სიახლეები

ინციდენტი შუახევში: დააკავეს თუ არა ქართული ოცნების წევრები

05.08.2012 • 1757
ინციდენტი შუახევში: დააკავეს თუ არა ქართული ოცნების წევრები


შუახევის პოლიციამ “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის ორი წარმომადგენელი გიორგი ხურციძე და გიორგი ობოლაძე 5 აგვისტოს ღამეს პოლიციაში წაიყვანა.

 

 

ამის თაობაზე  5 აგვისტოს “ქართული ოცნების” პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ ბათუმში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცახა.


მისი ინფომრაციით შესაძლოა დაკავებული იყოს ასევე “ქართული ოცნების” კიდევ ერთი წევრი, ირაკლი დობორჯგინიძე, რომლის მანქანაში გიორგი ხურციძემ და სხვა ახალგაზრდებმა ფარულად დამონტაჟებული ვიდეოთვალი და მოსასმენი პარატურა აღმოაჩინეს.


“ინცინდენტი მოხდა გუშინ შუახევში, სასტუმროში, სადაც ჩვენი ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები იყვნენ გაჩერებული. პოლიცია მივიდა გვიან ღამით, თითქოსდა ქურდობის ფაქტზე, სინამდვილეში, საქმე ეხებოდა ხელისუფლების მიერ ჩვენს ახალგაზრდებში ჩანერგილ პირს, ირაკლი დობორჯგინიძეს და მის ადგილიდან გაყვანას. ირაკლი დობორჯგინიძე ორი თვეა რაც “ქართული ოცნებას” შემოუერთდა და სხვა ახალგაზრდებთან ერთად გადაადგილდებოდა”, -აცხადებს მაია ფანჯიკიძე.


მისივე ინფორმაციით, ირაკლი დობორჯგინიძე შუახევში ასვლიდან მეორე დღეს გაურკვეველი წარმომავლობის მანქანით ამოძრავდა, რომლის სახელმწიფო ნომერია GPG 121.


“ის ახალგაზრდობის წევრებს ისვამდა მანქანაში და საეჭვო კითხვებს უსვამდა, მაგალითად ეწეოდნენ თუ არა პლანს, აძლევდა თუ არა მათ ვინმე ფულს და ა.შ. ახალაგაზრდებმა მასზე ეჭვი აიღეს და მის მანქანაში აღმოუჩინეს ჩამონტაჟებული ვიდეოთვალი და ჩამწერი. ამის გამო მოხდა უსიამოვნება. როცა პოლიცია სასატუმროში მივიდა ის ცალკე ესაუბრა ირაკლი დობორჯგინიძეს, ქურდობის ფაქტზე კი გამოძიება არ ჩატარებულა”, – აცხადებს  ფანჯიკიძე.


ირაკლი დობორჯგინიძე სააგენტო “ინფო 9”-ის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში ამბობს, რომ მანაქანში სათვალთვალო აპარატურა თავად დაამონტაჟა უსაფრთხოების მიზნით.


როგორც ფანჯიკიძე ამბობს, მათ მიმართეს უწყებათაშორის კომისიას ფაქტთან დაკავშირებით: “ჩვენ მოვითხოვთ, არ დაიკითხოს გიორგი ხურციძე ადვოკატის გარეშე, არ მოხდეს მასზე ზეწოლა, რადგან ის არის ერთ-ერთი აღმომჩენი ვიდეოთვალის და მის მიმართ ხელისუფლებას შეიძლება განსაკუთრებული ინტერესი ჰქონდეს. შესაბამისმა ორგანომ გვითხრას, რა საპროცესო სტატუსით სარგებლობს ირაკლი დობორჯგინიძე და არის თუ არა ის დაკავებული, მიუხედავად მისი სავარაუდო ფუნქციისა, ჩვენთვის სულერთი არ არის, თუ რა სტატუსი ექნება მას. ასევე გვაცნობონ, მიმდინარეობს თუ არა ძიება ვიდეოთვალის დამონტაჟებაზე და უკანონო თვალთვალის ფაქტზე. რაც პირდაპირ მიგვიყვანდა იმ საჯარო მოხელეებამდე რომლებმაც მიიყვანეს დობორჯგინიძე ამ სიტუაციამდე” -განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

 

კითხვაზე, თუ რა ინფორმაციას ფლობს “ქართული ოცნება” ირაკლი დობორჯგინიძის წარსულის შესახებ, მაია ფანჯიკიძე ამბობს: “მის შესახებ არაფერი არ ვიცით. ორი თვეა რაც ჩვენს ახალგაზრდებს შემოუერთდა და მხოლოდ ახლა გაჩნდა მის მიმართ ეჭვი. ოფისში ბევრი ახალგაზრდაა ვინც გამოთქვამს ჩვენთან თანამშრომლობის სურვილს”.  


ამ დროისთვის უცნობია  სამართალდაცავებმა დააკავეს თუ არა “ქართული ოცნების” წევრები, თუ მათი დაკიტხვა კვლავაც მოწმის სტატუსით მიმდინარეობს.

გადაბეჭდვის წესი