სასამართლო მსჯელობს, მიიღოს თუ არა წარმოებაში მზია ამაღლობელის სარჩელი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ, მისი ცილისმწამებლური განცხადებების, უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის გამო.
სასამართლოში სიტყვით ისარგებლა „ნეტგაზეთისა” და ,,ბათუმელების“ დამფუძნებელმა, მზია ამაღლობელმა:
„ბედის ირონია მგონია ამ მოცემულობაში ყოფნა და რას ვგულისხმობ. როგორც თქვენ აღნიშნეთ, დღეს სასამართლომ უნდა იმსჯელოს საქმის დასაშვებობაზე. მოკლედ ამ დავის საგანი ერთ სიტყვაში არის ცილისწამება.
სასამართლომ უნდა იმსჯელოს სიტყვისა და გამოხატვის კანონიდან გამომდინარე.
დავის ავტორი მე ვარ. ადამიანი, რომელიც მიუკერძოებელ მედიას წარმოადგენდა, რომლისთვისაც ყველაზე ღირებული და ფასეული რამ არის გამოხატვის თავისუფლება და მთელი ჩემი ცნობიერი ცხოვრება საჯარო დებატებისა და დისკუსიების გაძლიერებაზე ვმუშაობდი.
მოპასუხე მხარე არის ირაკლი კობახიძე, რომელიც პრემიერის სტატუსით სარგებლობს და მან, თავისი ძალაუფლების პირობებში, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება რეპრესიებს დაუქვემდებარა.
საქმეში მოცემული სადავო განცხადებები მხოლოდ შეფასებითი რომ იყოს და ამას არ ვხედავდე, როგორც განზრახ მცდარი ფაქტის გავრცელებას, მერწმუნეთ, მორალურად და ემოციურად ეს განცხადებები რამდენად მიუღებელი, პროვოკაციული და შოკისმომგვრელი არ უნდა ყოფილიყო, არ მივანიჭებდი იმდენ მნიშვნელობას, რომ სასამართლოში მედავა.
რატომ მოვიდა ეს საქმე სასამართლომდე: ერთი განცხადებიდან ამონარიდს წავიკითხავ, კობახიძისა: „ფაქტი იყო ასეთი, თქვენ გახსოვთ ჯერ იყო პირველი ინციდენტი, სტიკერებს აკრავდა პოლიციელებს ეს ადამიანი“.
აღარ გავაგრძელებ და არც სხვა განცხადებებზე გავამახვილებ ყურადღებას. ბუნებაში ასეთი ფაქტი არ ყოფილა. ძალიან მინდა მოვისმინო მსჯელობა, კითხვა მაინც დაისვას სასამართლოში, როდესაც ბატონი კობახიძე ამ განცხადებებს აკეთებდა, ეს იყო გააზრებული, თუ დაუდევრობა იყო? გადაამოწმა? ძალისხმევა გაიღო ამისთვის?
დიდი იმედი მაქვს, რომ სასამართლო არ შეწყვეტს ამ საქმეს. ეს იყო მცდარი ფაქტების გავრცელება. დაადგინოს სასამართლომ, ეს იყო მიზანმიმართული, თუ დაუდევრობის შედეგი.
ძალაუფლების დემონსტრირებაა, თუ სასამართლოს უპატივცემულობა, რომ აქ [დარბაზში] მოპასუხეს ვერ ვხედავ?“
__
რა თქვა კობახიძემ?
მზია ამაღლობელი მოითხოვს ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული სამი სხვადასხვა განცხადების უარყოფას:
- 2025 წლის 29 იანვარს “იმედი LIVE”-ის ეთერში კობახიძი მიერ გაკეთებული ცილისმწამებლური განცხადება:
„ფაქტი იყო ასეთი. თქვენ გახსოვთ, ჯერ იყო პირველი ინციდენტი, როდესაც სტიკერებს აკრავდა პოლიციელებს ეს ადამიანი.. ..მისი ეს სამართალდარღვევა არავითარი ფორმით არ იყო დაკავშირებული ჟურნალისტურ საქმიანობასთან, იქ ის მოქმედებდა, როგორც პარტიული აქტივისტი. აქედან გამომდინარე, მედიასთან ამ ფაქტის დაკავშირება არის აბსოლუტური სპეკულაცია.. ..აქ არც კი გამოხატავს სინანულს, არც ის და არც მისი თანაპარტიელები კოლექტიური ნაცმოძრაობიდან”, – განაცხადა კობახიძემ.
ეს განცხადება ფაქტობრივად არასწორ ინფორმაციებს შეიცავს: პირველ რიგში, ტყუილია, რომ მზია ამაღლობელმა სტიკერი პოლიციელს მიაკრა. ამას ადასტურებს ის ვიდეომტკიცებულებები, რომლებიც მზია ამაღლობელის დაკავების დღესაა გადაღებული და საჯაროდ ხელმისაწვდომია. გარდა ამისა, “პოლიციელისთვის სტიკერის მიკვრაზე” არანაირი ოქმი არ არის შედგენილი.
გარდა ამისა, ფაქტობრივად არასწორია კობახიძის ნათქვამი, თითქოს ამაღლობელი “მოქმედებდა, როგორც პარტიული აქტივისტი”, ან თითქოს “შედის კოლექტიური ნაცმოძრაობის პარტიაში”.
ამაღლობელის ინტერესების დამცველების შესახებით, კობახიძის ამ განცხადების მიზანი ჟურნალისტის სახელის გატეხვა, მისი პიროვნული დაკნინება და რეპუტაციის შელახვა იყო.
2. 2025 წლის 30 იანვარს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გაკეთებული ცილისმწამებლური განცხადება:
“როდესაც საუბარია კონკრეტულად მზია ამაღლობელზე, პასუხისმგებლობა უნდა აიღონ მისმა დონორებმა. თქვენ იცით, რომ ის არის უცხოეთიდან დაფინანსებული პირი, მისი ორგანიზაციები ფინანსდება უცხოეთიდან და არც ერთი მისი დონორი არ იღებს პასუხისმგებლობას იმ ძალადობაზე, რაც ამ ქალბატონმა განახორციელა პოლიციელის წინააღმდეგ. ყველა მისი დონორი, თითოეული თანხის ჩამდები მის ორგანიზაციებში, არის პასუხისმგებელი იმ პარტიულ-პოლიტიკურ ძალადობაზე, რომელიც განახორციელა მზია ამაღლობელმა. შესაბამისად, თუ ვინმეს უნდა რაიმეზე საუბარი, პირველ რიგში მოინანიონ და გამოხატონ სინანული ძალადობის წახალისებისთვის”, – განაცხადა კობახიძემ.
„იმედის“ ეთერში გაკეთებული განცხადებების მსგავსად, ტყუილია კობახიძის ეს განცხადებაც. კერძოდ, სიცრუეა, რომ მზია ამაღლობელმა “ძალადობა ჩაიდინა”, უფრო მეტიც, თითქოს მან ჩაიდინა “პარტიულ-პოლიტიკური ძალადობა”. ეს არათუ მაშინ არ იყო დადასტურებული, როცა კობახიძე ამას ამბობდა, არამედ ვერ დაადასტურა ვერც ბათუმის საქალაქო სასამართლომ.
ადვოკატების შეფასებით, კობახიძე მიზანმიმართულად ცდილობდა მზია ამაღლობელის მიმართ საზოგადოებაში ნეგატიური განწყობის შექმნას.
3. 2025 წლის 16 აპრილს “რუსთავი 2”-ის ეთერში, გადაცემა “ღამის კურიერში” გაკეთებული ცილისმწამებლური განცხადება:
“უდიდესი ნაწილი იმ ადამიანების, ვინც დღეს არის საპატიმროში, არის მსხვერპლი. ამას ვერ ვიტყოდი, მაგალითად, მზია ამაღლობელზე, რომელიც მსხვერპლი არ არის, რომელიც კონკრეტულ დაკვეთას ასრულებდა, როდესაც შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელს, მისი დავალება იყო პოლიციის დაკნინება და პოლიციის ღირსების შეურაცხყოფა”, – განაცხადა კობახიძემ.
ამ შემთხვევაში ტყუილია, რომ მზია ამაღლობელი “კონკრეტულ დაკვეთას ასრულებდა”, ტყუილია, რომ “მისი დავალება იყო პოლიციელის დაკნინება და ღირსების შეურაცხყოფა”.
“ეს განცხადება ემსახურება მისთვის [მზია ამაღლობელისთვის], როგორც 24 წლის მანძილზე საქართველოში მოღვაწე კეთილსინდისიერი, მიუკერძოებელი ჟურნალისტისთვის პატივის შელახვასა და რეპუტაციული ზიანის მიყენებას”, – წერია სარჩელში.
იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლე ლიანა კაჟაშვილი მზია ამაღლობელის სარჩელს დააკმაყოფილებს, კობახიძეს გავრცელებული ცილისმწამებლური განცხადებების უარყოფის ვალდებულება ექნება მოსამართლის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 2 კვირის ვადაში.
ეს არ არის პირველი სარჩელი, რომელიც მზია ამაღლობელმა ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მოამზადა. იმავე საფუძვლით ამაღლობელმა აქამდეც მოითხოვა კობახიძისგან ცილისმწამებლური განცხადებების უარყოფა. წინა სარჩელი ეხებოდა 2025 წლის 10 ივლისს “იმედის” ეთერში და 2025 წლის 23 ივლისს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გაკეთებულ განცხადებებს.
ორივე შემთხვევაში კობახიძე ირწმუნებოდა, რომ მზია ამაღლობელის ქმედება – შეურაცხყოფის საპასუხოდ ბათუმის პოლიციის მაშინდელი უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გარტყმა – იყო დაკვეთილი “უცხო ძალებისგან” და მისი მიზანი იყო პოლიციის იმიჯის დაკნინება. ამ საქმეზე სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 2025 წლის 24 ნოემბერს გაიმართა. სხდომას არ ესწრებოდა მოპასუხე მხარე – სასამართლოში არ მისულა არც ირაკლი კობახიძე და არც მისი წარმომადგენელი. მოსამართლე დავით აკობიძემ შეწყვიტა ამ საქმის წარმოება.