სიახლეები

პოლიციას ჟურნალისტებზე ძალადობის დროს რეაგირება არ ჰქონია

04.08.2012 •
პოლიციას ჟურნალისტებზე ძალადობის დროს რეაგირება არ ჰქონია

 

 

სოფო ჟღენტი, ტელეკომპანია „მაესტროს” კორესპოდენტი აჭარიდან ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წითელმაისურიანმა მომხრეებმა მას უბიძგეს და ხელი დაარტყეს: „მერე კამერაზე წამოვიდნენ. ვიყვირე – პოლიცია!  იქვე მდგომ პოლიციას რეაგირება არ ჰქონია. კადრებშიც ისმის ხმა, როგორ ვთხოვ პოლიციას, რომ წრე შემოგვარტყან და დაგვიცვან ჟურნალისტები. რამდენიმე ხნის მერე გააკეთეს ეს.

იქ იყვნენ „რეალტივის” ჟურნალსიტებიც. მათთვის ხელი არ დაურტყამთ, თუმცა იყო გაწევის მომენტი „ქართული ოცნების” მხარდამჭერის მხრიდან და შევეცადეთ მათი დაცვა და იმ ადამიანების გადაღება, რომლებიც ამას აკეთებდნენ.

მოგვიანებით ის ადამიანიც ჩავწერე, რომელმაც ხელი დამარტყა. „ბოდიში, ანერვულებული ვიყავიო და დაამატა, მოგვარდა ეს ამბავიო”.

სოფო ჟღენტი ამბობს, რომ ჯერ არა აქვს გადაწყვეტილი, მიმართავს თუ არა სამართალდამცავ ორგანოებს: „უნდა ვესაუბრო სპეციალისტებს. მე, პერსონულად, მინდა საქმე აღიძრას ამ ადამიანებზე, რომ ერთხელ და სამუდამოდ ვინმემ აგოს პასუხი ჟურნალისტის, მოქალაქის შეურაცხყოფაზე. არსებობს კანონი, რომელსაც უნდა დავემორჩილოთ.” – ამბობს სოფო ჟღენტი.

მუშაობაში ხელი შეუშალეს ტელეკომპანია „მეცხრე არხის” კორესპოდენტს ბათუმიდან ნათია როყვას. „მეცხრე არხის” მიერ გავრცელებულ კადრებში სჩანს, როგორ თხოვს ჟურნალისტი პოლიციას დაიცვან მოქალაქეების აგრესიისგან.

ნათია როყვა: „ჟურნალსტებზე იყო ფიზიკური ძალადობა, შეჯანჯღარება, შეძახილები: „წადი აქედან, „რუსების აგენტებო“! ხელით რომ შემეხენ, შტატივი გამივარდა, მივედი პატრულთან და ვთხოვე მოახდინეთ რეაგირება ფაქტებზე, რომელიც თქვენი თვალით დაინახეთქო. კომეტარს არ გიკეთებებო. ვუთხარი, კომეტარი კი არ მინდა, გთხოვთ უზრუნველოყოთ ჩემი უსაფრთხოება საჯარო ადგილას.

მომხრებიდან  რამდენიმე იყო  აშკარად ნასვამი. დავინახე ერთ-ერთი ადგილობრივი საჯარო მოხელე მიუთითებდა მომხრეებს, საით უნდა წასულიყვნენ.” 

 

დღეს ჟურნალსიტებს, საზოგადოებრივი მაუწყებლის, „რუსთავი 2“ -სა და „იმედის” გარდა არ მისცეს პრეზიდენტის გადაღების საშუალება.

ნათია როყვა ამბობს, რომ პრეზიდენტს უთხრა, რომ მისი დაცვა არ აძლევდა მუშაობის საშუალებას, თუმცა მიხეილ სააკაშვილს მისთვის ყურადღება არ მიუქცევია.  „იგივე ვუთხარი ლევან ვარშალომიძეს” – ამბობს ნათია როყვა, „ვინა, ვინ გაბედაო – თქვა ვარშალომიძემ, გაირა და წავიდა.

 

გადაბეჭდვის წესი