„დინამო ბათუმის“ ცნობილი ფანკლუბი, Black Sea Pirates-ს, აცხადებს, რომ 25 მაისს გამართულ საიუბილეო მატჩზე, რომელზეც „დინამო ბათუმი“ „რუსთავს“ ხვდებოდა, სცადეს სტადიონზე განთავსებული ბანერის ჩამოხსნა, რომელიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების სოლიდარობის ნიშნად იყო გამოფენილი.
საუბარია ბანერზე წარწერით – „ბავშვებს ვჭირდებით“.
„სტადიონზე განთავსებული ბანერები ეძღვნებოდა როგორც საიუბილეო, მეასე მატჩს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ასევე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებს — ბავშვებს, რომლებსაც ჩვენი მხარდაჭერა და თანადგომა ყველაზე მეტად სჭირდებათ.
მატჩის დაწყებისთანავე მოხდა დაუჯერებელი ფაქტი — ვიღაცისთვის მიუღებელი აღმოჩნდა საქველმოქმედო ბანერი და მისი ჩამოხსნის მცდელობა განხორციელდა. იმ მომენტში ეს იყო არა უბრალოდ ბანერი, არამედ სოლიდარობის სიმბოლო.
რთულია სიტყვებით აღწერო ის განცდა, როცა ხედავ მსგავს დამოკიდებულებას იქ, სადაც ერთიანობა და ღირსება უნდა სუფევდეს. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ბავშვებს ეხება.
ჩვენ, გულშემატკივრებმა, დროულად ვიმოქმედეთ და ბანერი კვლავ თავის ადგილას დავაბრუნეთ. ეს იყო მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი — იმისთვის, რომ ხმა არ ჩაეხშოთ მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება მხარდაჭერა.
ამასთანავე, ჩვენი მხრიდან გაკეთდა მცირედი ფინანსური შემოწირულობა შესაბამის ფონდში — როგორც კიდევ ერთი ნაბიჯი ამ ბავშვების გვერდში დგომისთვის.
გვჯერა, რომ ფეხბურთი მხოლოდ თამაში არ არის. ის არის ემოცია, ერთიანობა და ადამიანობა. და სწორედ ეს უნდა იმარჯვებდეს ყოველთვის“ – წერს „დინამო ბათუმის“ ფანკლუბი, Black Sea Pirates-ს ფეისბუქზე.
______________
ფოტო: Black Sea Pirates/facebook