„ქვეყნის უახლეს ისტორია მხოლოდ წიგნების ფურცლებზე არ იწერება – ეს იყო ჩემი მთავარი სათქმელი” – გვიპასუხა მარიამმა, როცა ვკითხეთ, რატომ გადაწყვიტა წელს ისტორიის ეროვნულ გამოცდაზე მისვლა მაისურით, რომელსაც ეწერა: “მამაჩემი გმირია”.

მარიამ წილოსანი აგვისტოს ომში დაღუპული კაპრალის, შინდისის გმირის, ემზარ წილოსანის შვილია. 2008 წლის 11 აგვისტოს, როცა 29 წლის ემზარ წილოსანი 20 თანამებრძოლთან ერთად, სოფელ შინდისთან, რუსეთის შეიარაღებული ძალების ასეულს ებრძოდა, მარიამის 1 თვისაც არ იყო, მისი უფროსი ძმა, შაკო კი – 1 წლის. შვილებს მამა, ცხადია, არ ახსოვთ. მასზე ოჯახის წევრები და ნათესავები უყვებიან.

მარიამს ყველაზე მეტად უყვარს ისტორია იმის შესახებ, როგორ გაუხარდა მამას მისი დაბადება.

“მეუბნებიან, რომ დაიბადე, ძალიან გაუხარდაო. ძალიან უნდოდა გოგო შვილი და ჭკუაზე არ იყო, სანათესაოში დარბოდა და გახარებული ამბობდა, მარიამი შემეძინაო” – გვიყვება ის.

მარიამი ლანჩხუთში, მამის სახელობის სკოლაში სწავლობდა, რომელიც ცოტა ხნის წინ დაასრულა. ახლა ეროვნული გამოცდების შედეგებს ელოდება. ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, სწავლას სად და რა მიმართულებით გააგრძელებს, თუმცა, გაგვიმხილა, რომ განიხილავს სპორტის უნივერსიტეტსაც.

“გამოცდები მშვენივრად დავწერე, მაგრამ ჯერ კიდევ ძიებაში ვარ, რაზე ჩავაბარო.

ისეთი პროგრამის არჩევა მინდა, რომ მომავალში განვითარების შესაძლებლობა მომცეს. უმეტესობას დიპლომები სახლში ტყუილად უწყვია – აბარებენ და შემდეგ იმ პროფესიით ვერ მუშაობენ… ასე არ მინდა, რომ ვიყო, ამიტომ, ჯერ კიდევ ძიებაში ვარ. მიწერია ტურიზმიც, სპორტის მასწავლებლობაც, მწვრთნელობა და ა.შ.

ფიტნესით ვარ დაკავებული ბავშვობიდან. 10 წლიდან აქტიურად ვმუშაობ ჩემ თავზე, ბევრი რამე მაქვს გამოცდილი, კურსებიც მაქვს გავლილი და ვფიქრობ, რომ მაგ მიმართულებითაც გავაგრძელო სწავლა”, – გვიყვება მარიამი.

მან გაგვიმხილა ისიც, რომ ცოტათი აშფოთებს თბილისში ცხოვრების დამოუკიდებლად გაგრძელების პერსპექტივა, თუმცა მზად არის ახალი გამოწვევებისთვის. მით უფრო, რომ რაც თავი ახსოვს, ერთი მთავარი გამოწვევის წინაშეა – გაამართლოს მოლოდინები, რაც გარშემომყოფებს მისგან, როგორც გმირის შვილისგან აქვთ.

„პასუხისმგებლობაა, რომ ამხელა სტატუსს ვატარებ, რომ გმირი მამა მყავდა და მის სახელობის სკოლაში ვსწავლობდი.

ვცხოვრობ რაიონში, სადაც თვითონ გაიზარდა და მას ყველა იცნობდა. ამ სკოლაში სიარული და ამ ხალხთან კონტაქტი ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა. რთულია, როცა გარშემომყოფები შენგან ბევრ ელოდებიან და შენ გინდა, რომ ყველაფერი ისე გააკეთო, რომ იამაყონ შენით. რთულია, ეს მოლოდინები ბოლომდე გაამართლო”, – გვეუბნება მარიამი.

„როგორ ფიქრობ, რა იქნებოდა მამის მოლოდინი შენს შესახებ?“ – ვკითხეთ მარიამს.

„არ მიფიქრია ვინ ენდომებოდა, რომ მე ვყოფილიყავი. ალბათ, ვინც მე მსურს” – გვითხრა ხანმოკლე დაფიქრების შემდეგ, მერე კი დასძინა – “დედაჩემიც სულ მაგას მეუბნება – რაც შენ გინდა, რაშიც შენ თავს კარგად გრძნობ, იმას მიჰყევი, მე მაქსიმალურად შენს გვერდით ვიქნებიო”.

“მამაჩემი ამისთვის არ დაღუპულა” – ეწერა მარიამის პლაკატზე, რომელიც მას ხელში თბილისში, მთავრობის სახლის წინ გამართულ აქციაზე, 2024 წლის დეკემბერში ეჭირა, რამდენიმე დღეში ირაკლი კობახიძის ბრიფინგიდან, სადაც “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერების შესახებ განაცხადა.

მარიამს მამაზე საუბარი უჭირს, მაგრამ თამამად საუბრობს ემზარ წილოსანზე, როგორც გმირზე.

ამბობს, რომ მასზე და აგვისტოს ომის სხვა გმირებზე უფრო მეტი უნდა იცოდეს საზოგადოებამ. ფიქრობს, რომ საქართველოს უახლესი ისტორია სკოლებშიც უფრო უკეთ უნდა ისწავლებოდეს. გაბრაზდა, როცა მამის თანამებრძოლსა და საქართველოს ეროვნული გმირს, გიორგი ანწუხელიძეს თეა წულუკიანმა “ვიღაცის პიარისთვის უაზროდ განწირული” უწოდა, თუმცა, როგორც კი ვთხოვთ მამის შესახებ მისი პირადი დამოკიდებულება, ემოცია და ფიქრები გაგვიზიაროს, ჩუმად ყოფნას ამჯობინებს.

„მამაჩემი გმირია. ჩვენი გმირების ღირსების და თავგანწირვის ისტორიას მათი შვილები და მათი ოჯახები აგრძელებენ”, – გვეუბნება და საუბარი სხვა თემაზე გადააქვს.

მარიამი მოგვიყვა, რომ აბიტურიენტობამდე, სანამ მეტი თავისუფალი დრო ჰქონდა, ხშირად მონაწილეობდა საპროტესტო აქციებში, რომელიც საქართველოს ევროპული მომავლის დასაცავად დაიწყო. რაც აბიტურიენტი გახდა, აქციებში ფიზიკურად მონაწილეობისთვის დრო აღარ ჰქონდა, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სულ ცდილობს სოციალურ ქსელში მაინც დააფიქსიროს მისი მოსაზრებები სხვადასხვა საკითხზე. ფიქრობს, რომ პასუხისმგებლობიანი მოქალაქის პირველი ნიშანი საკუთარი აზრის თამამად დაფიქსირების უნარია.

“როცა ფიზიკურად არ ვარ იქ [აქციაზე], გულით ვარ. წინა წელს დავდიოდი კიდევაც თბილისში, საპროტესტო აქციებზე. მაქსიმალურად ვცდილობდი, როგორც შემეძლო ისე გამომეხატა ჩემი აზრი და შეხედულება იმ ყველაფრის მიმართ, რაც ქვეყანაში ხდება. ახლა, რაც აბიტურიენტი გავხდი, სიმართლე რომ ვთქვა, ვეღარ ვარ იმდენად ჩართული, თუმცა, სოციალური ქსელებით მაინც გამოვხატავ ჩემს აზრს”, – გვეუბნება მარიამი.

მას ვთხოვეთ გაეხსენებინა რომელიმე აქცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო და გაეზიარებინა მოტივაცია, რის გამოც ქუჩაში გავიდა.

„უცებ რაც მახსენდება – წულუკიანი რომ გამოვიდა და გმირებზე თქვა, უაზროდ განწირულები არიან ვიღაცის პიარისთვისო, ამის გამო გავედი აქციაზე. ეს არის უახლოესი ისტორიის ფეხქვეშ გათელვა. არ აფასებენ [უახლესი ისტორიის გმირებს]. მე, როგორც აგვისტოს ომში დაღუპული გმირის შვილმა, ასე აღვიქვი. ეს იყო ძალიან უაზროდ, დაუფიქრებლად ნათქვამი”, – ამბობს მარიამი.

ის იხსენებს შემთხვევებს, როცა გარშემომყოფი მოუწოდებდნენ, “წიგნი აიღოს ხელში” და “მის საქმეს მიხედოს”, ნაცვლად იმისა, რომ სხვადასხვა თემაზე გამოთქვას კრიტიკული აზრი, ან, მით უმეტეს, საპროტესტო აქციაში მიიღოს მონაწილეობა. თუმცა, მარიამი თვლის, რომ როცა საქმე ქვეყნის მომავალს ეხება, მისი პასუხისმგებლობაა, არ გაჩუმდეს. უხარია, რომ ოჯახის წევრები მხარს უჭერენ.

„ვფიქრობ, რომ მე ვარ მომავალი თაობა და მე უნდა გავაკეთო ყველაფერი იმისთვის, რაც ჩემ მომავალს შეეხება, რომ დავიცვათ ჩვენი მომავალი.

ჩვენ თუ არ ამოვიღეთ ხმა, აბა სხვა ვინ უნდა ამოიღოს და ვინ უნდა გამოთქვას აზრი?! სხვამ რაც არ უნდა მითხრას, მე მაინც ჩემ აზრს დავაფიქსირებ ყველაფერზე. ვიცი რა არის სწორი და რა არასწორი. მაგის განსაზღვრა შემიძლია. ჩემი ოჯახის წევრები, მაგალითად, დედა და ბებია მეუბნებიან, რომ მამაშენი იამაყებდა შენითო. თვითონაც ამაყობენ ჩემით”, – ამბობს მარიამი.

მან გვიამბო ორი წლის წინ, პროევროპული აქციების დასაწყისში მომხდარ ინციდენტზე, როცა მასწავლებელს აზრი ჰკითხა, მისგან კი, როგორც ამბობს, შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება მიიღო.

„აქციები რომ დაიწყო, სკოლაში ჩემი აზრი დავაფიქსირე და მასწავლებელს ვკითხე, თქვენ რას ფიქრობთ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით-მეთქი. მისი აზრი მაინტერესებდა. „ეს ახალგაზრდები სამარცხვინო საქციელს სჩადიან, ვინც აქციებზე დადის სამარცხვინოები არიან, ცუდად იქცევიანო“ – ასეთი პასუხი მივიღე. მე შევეწინააღმდეგე – არ სჩადიან სამარცხვინო საქციელს, თბილისში რომ ვიყო, მეც აქციაზე ვიდგებოდი-მეთქი და მაგაზე მიპასუხა, შენც სამარცხვინო საქციელს ჩადიხარ, შენგან ამას არ ველოდიო და ა.შ., შეურაცხყოფა მომაყენა პირადად მე და მამაჩემის სახელსაც შეეხო. ბოლოს ისე მოხდა, რომ ავტირდი, ვეღარ გავუძელი ამდენ შეურაცხყოფას. ზუსტად არ მახსოვს თვითონ თქვა გადიო თუ მე გამოვედი პირდაპირ, მაგრამ კლასი დავტოვე. მერე კლასელებიც გამოვიდნენ, მომიკითხეს სად ვიყავი და როგორ ვიყავი”, – გვიყვება მარიამი.

ეროვნული გამოცდების პასუხების მოლოდინში მყოფს განათლების რეფორმაზე ვკითხეთ. გვითხრა, რომ მოულოდნელმა ცვლილებებმა და გაურკვევლობამ აბიტურიენტობა გაურთულა.

„განათლების რეფორმა და ეს ცვლილებები ჩემთვის კომფორტული ნამდვილად არ იყო. ისეთი პერიოდი დაგვემთხვა ახლანდელ აბიტურიენტებს, რომ ძალიან ბევრი გაურკვევლობა იყო. თითქოს, ბოლომდე არ იყო არაფერი დაგეგმილი და ინფორმაციას გზადაგზა, ბოლო წუთებში გვაწვდიდნენ, მაგრამ მაგასაც – ბოლომდე ვერ.

უნივერსიტეტებში ფაკულტეტების ცვლილებები გამო კონკურენცია ყველგან გაიზარდა. აბიტურიენტების უმეტესობას სასურველი პროგრამების გადაწყობა და ხელახლა დალაგება მოუხდა. მეც მომიწია ჩემს გეგმებში ცვლილებები შემეტანა. სწავლის და მეცადინეობის პარალელურად ამაზე გვიწევდა ფიქრი და ეს ძალიან რთული იყო”, – გვიყვება მარიამი.

ის განიხილავს, რომ გარკვეული პერიოდით შეიძლება ევროპაშიც წავიდეს განათლების მისაღებად. თუმცა უკან აუცილებლად დაბრუნდება. ამბობს, რომ საქართველოში ახალგაზრდებისთვის მთავარი გამოწვევა განათლების მიღება, კარიერის აწყობა და განვითარების შესაძლებლობებია.

„ახალგაზრდები საკუთარი მომავლის შესაქმნელად და განვითარების მიზნით საზღვარგარეთ გარბიან. ევროპაც, ჩემთვის, პირველ რიგში, უკეთესი განათლებასთან ასოცირდება და შემდეგ, სხვა ყველაფერ უკეთესთან”, – ამბობს მარიამი.

მარიამს ვკითხეთ, როგორ საქართველოში ცხოვრებას ისურვებდა თავად და როგორი საქართველოსთვის იბრძოლა მისი აზრით მამამ, ემზარ წილოსანი.

“მე, მაგალითად, ისეთ საქართველოში ვიცხოვრებდი, სადაც კანონი ყველასთვის თანაბრად მოქმედებს, ადამიანებს საკუთარი აზრის თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობა აქვთ და ამისთვის არავინ დასჯის მათ, სადაც განსხვავებული შეხედულებების ადამიანებს არ ჩაგრავენ. ასევე, სადაც ხარისხიანი განათლების მიღების და ღირსეულად დასაქმების შესაძლებლობა ყველასთვისაა”, – ამბობს მარიამი.

Exit mobile version