12 მარტს, გამთენიისას, ერაყის ტერიტორიულ წყლებში, ქალაქ ბასრასთან, ირანული ჭურვები მოხვდა ორ ნავთობტანკერს.

ბიბისის ცნობით, ჭურვების მოხვედრის შემდეგ, მარშალის დროშის ქვეშ მცურავ Safesea Vishnu-ზე და მალტის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერ Zefyros-ზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა.

რადიო თავისუფლების ცნობით, ნავთობტანკერ Zefyros-ზე, რომელზეც თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა, 23 ქართველი მეზღვაური იმყოფებოდა. ყველა მათგანი უსაფრთხოდაა.

ყველა მათგანი გადარჩა და ამჟამად  ყველა უსაფრთხო ადგილასაა გადაყვანილი.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა გემზე მყოფი ერთ-ერთი მეზღვაურის მეუღლეს, რომელმაც გვითხრა, რომ როგორც მისი ქმარი, ისე სხვა მეზღვაურები უსაფრთხოდ არიან.

„ხმელეთზე არიან. ყველა ჩართულია. ველოდებით, როდის მოაგვარებენ საბუთების, პასპორტის ამბავს და დაბრუნდებიან,“ – უთხრა მეზღვაურის მეუღლემ „ბათუმელებს“.

“ბათუმელები” დაუკავშირდა საგარეო საქმეთა სამინისტროს და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, ხომ არ არიან ჩართული მეზღვაურების დაბრუნების საკითხში.

„მოვიკითხავთ და შეგეხმიანებით,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში კი „ბათუმელების“ ზარებს არ უპასუხეს.

რაც შეეხება მეორე ნავთობტანკერს, მარშალის დროშის ქვეშ მცურავ Safesea Vishnu-ს ეკიპაჟს, ბიბისი ერაყის საინფორმაციო სააგენტოზე დაყრდნობით წერს, რომ ეკიპაჟის 38 წევრი გადაარჩინეს, ერთი მათგანი კი დაიღუპა.

სააგენტო NDTV-ის ცნობით, დაღუპული მეზღვაური ინდოეთის მოქალაქე იყო.  გამოცემა ბაღდადში ინდოეთის საელჩოზე დაყრდნობით წერს, რომ გემზე მყოფი 15 ინდოელი ეკიპაჟის წევრი ევაკუირებულია და უსაფრთხო ადგილასაა გადაყვანილი.

ირანის სახელმწიფო მაუწყებლის IRIB-ის ცნობით, თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ირანმა აიღო და განაცხადა, რომ წყალქვეშა დრონის თავდასხმამ „სპარსეთის ყურეში ორი ნავთობტანკერი ააფეთქა“.

ირანული ჭურვები მოხვდა გემს, რომელზეც 23 ქართველი მეზღვაური იყო

Published by ბათუმელები

გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.

Exit mobile version