ბოლო რამდენიმე დღეა, უკრაინის სამხედროებმა იერიში მიიტანეს რუსულ უმსხვილეს ონლაინ სავაჭრო ქსელის Wildberries-ის სათაო ოფისებზე. უკრაინული და სხვა გამოცემების მიხედვით, განადგურებულია კომპანიის საწყობების 552 000კვ.მეტრი ფართობი, რაც ბაზრის ლოჯისტიკური შესაძლებლობების დაახლოებით 10%-ია.
კომპანია Wildberrie-ი, რუსეთში ერთ-ერთ უმდიდრეს ქალს ტატიანა კიმს ეკუთვნის. თუმცა 2024 წლის ზაფხულში Wildberries-ი შეუერთდა რუსეთის უმსხვილეს სარეკლამო ოპერატორს, Russ Group-ს. ამ გაერთიანების შედეგად შეიქმნა ახალი კომპანია სახელწოდებით RVB (РВБ).
ახალ კომპანიაში კიმს 65%-ი ეკუთვნის, 35%-ი კი კომპანია „სტუნს“, რომლის უკანაც ძმები მირზოიანები დგანან. როგორც დასავლური მედიები (მაგალითად, Forbes და The Bell) წერენ, ამ კომპანიების გაერთიანების მომხრე თავად პუტინი იყო, რადგან მას სურდა რუსეთში Amazon-სა და დასავლური SWIFT-ის ალტერნატივა შეექმნა, რომელიც მას სანქციების გვერდის ავლაში დაეხმარებოდა.
რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, Wildberrries დასანქცირებულია აშშ-ის, პოლონეთისა და უკრაინის მიერ, რადგან როგორც სხვადასხვა გამოძიებიდან ირკვევა, ეს კომპანია ერთ-ერთი მთავარი პლატფორმა გახდა, რომლის საშუალებითაც რუსი სამხედროები, მოხალისეები და კერძო შემწირველები ფრონტის ხაზს, მაგალითად, დრონებით ამარაგებენ.
პლატფორმაზე მასობრივად იყიდება დრონები, თერმული ვიზორები, ჯავშანჟილეტები, ტაქტიკური ტანსაცმელი და კავშირგაბმულობის საშუალებები.
სანქციების პირობებში კი, Wildberries-ი ხშირად გამოიყენებოდა, როგორც არხი იმ საქონლის რეალიზაციისთვის, რომელიც ოფიციალურად რუსეთში აღარ უნდა შედიოდეს, მაგრამ მესამე ქვეყნების გავლით მაინც ხვდება საწყობებში.
ბოლო ერთი წელია, ამ დასანქცირებულმა კომპანიამ აქტიურად დაიწყო საქართველოში ოფისების გახსნა. ყველაზე მეტი ოფისი გახსნილი აქვს თბილისსა და ბათუმში.
„ბათუმელებმა“ გუგლის რუკაზე გადაამოწმა ოფისების განლაგება და მისამართები.
ამ დროისთვის ბათუმში ამ რუსული, დასანქცირებული კომპანიის 20-მდე ოფისი იძებნება, თუმცა რაოდენობრივად, შესაძლოა უფრო მეტიც იყო. საქართველოს მასშტაბით კი, გუგლის რუკაზე, მინიმუმ 100 კომპანია დავთვალეთ.

ბათუმში ერთ-ერთი ასეთი ოფისი, რუსეთში გაქცეული აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, ასლან აბაშიძის სიძის, თეიმურაზ კომახიძის სახლშია გახსნილი.
ამ ოფისებში ადამიანების დიდი მოძრაობა არ შეინიშნება. დავაკვირდით რამდენიმე ოფისს, სადაც მცირე ავეჯია განთავსებული, ზოგი ოფისი მასაჟის კაბინეტს ჰგავს, თუმცა მომხმარებლების აქტიური მიმოსვლა არ შეინიშნება.
ამიტომ დაზუსტებით არ შეგვიძლია ვთქვათ, კონკრეტულად რა საქმიანობას ეწევიან რუსული კომპანიის ბათუმის ოფისებში.

Google-ის რუკის მიხედვით, Wildberries-ს თბილისში 50-ზე მეტი ფილიალი აქვს გახსნილი, ასევე ოფისები აქვს თითქმის ყველა პატარა ქალაქში – ყვარელში, რუსთავში, მარნეულში, სენაკსა და ფოთში. ფილიალები იძებნება ქუთაისშიც. ოფისები ძირითადად ქალაქების ცენტრალურ უბნებშია განთავსებული.

მას შემდეგ, რაც Wildberries-ის ოფისები უკრაინული დრონების სამიზნე გახდა და ასევე შემჩნეულია უკრაინის წინააღმდეგ კრემლის ინტერესების გატარებაში, რამდენად საფრთხის შემცველია ამ კომპანიის ოფისების მომრავლება და აქტიური საქმიანობა საქართველოში?
„ბათუმელები“ ამ თემაზე ესაუბრა უსაფრთხოების საკითხების მკვლევარს, გიორგი შაიშმელაშვილს. მისი თქმით, Wildberries-ის ოფისები სწორედ იმიტომ გახდა უკრაინული დრონების სამიზნე, რომ კომპანიის ლოჯისტიკური ჰაბები და მისი გადაზიდვის სერვისები გამოიყენება რუსული შეიარაღების წარმოების მომარაგებისთვის.
„ამ შემთხვევაში უკრაინელებისთვის ლეგიტიმური სამიზნე მაგიტომ იყო ეს კომპანია და მათი საწყობები. ჩვენ შემთხვევაში, ეს არ არის უბრალოდ ერთი კონკრეტული ქსელის პენეტრაცია საქართველოში, არამედ ვხედავთ, რუსეთის მთელი სოციალურ-ეკონომიკური ქსოვილის და დარწმუნებული ვარ, რუსული სპეცსამსახურების ძალიან ღრმა პენეტრაციას საქართველოს საზოგადოებრივ და ეკონომიკურ ცხოვრებაში.
ჩემთვის, როგორც ამ სფეროს სპეციალისტისთვის, სრულიად ცხადია, რომ არის საფრთხე“, – ამბობს გიორგი შაიშმელაშვილი.

მისი თქმით, ცალკე აღებულ Wildberries-ზე ლაპარაკს ერთი შეხედვით აზრი არ აქვს, რადგან მთელი სახელისუფლებო პოლიტიკური ლოგიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა და ეკონომიკაც მათ შორის, დაეფუძნა უკრაინაში მიმდინარე ომზე სარგებლის და მოგების ძებნას.
„რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის, რაღაც საშუალებად იქცა ქვეყანა.
როდესაც ჩვენს მეზობლებთან საქართველოდან გაიზარდა მაგალითად ავტომანქანების ექსპორტი, ეს მიუთითებს იმაზე, რომ აქედან ეს მანქანები შედის რუსულ ბაზარზე.
ფორმალურად, თითქოს ცდილობენ რაღაც ტიპის სანქციებისგან თავის არიდებას, თუმცა ფაქტია, რომ ქვეყანაში რუსული ინვესტიციები შემოდის და ეს ზრდის ჩვენს ეკონომიკას.
შემოდიან რუსეთის მოქალაქეებიც, რომლებიც ყიდულობენ უძრავ ქონებას, ხარჯავენ ფულს და ამას კარგად ვხედავთ თუნდაც ბათუმის მაგალითზე.
Wildberries-იც არის ამ საერთო ეკონომიკური და პოლიტიკური ლოგიკის შედეგი, რომელსაც „ქართული ოცნება“ ეწევა. უბრალოდ Wildberries კიდევ უფრო საინტერესოა იმის გამო, რომ მის მეპატრონეს ძალიან ახლო ურთიერთობები აქვს ვლადიმერ პუტინთან. პუტინისთვისაც იმიტომ არის ეს კომპანია მნიშვნელოვანი, რომ, როგორც ჩანს, გარდა მომარაგების ჯაჭვისა და საყოფაცხოვრებო ნივთების გაყიდვისა, ეს არის ფულის გათეთრებისა და გადარიცხვების ერთ-ერთი საშუალებაც“, – ამბობს გიორგი შაიშმელაშვილი.
ეს კომპანია, როგორც სანდო მედიასაშუალებები წერენ, რუსეთის სამხედრო კომისარიატს აწვდიდა დასაქმებულების მონაცემებს, რის შემდეგაც, პირდაპირ დასაქმების ადგილებიდან მიჰყავდათ ადამიანები ფრონტზე.
ასეთი კომპანიის გაძლიერება საქართველოში, რა ტიპის რისკია საქართველოს მოქალაქეებისთვის? – ვკითხეთ გიორგი შაიშმელაშვილს.
მისი თქმით, პრობლემაა ის, რომ არა მარტო ომის, მშვიდობიანობის დროსაც კი, რუსულ ბიზნესსა და რუსეთის სპეცსამსახურებს შორის ზღვარი პრაქტიკულად მოშლილია.
„ისევე როგორც ჩინეთში. რუსეთში ეს არის ყოფილი საბჭოთა მემკვიდრეობის გაგრძელება და ავტორიტარული სახელმწიფოების დამახასიათებელი რამ. ახლა მით უმეტეს, როცა რუსეთი ომშია, ამ ტიპის ბიზნესები, რომელსაც შეუძლია სამხედრო ამოცანებიც შეასრულოს, მაგალითად ლოგისტიკას დაეხმაროს, მაღალი ინტერესის ქვეშაა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურების მხრიდან.
ცხადია, რომ დღეს Wildberries-ი ამ მხრივ, თავისი მომარაგების ჯაჭვებით, მანქანებით, გადაზიდვებით, სერიოზული დასაყრდენია რუსეთის სახელმწიფოსთვის“, – ამბობს შაიშმელაშვილი.
- რამდენად შეიძლება გამოიყენოს რუსეთმა საქართველოში არსებული ფილიალები უკრაინის წინააღმდეგ?
გიორგი შაიშმელაშვილის თქმით, რასაკვირველია, ეს დასაშვებია.
„სამხედრო შეიარაღებას ვერ დაასაწყობებენ და ეს არც სჭირდებათ. მიზანი ის არის, რომ დონბასში და ყირიმში მოხვდეს საჭირო ნივთები როგორმე. ომი რომ დაიწყო, გახსოვთ ალბათ, ჰუმანიტარული კოლონა რომ შევიდა დონბასში რუსეთიდან, მაშინაც მალევე გახდა ცნობილი ჩვენი პარტნიორებისა და უკრაინელებისთვის, რომ იმ ჰუმანიტარული ტვირთების ქვეშაც კი იყო შეიარაღება.
მოკლედ, ომის დროს შენიღბვის კარგი საშუალებაა, დაარქვა რაღაცას ბიზნესი და ამასობაში გამოიყენო ეს ომის მიზნებისთვის. მაგრამ, რაც დრო გადის უკრაინელების ტექნოლოგიები იხვეწება, რუსული ზურგი კი სულ უფრო დაუცველია.
ამიტომ, კითხვები, თუ რას საქმიანობს რუსული კომპანია საქართველოში ამ დოზით, ცხადია უნდა დავუსვათ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას. თუმცა „ოცნებამ“ დღეს იმდენ ფრონტზე გაუხსნა რუსეთს შესაძლებლობები საქართველოში და იმდენად ღიად ხდება რუსული ინტერესების რეალიზება ქვეყანაში, რომ ერთ პრობლემაზე ფოკუსს ვეღარ ვასწორებთ, რომ საზოგადოებრივი წნეხი შევქმნათ.
ამაზეც იტყვიან, რომ ეს ბიზნესია, რომლითაც რუსეთიდან საქართველოში შემოსული პატიოსანი მოქალაქეები სარგებლობენ. მაგრამ ამდენი ოფისის გახსნა, ეს არ არის უბრალოდ მარკეტინგი, როგორც ჩანს, სხვა ინტერესებიც ამოძრავებთ. შესაძლოა ეს უკავშირდებოდეს ადგილზე საკუთრების შეძენას, ფულის გათეთრებას და ასე შემდეგ.
თვითონ ოფისებში ხდება თუ არა მერე ასეთი ადამიანების რეკრუტირება და არიან თუ არა იქ ფსბ-სთან დაკავშირებული ადამიანები, ეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრეროგატივა. ის ვალდებულია არკვევდეს, რატომ აქვთ ამდენი ოფისი, ვინ არიან აქ დასაქმებული ადამიანები, რა კავშირი აქვთ მათ ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ პროცესებთან, რა ტიპის ინფორმაცია შეიძლება გადიოდეს აქედან? – ეს კითხვები არის ლეგიტიმური, მაგრამ ისენი დაკავებულები არიან პოლიტიკური ოპონენტების დევნით“, – ამბობს გიორგი შაიშმელაშვილი.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, საქართველოში Wildberries-ის სავაჭრო ნიშნით კომპანია შპს „ტრანსკომ გრუპ“-ი სარგებლობს, რომლის 100%-იანი წილის მფლობელიც 30 წლის სერგი თვალჭრელიძეა.

- 23 417კვ. მეტრი მიწა რუსთავში, რომელიც 13 იანვარს დაურეგისტრირებია;
- 23180.00 კვ. მეტრი მიწა გარდაბანში, სოფელ გამარჯვებაში;
- 27743.00 კვ. მეტრი მიწა სოფელ კრწანისში.
სერგი თვალჭრელიძეს 2025 წელს „ქართული ოცნებისთვის“ 30 ათასი ლარიც შეუწირია.