ბათუმში, კობალაძის 8 ნომერში მცხოვრები მოქალაქე ნონა პაპიტაშვილი ქაია „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ პარკინგის საფასურს იხდის, თუმცა ავტომანქანას საკუთარი სახლის წინაც კი ვერასდროს აჩერებს. მისი თქმით, გასაჩერებელი ადგილების არარსებობის გამო, უწევს მანქანის არასწორ ადგილზე გაჩერება, რის გამოც მუნიციპალური ინსპექცია აჯარიმებს.

ნონა პროფესიით ექიმია და ამბობს, რომ საქართველოში სიხარულით დაბრუნდა, თუმცა ქალაქში არსებული სამანქანე ქაოსი უკვე სერიოზულ დისკომფორტს უქნის.

„პარკინგი მთელი დღე დაკავებულია. დგას როგორც „სპარის“ მანქანები, ასევე მუდმივად დგას საბურავდაშვებული მანქანაც, საიდანაც ვაჭრობენ. მარტო პარკინგი კი არ აქვთ დაკავებული, ტროტუარებიც, რადგან ბაზარია გამოტანილი და ორმაგად ირღვევა ჩემი უფლება. ვერც ავტომანქანას ვაჩერებ და ფეხითაც ვერ გადავადგილდები უსაფრთხოდ ჩემი საცხოვრებელი სახლის წინ.

მე, როგორც საქართველოს მოქალაქეს, არ შემიძლია ჩემი სახლის წინ მაინც გავიარო თავისუფლად ტროტუარზე? ბიზნესს ეკუთვნის საპარკინგე ადგილი და მე არა? ჩემი სახლის წინაა პარკინგი, მაგრამ მე ვერასდროს ვსარგებლობ.

პატრული გამოვიძახე, რომელიც ამბობს, „მართალი ხართ, მაგრამ ეს ჩემს კომპეტენციაში არ შედის. მერიას ვწერ და პასუხს არ მცემენ. სრული განუკითხაობაა“, – ამბობს ნონა პაპიტაშვილი ქაია.

მოქალაქის თქმით, საპარკინგე სივრცეში მაშინაც კი ვერ აყენებს ავტომანქანას, როცა ადგილი თავისუფალია, რადგან სავაჭრო ობიექტს ყვითელი ნიშნულებით აქვს დაკავებული ადგილი.

„20 წელი ემიგრაციაში ვიყავი, ახლახან დავბრუნდი სამშობლოში და ვხედავ, რომ ამ ქალაქში არა მარტო მანქანის გაჩერება, ფეხით გადაადგილებაც კი შეუძლებელია. იყო ინციდენტიც და ხომ არ დავჭამთ ერთმანეთს ადამიანები. ხომ შეიძლება კანონი, რაიმე რეგულაცია არსებობდეს. არც ბიზნესს აქვს უფლება შეზღუდოს მოქალაქე და დაიპყროს მთელი საფეხმავლო ბილიკი.

კარგია, რომ ბევრს ჰყავთ ავტომანქანა ამ ქალაქში, მიხარია, მაგრამ რეგულაცია ხომ უნდა არსებობდეს?

ამდენი წელია ვიცხოვრე კვიპროსზე და ერთხელ არ დამირღვევია კანონი. კვიპროსზე თუ რაიმე დარღვევა დაფიქსირდება შეგიძლია გამოიძახო შესაბამის სამსახური და ყველაფერი გვარდება მყისიერად, კანონის შესაბამისად, 24 საათში. თუ სასამართლო დაგჭირდა, ესეც უმოკლეს ვადებში იმართება და თუ ვინმეს რაიმე უკანონოდ აქვს გარეთ განთავსებული, მაშინვე ალაგებს. არც პარკირების პრობლემა მქონია როდისმე.

ერთი წელია დავბრუნდი ჩემს ქვეყანაში და რას ვხედავ, – არც კანონი კანონობს და არც ქალაქია ადამიანებზე მორგებული.

მე არ მაქვს სურვილი დავარღვიო კანონი, მაგრამ სივრცე ხომ უნდა დამიტოვონ, რომ გადავადგილდე და სახლის წინ მაინც გავაჩერო მანქანა? მეც ხომ ვიხდი პარკინგის საფასურს, მაშინ რისთვის ვიხდი?

ასე მგონია, სრული კორუფციაა, რადგან ვიღაცას ყველაფრის უფლება აქვს და ვიღაცას – არა. რიგითი მოქალაქე ყოველთვის მსხვერპლია ამ განუკითხაობის. შეწუხებული ვარ ძალიან საპარკინგე სივრცეების არარსებობის გამო.

არ მინდა ვინმესთან კონფლიქტი მქონდეს, მაგრამ ასე მგონია, ემპათიის გრძნობა დაკარგული აქვთ ადამიანებს. მეც მაქვს შეიძლება რაღაც ბიზნესი, მაგრამ ხომ არ შეიძლება სხვა ადამიანს შევუზღუდო თავისუფლება. ისიც კი არ ვიცი, ვის მივმართო და რა გავაკეთო“, – ამბობს ნონა პაპიტაშვილი ქაია.

„ბათუმელები“ დაუკავშირა ბათუმის მერიას და ჰკითხა, რა უნდა გააკეთოს მოქალაქემ, თუ პარკინგის საფასური გადახდილი აქვს, მაგრამ ავტომანქანას ვერ აჩერებს პარკინგზე თავის საცხოვრებელ სახლთანაც კი?

აქვთ თუ არა სავაჭრო ობიექტებს პარკირების ადგილების მუდმივად დაკავების, ან საპარკინგე ადგილის სავაჭრო სივრცედ გამოყენების უფლება?

ბათუმის მერიიდან მშრალად და სტანდარტულად გვიპასუხეს. „მუნიციპალური ინსპექციის მიერ ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება მონიტორინგი არასწორ პარკირებაზე, ნებისმიერ სატრანსპორტო საშუალებაზე. თუ არასწორად უყენია სადისტრიბუციო მანქანებს ან პარკირება არ აქვთ შეძენილი დაჯარიმდებიან“, – მოგვწერეს მერიიდან.

თუმცა, მერია დუმს მთავარ პრობლემაზე – სად და როგორ გააჩეროს ავტომანქანა მოქალაქემ საცხოვრებელ არეალში კანონიერად?

ბათუმის პარკირების ინვენტარიზაციისა და მართვის სტრატეგიის შესამუშავებლად ქალაქის მერია ბაზრის კვლევას აპირებს. კვლევის შედეგად უნდა დადგინდეს შესაბამისი მომსახურების ღირებულება და შემდეგ შეირჩეს კონსულტანტი.

ტექნიკურ დავალებაში აღნიშნულია, რომ „კონსულტანტმა უნდა მოამზადოს ქალაქ ბათუმის პარკირების მართვის სტრატეგია, რომელიც დაეფუძნება ინვენტარიზაციის შედეგებს, პარკირების არსებული პრაქტიკისა და მონაცემების ანალიზს, ასევე პირველადი ზონირების წინადადებას.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, ქალაქში ამჟამად არ მოქმედებს ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა.

პარკირების მართვა ეფუძნება განსაზღვრული ვადით მოქმედ აბონიმენტურ სისტემას, მათ შორის 1-დღიან, 7-დღიან, 30-დღიან, 6-თვიან და 12-თვიან საშვებს. არსებული მოდელი საჭიროებს შეფასებას როგორც ადმინისტრირების, ისე ტარიფების, აღსრულების, საპარკინგე ადგილების გამოყენებისა და პარკირების ადგილების ბრუნვის კუთხით“- წერია დოკუმენტში.

ფაქტია, რომ ბათუმის მერია პარკირების პრობლემას წლებია ვერ აგვარებს, თუმცა მოქალაქეების პროტესტის მიუხედავად, მაინც გრძელდება ისეთი სამშენებლო პროექტების დამტკიცება, რომელიც მშენებელს საპარკინგე ადგილების სათანადო რაოდენობით მოწყობას არ ავალდებულებს.

Published by ლელა დუმბაძე

ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com

Exit mobile version