22 ივლისს ბათუმში, ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრილი ახალგაზრდა კაცის ბაჩო ბერიძის მდგომარეობა, მძიმეა.

როგორც დაჭრილის მამა „tv პირველთან“ საუბარში ამბობს, მის შვილს და სავარაუდო ბრალდებულს, სიტყვიერი კონფლიქტი ჰქონიათ მანამდე.

„წალაპარაკება იყო მათ შორის, თუმცა დაზუსტებით არ ვიცი, რაზე. კაფეში იჯდა ჩემი შვილი, როცა მოტოციკლით ჩამოირა და ესროლა პირდაპირ.

არც უჩხუბიათ და არც რაიმე შელაპარაკება ჰქონიათ [იმ დღეს].  ხელდახელ არ ყოფილა ჩხუბი. გაქცეულია, ჯერ არ არის დაკავებული. პოლიციამ იცის ვინ არის ეს პირი, ასეთ შემთხვევებზეა გასამართლებული და ციხეშიც იყო ეს პირი“- ამბობს დაჭრილი კაცის მამა.

ბათუმში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა, ის ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაშია და ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა. მას რამდენიმე ტყვია მუცლის არეში ქონდა მოხვედრილი და რამდენიმესაათიანი ოპერაცია ჩაუტარდა.

31 წლის კაცს ბათუმში, ფიროსმანის ქუჩის ბოლოში გუშინ, 22 ივლისს ესროლეს.

თვითმხილველების თქმით, სავარაუდო დამნაშავე ადგილზე მივიდა მოპედით, რამდენჯერმე გაისროლა და სწრაფად დატოვა იქაურობა. მას სახეზე ნიღაბი ეკეთა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 19-108-ე და 236-ე მუხლებით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას.

 

Published by ლელა დუმბაძე

ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com

Exit mobile version