„თუ გახსოვთ, როდის მიიღეს ეს გადაწყვეტილება?“ – სასამართლოებში ფოტო-ვიდეო გადაღების აკრძალვაზე საუბრის დროს ჟურნალისტი ზვიად ქორიძე, პირველ რიგში, იმაზე გვიყვება, რომ „ოცნების“ მთავრობამ სასამართლო სხდომებზე გადაღების აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო მას შემდეგ, როცა „მზია ამაღლობელის საქმეზე“ სილის გაწვნის შედეგად დაზარალებულად მიჩნეული პოლიციელი – ირაკლი დგებუაძე სასამართლოში დაკითხეს.
„დიახ, ირაკლი დგებუაძის დაკითხვის შემდეგ მიიღეს ეს გადაწყვეტილება. ეს იყო იმდენად სამარცხვინო პროცესი და იმდენად გააშიშვლა ირაკლი დგებუაძის დაკითხვის პროცესმა მთელი სახელისუფლო სისტემა – დაწყებული ბიძინა ივანიშვილიდან დამთავრებული მართლა ირაკლი დგებუაძით, რომ უკვე ხიფათი დაინახეს: სასამართლო თუ იქნება ღია, ეს საზოგადოებას აუცილებლად ამოუვა ყელში…“ – გვიყვება ზვიად ქორიძე.
მას შემდეგ, რაც „ოცნების“ მთავრობამ სასამართლო დარბაზებსა თუ შესასვლელებში ფოტოს და ვიდეოს გადაღება, ასევე ხმის ჩაწერა ფაქტობრივად აკრძალა, ერთ წელზე მეტი დრო გავიდა.
რა დაკარგა სასამართლოს ღიაობაზე უარის თქმით საზოგადოებამ, მედიამ, თავად სასამართლომ?
- ელისო კილაძის შვილი: გახსნილი სასამართლოს პირობებში, საზოგადოება კარგად დაინახავდა ამ საქმის აბსურდულობას
„სხდომები რომ გახნილი იყოს, ყველა ნათლად დაინახავს ამ საქმის აბსურდულობას, მტკიცებულებების არარსებობას და გამჟღავნდება მათი მოწმეების ვინაობაც, რომლებიც რეალურად ამავე საქმის ბრალდებულები არიან. ბანდიტების ის ორგანიზებული ჯგუფი, ვინც დედას დაკავებაშია გარეული და მათ მიერ შეკერილი საქმე ვერ გაუძლებდა საზოგადოების კრიტიკას. სხდომების დახურვას ითხოვს სწორედ ის დანაშაულებრივი ჯგუფი, რომლის შესახებაც საკმაოდ დიდი და სენსიტიური ინფორმაციის მატარებელია ელისო კილაძე,“ – ამბობს ჟურნალისტ ელისო კილაძის შვილი, მარიამ ხარშილაძე.
„ქრონიკა +“-ის დამფუძნებელს, ელისო კილაძეს 4 თვეზე მეტია შეზღუდული აქვს სატელეფონო ზარების, მიმოწერისა და შეხვედრების უფლება. ადვოკატის თქმით, დადგენილებებში პროკურატურა უთითებს, რომ არსებობს მოწმეებზე ზეგავლენის საფრთხე. დამოუკიდებელი მედიასაშუალებების ხელმძღვანელებმა 2026 წლის 4 ივლისს განცხადება გაავრცელეს და შეზღუდვების მოხსნა მოითხოვეს. მედიის წარმომადგენლები აპროტესტებენ ელისო კილაძის სასამართლო პროცესების დახურვასა და საქმის სრულად გასაიდუმლოებას. მათი შეფასებით, ეს გადაწყვეტილება საზოგადოებისგან ჟურნალისტისა და თავად პროცესის სრულ იზოლაციას ისახავს მიზნად.

მარიამ ხარშილაძე გვიყვება, რომ დედის, ელისო კილაძის დახურული სასამართლო სხდომების შესახებ ინფორმაციას ადვოკატებისგან იგებს. ჟურნალისტის შვილის დაკვირვებით, „ოცნებას“ ამ გზით სურს გააჩუმოს ადამიანები, რომლებიც სისტემას ამხელენ.
„ჩემთვის, როგორც შვილისთვის პროცესების დახურვა სხვა არაფერია თუ მისი [იმედია დროებით] ბოლომდე გაჩუმების ერთადერთი გზა. ეს საქმე ელისოს წინააღმდეგ თავად წარმოადგენს კირუფციულ გარიგებას – ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილს.
სასამართლო სხდომებზე პროკურორი წარმოადგენდა ხოლმე შუამდგომლობას სხდომის დახურვის შესახებ, რასაც სასამართლო, რა თქმა უნდა, აკმაყოფილებდა, მაგრამ პროტოკოლით დედასაც ეკუთვნოდა სიტყვა და რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადებების გაკეთებას ასწრებდა. ახლა ამის უფლებასაც არ აძლევენ. სხდომები პირველივე წუთიდან დახურულია. წარმოიდგინეთ, როგორ უნდა გეშინოდეს ამ იდიოტობის დამკვეთს, რომ მას 5-10 წუთიანი სიტყვის უფლებაც არ მისცე.
ჩემი აზრით, მათი მთავარი მიზანი ახლა არის ელისოს რეპუტაციული განადგურება, მტკიცებულებების არარსებობის პირობებში,“ – გვითხრა მარიამ ხარშილაძემ.
- ჟურნალისტი, რომელიც სასამართლო პროცესებს აშუქებს: ჩვენ მაინც დავრჩით სასამართლოს დარბაზებში, ამას არ ელოდნენ
ნათია ამირანაშვილი „პუბლიკის“ ჟურნალისტია და აქტიურად აშუქებს სასამართლო პროცესებს. იგი აშუქებს სასამართლო სხდომებს მას შემდეგაც, რაც ივანიშვილის დაჯგუფებამ მედიას და საზოგადოებამ პრაქტიკულად გამოუხურა სასამართლოების კარი. დღეს ჟურნალისტი შეიძლება დაესწროს სხდომას [თუ დარბაზში ბრალდებულები ოჯახის წევრებს შორის თავისუფალი ადგილია], თუმცა ის ვერც ფოტოს გადაიღებს და ვერც ვიდეოს, ვერც ხმას ჩაიწერს, რომ შემდეგ ზუსტად მოუყვეს საზოგადოებას: რა თქვა, მაგალითად, სინდისის პატიმარმა თავის ბოლო სიტყვაში?
„შეიძლება მათი მოლოდინიც ეს იყო, რომ მედიის ყურადღების მიღმა დარჩენილიყო სასამართლო პროცესები, თუმცა ასე არ მოხდა. ჩვენ მაინც განვაგრძეთ მუშაობა სასამართლოს დარბაზში… ამას არ ელოდნენ.
ფაქტია ისიც, რომ ნამდვილად გართულდა ჩვენი მუშაობა და მას ახალი გამოწვევები დაემატა,“ – გვიყვება ნათია ამირანაშვილი და ხაზს უსვამს ვიზუალური ეფექტის მნიშვნელობას: ერთი წლის წინ ჟურნალისტებს გვქონდა კადრი, სადაც პირდაპირ ხედავ, როგორ ამხელენ, მაგალითად, მოწმე პოლიციელს სიცრუეში და დღეს ჟურნალისტი აღწერს პროცესს ყოველგვარი ფოტოს და ვიდეოს გარეშე.

„ამ აკრძალვის შემდეგ ზოგიერთმა ნახატების მომზადება დაიწყო სასამართლო დარბაზებიდან, ზოგიერთმა მედიამ დაიწყო ლაივ-ბლოგები. ვცდილობდით, რომ ყურადღების ეპიცენტრში სასამართლო შეგვენარჩუნებინა… ჩვენ ძირითადად სოციალურ ქსელებში ქარდებზე გავაკეთეთ აქცენტი. მნიშვნელოვანი დიალოგები, შეპასუხება, მოწმეების დაკითხვის პროცესი – ეს ყველაფერი იკარგება.
ძნელია, როცა არ გაქვს არცერთი ფოტო და კადრი, დააინტერესო ადამიანი, რომელიც ფეისბუქს სქროლავს და ამ დროს შესაძლოა გული შესტკიოდეს კიდეც იმ ყველაფერზე, რაც ხდება. ამის უკუკავშირსაც ვხედავ თუნდაც აქტივისტებში: მათშიც აღმომიჩენია, რომ არ იციან კონკრეტული პოლიტიკური პატიმრის შესახებ. ადამიანების ისტორიის სათანადოდ გაცნობა ვეღარ ხერხდება.
სასამართლოში მუშაობა ამ ხელისუფლების პირობებში, ბოლო დროინდელი მოვლენების გათვალისწინებით, არასოდეს არ ყოფილა მარტივი. ჩემთვი,ს პირადად, ეს იყო ყოველთვის დაკავშირებული სტრესთან, მტრულ გარემოსთან, თუმცა მეგონა, რომ ეს იყო მაქსიმუმი, რაც შეიძლება ჟურნალისტს სასამართლო ხელისუფლებაში დახვედროდა. თურმე ეს არ ყოფილა ბოლო საფეხური და კიდევ უფრო მეტად რთული გარემოს შექმნა ყოფილა შესაძლებელი… წინა წლებში დიდი ძალისხმევის შედეგად მაინც აკეთებდი რაღაცას და ეს გიბალანსებდა ჟურნალისტს იმის განცდას, რომ გაწვალეს, შეურაცხყოფა მოგაყენეს, შეიძლება ფიზიკურადაც გაგისწორდნენ,“ – ამბობს ნათია ამირანაშვილი.
სასამართლოებში მედიასაქმიანობის შეზღუდვის შემდეგ, „ოცნების“ პარლამენტმა კანონში დატოვა დაშვება, რომლის მიხედვითაც მედიასაშუალებას შეუძლია სასამართლოს სხდომის გამართვამდე პროცესის გაშუქების მოთხოვნით მიმართოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს.
მას შემდეგ, რაც ირაკლი დგებუაძემ მისცა ჩვენება ბათუმის საქალაქო სასამართლოს და უკვე 2025 წლის ივლისიდან სასამართლოებში ფოტო და ვიდეო გადაღება აიკრძალა, „ბათუმელებმა“ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს 10-ჯერ მიმართ წერილობით „მზია ამაღლობელის საქმის“ გაშუქებაზე ნებართვის მიღების თხოვნით. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წერილების მიღება თითოეულ შემთხვევაში დაადასტურეს, თუმცა მოთხოვნა უპასუხოდ დატოვეს.
რა ხდება სხვა მედიასაშუალების შემთხვევაში – როდის უშვებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მედიასაშუალებას სასამართლო სხდომაზე? – ჟურნალისტი ნათია ამირანაშვილი გვიყვება, რომ მასაც არავინ პასუხობს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, როცა იქ წერილებს აგზავნის და სხდომების გაშუქებას ითხოვს.
ნათია ამირანაშვილი იხსნებს გამონაკლისსაც, როცა „ოცნებამ“ სასამართლოს კარი პროსახელისუფლებო მედიისთვის გახსნა:
„დაახლოებით 20-მდე განცხადება მაქვს დაწერილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და არცერთზე პასუხი არ მიმიღია. ბოლოს ე.წ. საბოტაჟის საქმეზეც მივმართე…
ამ ერთი წლის განმავლობაში ერთადერთი გადაღებული პროცესი მახსოვს მედიის მხრიდან – „გიორგი ბაჩიაშვილის პროცესი“, რომელიც გადაიღეს პროსახელისუფლებო მედისაშუალებებმა. ეს „შესაძლებლობა“, რომელიც კანონმდებლობაში ვითომ დატოვეს, მედიისთვის არის უსარგებლო და პრაქტიკაში არ მუშაობს,“ – აღნიშნა ნათია ამირანაშვილმა „ბათუმელებთან“.
- „მედიაომბუდსმენის“ თანამშრომელი: საზოგადოება იღებდა ინფორმაციას და ჩნდებოდა ემპათია…
სასამართლო პროცესების დახურვაზე შეკითხვის დასმისთანავე „მედიაომბუდსმენის“ თანამშრომელს, ჯანო ჭკადუას თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურები ახსენდება და მანდატურების დაპირისპირება მოქალაქეებთან, რაც ჟურნალისტებმა ასევე გადაიღეს.
იურისტის დაკვირვებით, ივანიშვილის დაჯგუფებაზე გავლენა სასამართლოს ამბების აქტიურად გაშუქების დროს საზოგადოების რეაქციამ მოახდინა – „ადამიანებში ჩნდებოდა ემპათია“, – ამბობს ჯანო ჭკადუა.
„როდესაც სასამართლო პროცესები შუქდებოდა Live რეჟიმში, საზოგადოებას პირდაპირ შეეძლო დასკვნების გაკეთება. ამ დროს საზოგადოებას უჩნდებოდა ემპათია – ადამიანები პირდაპირ ხედავდნენ, რეალურად რის გამო უშვებდნენ ადამიანებს ციხეებში.
ფაქტია, ასევე, რომ ჟურნალისტები უქმნიდნენ მოწმეებს დისკომფორტს, მათ შორის, შსს-ს იურიდიულ დეპარტამენტის იურისტებს, რომლებიც ითხოვენ აქციაზე მყოფი პირებისთვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებას. ჟურნალისტები მათგან ითხოვდნენ ახსნა-განმარტებებებს. ესეც დისკომფორტი იყო.
შეზღუდვის დაწესების რეალური მიზეზი იყო ის, რომ ყოველგვარი დისკომფორტის შეგრძნების გარეშე, თავისუფლად ყოფილიყვნენ სასამართლოში. ეს იყო მიზეზი და, რა თქმა უნდა, ამ გადაღებით სასამართლო სხდომის ჩატარებას არანაირად ხელი არ ეშლებოდა,“ – გვითხრა ჯანო ჭკადუამ.

რამდენად შეიცვალა მედიაგარემო მას შემდეგ, რაც ჟურნალისტებს სასამართლოებში ფოტოს და ვიდეოს გადაღება, ასევე ხმის ჩაწერა აუკრძალეს?
„ეს პირდაპირ უკავშირდება სასამართლოს ღიაობის პრობლემას. ფორმალურად შეიძლება სასამართლომ თქვას, რომ ჩვენ ღია ვართ, არ ვართ შეზღუდული, მიეწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია მიმდინარეობს პროცესებზე, მაგრამ, როცა ჟურნალისტები უბრალოდ ჩანაწერებს აკეთებენ და ჩანაწერების საშუალებით ცდილობენ საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდონ, ეს რეალობა არსებითად განსხვავდება იმისგან, როცა ჟურნალისტებს ჰქონდათ ფოტო-ვიდეოს გადაღების საშუალება, როცა ჰქონდათ მათ ამ შემთხვევაში შესაძლებლობა ჩაეწერათ: რას ამბობდა მოწმე, რაზე იყო კამათი, გადაეღოთ ფოტოები და გისოსებს მიღმა მყოფ ბრალდებულს საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესი დაემსახურებია,“ – ამბობს ჯანო ჭკადუა.
- ზვიად ქორიძე: სასამართლო უნდა ჩაიგდოს ხელში ავტორიტარულმა რეჟიმმა და მერე უკვე წინააღმდეგობა აღარ აქვს
ზვიად ქორიძის დაკვირკვებით, ავტორიტარიზმის დამყარება საქართველოში პირდაპირპროპორციულად აისახება სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხზე. მისი აზრით, შემდეგი ნაბიჯი, შეიძლება იყოს, სასამართლოდან ადვოკატების მიერ სხდომის ჩანაწერის გამოთხოვის აკრძალვა – ავტორიტარების სვლები ავტორიტარული ქვეყნების მაგალითებით უკვე ცნობილია.
„ძალიან კარგად აცნობიერებს ავტორიტარიზმი, რომ ღიაობა, პირველ რიგში, მას ურტყამს – არა მურუსიძეს და ჩინჩალაძეს, არა იმ მოსამართლეებს, რომლებიც სინდისის პატიმრების საქმეებზე გადაწყვეტილებებს იღებენ, ეს გამჭვირვალობა ურტყამს ბიძინა ივანიშვილს.
ივანიშვილი, ერთი მხრივ, ამბობს: ნახეთ სასამართლო, რომელიც ჩვენ გავათავისუფლეთ, მაგრამ ამ „გათავისუფლებას“ მოქალაქე ვერ ხედავს. მოქალაქეს დაუტოვეს განცდა, რომ ესენი ცუდი მოსამართლეები კი იყვნენ ოდესღაც, მაგრამ მაშინ მიხეილ სააკაშვილის მმართველობა იყო, შიშით და მათზე ზეწოლით მუშაობდნენ. მაგრამ ახლა თურმე ესენი კარგები გახდნენ.
ეს განწყობა არ უნდა რომ დაერღვეს ხელისუფლებას, არ უნდა რომ მოქალაქეს ეჭვი გაუჩნდეს ამ მოსამართლეების შესახებ,“ – მიიჩნევს ზვიად ქორიძე.

როგორ მივედით სასამართლო პროცესების დახურვამდე?
„საწყის ეტაპზე იყო მეტი გამჭვირვალობა სასამართლო სისტემაში,“ – გვესაუბრება ზვიად ქორიძე. – „2016 წლიდან უკვე ყალიბდება მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანი, რომელმაც ერთგვარი გარიგება დადო პირადად ივანიშვილთან: მოსამართლეები გააკეთებდნენ ყველაფერს, რაც სურდა ივანიშვილს, შესაბამისად, ივანიშვილმა უნდა გააკეთოს ყველაფერი, რაც სურს სასამართლო კლანს. დაცული უნდა იყოს ერთის ძალაუფლება, მეორეს – ხელშეუხებლობა.
ზვიად ქორიძის აზრით, ივანიშვილმა სწორედ „მზია ამაღლობელის საქმეში“ ირაკლი დგებუაძის დაკითხვის სააშკარაოზე გამოტანის დროს დაინახა: სასამართლოს ღიაობა საფრთხეს მის ძალაუფლებას უქმნის.
- რა ეფექტი ჰქონდა სინდისის პატიმრების სასამართლო სხდომების საზოგადოებისთვის ჩვენებას? – ვკითხეთ ზვიად ქორიძეს.
„თუ ადამიანი მიადევნებდა თვალს სასამართლო პროცესებს, ნახავდა, მაგალითად, როგორ მივიდა ერთ-ერთ პროცესზე მოწმე, რომელიც არ არის მოწმე, მან არც იცის საქმის დეტალები – არ ყოფილა იქ. გვინახავს მოწმე პოლიციელი, რომელსაც იმ დღეს მორიგეობა არ ჰქონია და ქუჩაშიც კი არ გამოსულა, მაგრამ ის ვალდებულია, გახდეს მოწმე – თავისი წილი ანგარიში აქვს მთავრობასთან.
ვნახეთ, ბრალდებულს როგორ ვერ სცნობდა მოწმე, არ იცოდა, ხელს ვის ადებდა. აღარ მაქვს საუბარი მართლაც კომიზმამდე მისულ სიტუაციამდე, რაც მზიას პროცესებზე იყო. ეს აგიჟებს ბიძინა ივანიშვილს, ბუნებრივია.
მომისმენია კომენტარები: მე სულ არა მაქვს სასამართლოსთან საქმე და რატომ უნდა იყოს სასამართლო ღიაო. იმიტომ კი არ უნდა იყოს სასამართლო ღია, რომ შენ გაქვს სასამართლოში საქმე და შენი საქმე როცა იქნება, მაშინ გაიღოს, არამედ იმიტომ უნდა იყოს სასამართლო ღია, იმიტომ უნდა იყოს სასამართლოს მიმართ საზოგადოებრივი კონტროლი მაღალი, რომ არავინ არ იგრძნოს სასამართლო სისტემის რეალური სახე საკუთარ თავზე.
დღეს ჩვენ განვიხილავთ სასამართლოში უმძიმეს საქმეებს. ალეკო ელისაშვილს 13 წელი მიუსაჯეს საქმეზე, რომლის არაფერი არ იცის საზოგადოებამ. არ იცის იმიტომ, რომ სასამართლო არის დახურული. ადვოკატს ხელი მოაწერინეს, არ გათქვას საიდუმლოება. რეალურად ჩვენ არ ვიცით არაფერი. ვართ დამოკიდებული მხოლოდ და მხოლოდ პროკურორის ნათქვამზე.
ასევე, არის უმძიმესი საქმე „ელისო კილაძის საქმე“, როდესაც ბრალდება არის ძალიან შემაშფოთებელი. დაკავებული ჰყავთ ჟურნალისტი, რომელიც ძალიან მწვავე გამოძიებებს აკეთებდა. ჩვენ არ ვსაუბრობთ ამ ნამუშევრების ხარისხზე – მოგვწონს ეს გამოძიებები, თუ არ მოგვწონს, მაგრამ ელისო კილაძე ჟურნალისტურ საქმიანობას ეწევა წლებია და მას ჰყავს თავისი აუდიტორია.
რატომ უნდა იყოს ეს საქმე დახურული? რატომ უნდა გადაწყვიტოს მოსამართლემ, როგორც მას მოუნდება, რომ რაღაც საქმე დაიხუროს, რომ ამ საქმის მიმართ არ არის საჯარო ინტერესი? პირიქით, ძალიან მწვავე საქმეებზე, მათ შორის, საქმეზე, სადაც სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი მასალები შეიძლება გაჟღერდეს, დემოკრატიულ ქვეყნებში მოსამართლეები იღებენ გადაწყვეტილებას, რომ იმდენად მაღალია საჯარო ინტერესი, რომ ეს საქმე უნდა გაიხსნას,“ – მიიჩნევს ზვიად ქორიძე.
ჟურნალისტის აზრით, სასამართლო პროცესების საზოგადოების დახურვა პირდაპირ უკავშირდება საზოგადოების დაცულობას: ვერავინ იქნება დაცული, როცა არ ვიცით, რის გამო სვამენ ციხეებში ადამიანებს.
„როდესაც დახურულ პროცესებზე ასამართლებენ ალეკო ელისაშვილს, ან ელისო კილაძეს, რამდენად დაცულია ამ დროს საზოგადოება? როდესაც ცრუ მოწმეები მიდიან სასამართლო პროცესზე და ჟურნალისტები ამას ვეღარ იწერენ, რამდენად არის დაცული საზოგადოება და მისი უსაფრთხოება?
მიმაჩნია, რომ სწორედ აი ეს ანგრევს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სტანდარტებს და საზოგადოებრივი ინტერესის სტანდარტებს.
ამიტომაც ჩვენ ვეღარ ვსაუბრობთ სასამართლოზე, როგორც დემოკრატიულ ინსტიტუციაზე. ჩვენ ვსაუბრობთ სასამართლოზე, როგორც ავტოკრატიული ხელისუფლების ხელსაწყოზე,“ – გვითხრა ზვიად ქორიძემ.
ჟურნალისტი ზვიად ქორიძე მნიშვნელოვნად მიიჩნევს, სასამართლოს დამოუკიდებლობის და ღიაობის პრობლემა თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს, რადგან ეს ეხება თითოეულ მოქალაქეს. ზვიად ქორიძე გვახსენებს საბჭოთა რეპრესიებს, სადაც ასევე სასამართლოების გადაწყვეტილებების შესაბამისად ხვრეტდნენ, ასახლებდნენ ადამიანებს:
„თუ გადავშლით იმ პერიოდის პრესას: „პრავდას“, ან „იზვესტიას“, ბოლო გვერდებზე ვნახავთ პატარა ქრონიკას, სადაც წერია, რომ უზენაესი სასამართლოს რომელიღაცა კოლეგიამ განიხილა ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაზე ბრალდებულების საქმე და დახვრიტა ამდენი ადამიანი. რას იღებდა ამით საზოგადოება? ხშირ შემთხვევაში მათ ძალიან კარგად იცოდნენ, რომ მათი მეზობელი იყო დაჭერილი და დახვრეტილი, მათი მეზობელი იყო გადასახლებული, მათი მეზობლის სახლში ვიღაც ჩეკას თანამშრომელი შესახლდა, მაგრამ უკვე წინააღმდეგობას ვეღარ უწევდნენ ამას…“ – გვიყვება ზვიად ქორიძე.
დღესაც არის იგივე საფრთხე, რომ საბჭოთა რეალობა მივიღოთ და აბსოლუტურად ფორმალური სასამართლო, რომელიც პოლიტიკური ხელისუფლების ნებისმიერ დაკვეთას შეასრულებს?
„აუცილებლად ასე მოხდება. სხვა რა მოტივი შეიძლება ჰქონდეს სასამართლოს ჯიბეში ჩადებას, სასამართლოს სახის დაკარგვას?“ – შეკითხვას გვიბრუნებს ზვიად ქორიძე.