა, რომ ბიჭი კარგად არის.

ლელა პროფესიით ექთანია, თუმცა ამ მიმართულებით არ მუშაობს, ახლა ბაგა-ბაღშია დასაქმებული.

ლელა  გვიყვება, რომ ბავშვობიდან ცურავს, თუმცა შორს გასვლას აღარ რისკავს: „ახლა უკვე პატარა მყავს, არ ვრისკავ“, თუმცა სხვის გადასარჩენად შორს გასვლაზე არ უყოყმანია.

Exit mobile version