გიორგი ცინცაძე ბათუმის მერი 2025 წელს გახდა, „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ. ბათუმის მერის ხელფასი 2026 წლის იანვრიდან, 9 600 ლარია.

2022 წლამდე ბათუმის მერი პოლიციაში მუშაობდა. 2022 წლიდან მას ავსტრიაში საქართველოს საელჩოში, საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში უფროსი მრჩევლის პოზიცია ეკავა, შემდეგ კი საგარეო საქმეთა სამინისტროში – საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების უსაფრთხოების უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორი იყო.

სწორედ 2022 წელს აქვს გიორგი ცინცაძეს შევსებული პირველი ქონებრივი დეკლარაცია.

პირველი დეკლარაციის მიხედვით, გიორგი ცინცაძე იმ დროს თბილისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ფლობდა 166 კვ.მეტრ ბინას, რომელიც 2018 წელს მემკვიდრეობით მიუღია. დღეს, ეს ბინა ცინცაძის საკუთრებაში არ იძებნება. დეკლარაციის შევსებიდან მალევე, ბინა გიორგი ცინცაძის სიმამრის, რევაზ ჯომიდავას საკუთრებაში გადავიდა.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, ჯომიდავამ ეს ბინა ნასყიდობის ხელშეკრულებით დაირეგისტრირა, თუმცა, გიორგი ცინცაძის დეკლარაციებში არც ბინის გაყიდვაზე და არც მიღებულ შემოსავალზე არაფერი წერია.

სიმამრს ეს ბინა 2025 წლის 14 აპრილს, სავარაუდოდ რუსეთის მოქალაქე კირილ ლატიპოვზე მიუყიდია. ამავე მისამართზე არსებული 40.10 კვ.მ ავტოსადგომის მესაკუთრეც ლატიპოვი გახდა. მანამდე კი ეს ავტოსადგომი აკაკი ცინცაძის სახელზე იყო რეგისტრირებული. 

2022 წლის დეკლარაციის მიხედვით, გიორგი ცინცაძეს ჯამში 1 ჰექტარზე მეტი მიწის სამი ნაკვეთი საგარეჯოში, სოფელ მანავში შეუძენია 2020-2021 წლებში. სამივე მიწის ნაკვეთში 38 000 ლარი აქვს გადახდილი, თუმცა 2023 წლის დეკლარაციაში ეს მიწებიც აღარ ფიგურირებს. გაურკვეველია ცინცაძემ ეს მიწები გაასხვისა, თუ უბრალოდ, დეკლარაციაში აღარ ასახა.

2022 წლის დეკლარაციით, გიორგი ცინცაძის მეუღლეს როზალია ჯომიდავას კოჯორში 600 კვ მიწა შეუძენია, რომელზეც განთავსებულია 406 კვ.მეტრი მშენებარე შენობა-ნაგებობა. დეკლარაციის მიხედვით, ამ სახლსა და მიწაში როზალიას 320 000 დოლარი გადაუხდია. ბათუმის მერი არაფერს წერს, ამ სახლის მშენებლობაზე რა თანხებს ხარჯავს.

ერთი წლის შემდეგ, ანუ 2023 წლის დეკლარაციაში, ეს ქონება როგორც მეუღლის მამის საჩუქარი, ისე ჩაწერა გიორგი ცინცაძემ დეკლარაციაში. თუმცა თანხა ამჯერად არა დოლარი, არამედ ლარი მიუთითა. 

2022 წელს შევსებული დეკლარაციიდან:

2023 წელს შევსებული დეკლარაციიდან:

2018 წლის საჯარო რეესტრის მონაცემებით, კოჯრის მიწა და სახლი რევაზ ჯომიდავას სახელზე ყოფილა რეგისტრირებული. ამიტომ გაურკვეველია, რატომ მიუთითეს თავდაპირველად დეკლარაციაში როგორც 2022 წელს შეძენილი ქონება, რაშიც თითქოსდა 320 ათასი დოლარი გადაიხადეს.

2022 წლის დეკლარაციით, ცინცაძის მეუღლეს ასევე უფიქსირდება იპოთეკური სესხი – 199 000 ლარი და ახალშეძენილი ბინა თბილისში, ავალიშვილის ქუჩაზე, რაშიც 95 ათასი დოლარი გადაუხდია.

ამავე ქონებრივ დეკლარაციაში არ არის ასახული, რა შემოსავლების საფუძველზე მიიღო როზალია ჯომიდავამ დიდი ოდენობით იპოთეკური სესხი და რა შემოსავლებიდან იხდიდა ამ სესხის პროცენტს, რადგან დეკლარაციის მიხედვით ის დასაქმებული არ არის.

2022 წლის დეკლარაციით, გიორგი ცინცაძეს დანაზოგის სახით აქვს 15 000 დოლარი.

2021 წელს, ავსტრიაში საქართველოს საელჩოში მუშაობისას, გიორგი ცინცაძეს 53 044 ევრო მიუღია. უთითებს, რომ ეს არის „როტაციის წესით სამუშაო მივლინების თანხა. ოჯახის დაზღვევის და ბინის ქირის ჩათვლით“.

  • რა ხდება გიორგი ცინცაძის მიერ 2023 წელს შევსებულ დეკლარაციაში

2023 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მერის მეუღლე როზალია ჯომიდავა უკვე დასაქმებულია. 2022 წლის პირველი აპრილიდან ის საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში მთავარ სპეციალისტად მუშაობს და ხელფასი სახით, ჯამში, 17 587 ლარი აუღია. მას ასევე უფიქსირდება იპოთეკური და სტანდარტული სესხი – ჯამში 236 343 ლარი.

როზალია ჯომიდავას 2022 წელს კიდევ ერთი ბინა უყიდია 87 630 დოლარად [ქუჩა მითითებული არ არის დეკლარაციაში] და 43 000 ლარი ბინის გარემონტებაში დაუხარჯია. ასევე გადახდილი აქვს ორი სესხის პროცენტი „საქართველოს ბანკში“ – მთლიანობაში 11 279 ლარი.

ამ წლის ხარჯებში ჩანს შვილის სწავლის საფასური ბაქსვუდის სკოლაში, სადაც გიორგი ცინცაძეს 8000 ლარი გადაუხდია.  

დანაზოგის სახით გიორგი ცინცაძე ამ წელს 10 000 დოლარს აფიქსირებს.

ამავე დეკლარაციაში უკვე აღარ ფიგურირებს როზალიას საცხოვრებელი ბინა ავალიშვილის ქუჩაზე, რომელიც 2022 წელს შეიძინა. საჯარო რეესტრის ამონაწერით, როზალია ჯომიდავას ეს ბინაც გაუსხვისებია, თუმცა შემოსავალი დეკლარაციაში ასახული არ არის.

  • 2024 წელს შევსებული დეკლარაცია

კოჯრის სახლი ისევ ფიგურირებს დეკლარაციაში როზალია ჯომიდავას სახელზე. დეკლარაციით ეს ერთადერთი ქონებაა, რომელსაც ბათუმის მერის ოჯახი ინარჩუნებს.

2023 წელს გიორგი ცინცაძე საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობს და მისი ხელფასი 71 990 ლარია წლის განმავლობაში. როზალია ჯომიდავას კი 26 216 ლარი მიუღია ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.

ამავე წელს 12 000 ლარამდეა გაზრდილი შვილის სწავლის გადასახადი, თუმცა ვინ გადაიხადა სწავლის საფასური, დეკლარაციაში მითითებული არ არის.

დამატებითი შემოსავლის სახით გიორგი ცინცაძის მიერ გაყიდული მინიკუპერიდან აღებული 7 000 დოლარია მხოლოდ მითითებული. ახალი ავტომანქანის შეძენა უფიქსირდება გიორგი ცინცაძეს ლიზინგის წესით, 71 700 ლარად. გასავალში კი 4 292 ლარი აქვს დაფიქსირებული. ამავე დეკლარაციაში ჩნდება როზალია ჯომიდავას ავტომანქანაც, რომელიც 89 628 ლარად შეუძენია 2023 წელს.

ამავე დეკლარაციით, გიორგი ცინცაძეს დაახლოებით 71 646 ლარი კრედიტი ჰქონდა გადასახდელი.

  • როგორ გამოიყურება 2025 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით ბათუმის მერის ქონება?

2025 წლის დეკლარაციით [დეკლარაცია შევსებულია 13 ოქტომბერს, როცა გიორგი ცინცაძე ბათუმის ვიცე-მერი იყო], გიორგი ცინცაძეს საგარეო საქმეთა სამინისტროში – 2024 წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით – აღებული აქვს 39 416 ლარი. მის მეუღლეს კი, კვლავ ტურიზმის სააგენტოში – 24 026 ლარი.

ამ დეკლარაციით, გიორგი ცინცაძეს სამომხმარებლო სესხი უფიქსირდება 37 371 ლარის ოდენობით, დანაზოგის სახით კი 8 000 დოლარს უთითებს.

მას ასევე გადახდილი აქვს ლიზინგის თანხა – 19 970 ლარი, ერთი შვილის სწავლის საფასური – 5 ათასი ლარი, ხოლო მეორე შვილის სწავლის საფასური – ჯამში 17 014 ლარი გადახდილი აქვს როზალია ჯომიდავას.

დეკლარაციის მიხედვით, გიორგი ცინცაძეს გადასახდელი აქვს 51 579 ლარის კრედიტი [ეს, როგორც თავად უთითებს, ავტოგანვადების თანხაა].

გიორგი ცინცაძეს სხვა შემოსავალი ან გასავალი 2025 წლის ქონებრივ დეკლარაციაში არ უფიქსირდება.

ამ დეკლარაციით, როზალია ჯომიდავას სახელზეა სახლი კოჯორში და ავტომანქანა Toyota Rav4.

  • საჯარო რეესტრის მონაცემები

საჯარო რეესტრის მონაცემებით, გიორგი ცინცაძის მეუღლის სახელზე 2017-2023 წლებში ფიქსირდებოდა 3 საცხოვრებელი ბინა თბილისში: ბესიკის ქუჩაზე – 86.90 კვ.მ; პეკინის ქუჩაზე – 65.94 კვ.მ; ავალიშვილის ქუჩაზე – 69.00 კვ.მ. თუმცა ბოლო ამონაწერების მიხედვით, სამივე ბინა გასხვისებულია.

დეკლარაციებში არსად აუსახავთ, თუმცა რეესტრის ამონაწერებში ჩანს, რომ როზალია ჯომიდავას 2015 წელს შპს „თემი თრეველიც“ დაუფუძნებია. თუმცა ბოლო ამონაწერის მიხედვით, „თემი თრეველს“ ახლა სხვა მფლობელი ჰყავს.

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან 2018 წლის ამონაწერის მიხედვით კი, როზალია ჯომიდავას ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდა – რუსეთის და საქართველოს.

წყარო: საჯარო რეესტრი

გიორგი ცინცაძის მიერ შევსებული დეკლარაციით, როზალია ჯომიდავა მოსკოვშია დაბადებული, მათი სამი შვილიდან ორი – თბლისში, ხოლო ერთი – ვენაში.

უცნობია, დღეს სად ცხოვრობს გიორგი ცინცაძე ბათუმში და ფლობს თუ არა საკუთრებას.

„ბათუმელებმა“ სცადა მერისგან პასუხები მიეღო შემდეგ კითხვებზე:

  • გაქვთ თუ არა ბათუმში საცხოვრებელი ბინა?
  • ხომ არ იხდით ბინის ქირას და რამდენს?
  • თუ არ ფლობთ საკუთრებას და ცხოვრობთ ოჯახის წევრთან (მამა, და ან ძმა) რატომ არ არის ასახული ამ პირების ქონება და შემოსავლები დეკლარაციაში?
  • თქვენთან ერთად ცხოვრობენ თუ არა თქვენი შვილები? თუ არა, მაშინ მიუთითეთ, ვის საკუთრებაში ცხოვრობენ ისინი?
  • თავდაპირველად დეკლარაციაში გეწერათ, რომ კოჯორში მიწა და სახლი იყიდეთ, შემდეგ კი დაწერეთ, რომ საჩუქარია. რატომ გაჩნდა ურთიერთსაწინააღმდეგო ჩანაწერი დეკლარაციაში? – ეს კითხვები მერიის პრესსამსახურის მეშვეობით მივაწოდეთ ბათუმის მერს, თუმცა მან პასუხის გაცემა არ ისურვა.

„დეკლარაციაში რაც არის მითითებული, იმით იხელმძღვანელეთ“, – მოგვწერეს ერთი დღის შემდეგ პრესსამსახურიდან.

ცესკოს მონაცემებით, ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე და მისი მეუღლე, ბათუმში, რუსთაველის 57 ნომერში არიან რეგისტრირებულები.

ამ მისამართზე არსებული საცხოვრებელი ბინა თავდაპირველად მერის მამის, აკაკი ცინცაძის საკუთრებაში იყო, ბოლო მონაცემებით კი ბინა სოფიო ცინცაძეს (სავარაუდოდ მერის და) ეკუთვნის.

სოფიო ცინცაძის სახელზე ბათუმში რამდენიმე უძრავი ქონებაა რეგისტრირებული, მამის – აკაკი ცინცაძის სახელზე კი 2021 წლის ამონაწერის მიხედვით ფიქსირდებოდა 1501 კვ.მ მიწა, მარკოზ აჭარელის ქუჩაზე, რომელიც სავარაუდოდ გაასხვისა, რადგან ამ მიწას უკვე სხვა მესაკუთრე ჰყავს. აკაკი ცინცაძის სახელზე დღეს რაიმე საკუთრება აღარ იძებნება.

რაც შეეხება როზალია ჯომიდავას მამას, რეესტრის მიხედვით, რევაზ ჯომიდავა ფლობს მიწას მარტვილში, დიდ ჭყონში და ამავე მისამართზე ასევე ითხოვს უფლების აღიარებას სხვა მიწის ნაკვეთებზეც.

2023 წლის ამონაწერის მიხედვით, რევაზ ჯომიდავას საკუთრებაშია 1516 კვ.მ მიწა სოფელ შინდისში.

Published by ლელა დუმბაძე

ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com

Exit mobile version