„ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი დღეს, 4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება.

„ამდენი ხალხი, თითქმის წელიწადია ქუჩაში მშვიდობიანად დგას და ვიღაც უპასუხისმგებლო კლოუნების გამო, რეჟიმის პროპაგანდას ეძლევა საშუალება, რომ ჩვენს მარცხად გაგვიფორმოს საკუთარი მარცხი.

ამის მიზეზი მარტივია: ეს არაა ბრძოლა რეჟიმსა და ოპოზიციას შორის. ესაა ბრძოლა დემოკრატიულ პროცესსა და პოსტსაბჭოთა ავტოკრატიას შორის. გავარღვევთ და ყველა ოლიგარქს და ავტოკრატს – ყველა ფლანგზე, მათი მფრინავი მაიმუნებიანად ერთად ჩავრეცხავთ. ივანიშვილი, სააკაშვილი და ხაზარაძე ერთდროულად დასრულდებიან,“ – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

დღეს, 4 ოქტომბერს, თბილისში მასშტაბური საპროტესტო აქცია იმართება. საღამოს 7 საათისათვის, თავისუფლების მოედანზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს ოპერის მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ და ენმ-ის წევრმა მურთაზ ზოდელავამ მიმართეს.

მურთაზ ზოდელავამ მოქალაქეებს მოუწოდა წასულიყვნენ ათონელის რეზიდენციისაკენ და „ჩაებარებინათ პრეზიდენტის სასახლის გასაღები“.

პრეზიდენტის სასახლეში შეჭრის მცდელობას გაემიჯნა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ასევე – მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილე პარტიების „ლელოსა“ და „საქართველოსთვის“ ლიდერები.

ამავე თემაზე: 

დაძაბულობა თბილისში – სპეცრაზმი სავარაუდოდ წიწაკის სპრეის იყენებს

Exit mobile version