15 წლის გიორგის უსაფრთხოდ გადაადგილებისთვის ახალი ეტლი სჭირდება, ახლა ის იმ ეტლით მოძრაობს, რომელიც მისთვის 7 წლის ასაკში შეუძენიათ. გიორგი გაიზარდა და პატარა ეტლში ვეღარ ეტევა, რაც მისთვის დამატებითი დისკომფორტია.
გიორგი ოჯახი თბილისში ცხოვრობს. მისთვის ახალ ეტლს ოჯახი ვერ ყიდულობს, რადგან ეტლის ღირებულება 5000 ლარია, რისი საშუალებაც ოჯახს არ აქვს. დედის ინფორმაციით ჯანდაცვის სამინისტროს უკვე მიმართა, თუმცა უშედეგოდ, უთხრეს, რომ განმეორებითი დაფინანსება და არც გაცვლა არ ხდება:
„ახალი ეტლი თავად უნდა შეიძინოთო – ასე მიპასუხეს“- გვიყვება გიორგის დედა, ლოლა სოზიაშვილი.
გიორგის დახმარების თხოვნით „ბათუმელებს“ პედაგოგმა მიმართა, ის სპეციალური მასწავლებელია, გვითხრა, რომ ძალიან სწუხს და სურს ყველასთან მიიტანოს ეს ამბავი, ვისაც დახმარება შეუძლია.
დედის ინფორმაციით, გიორგი ჯანმრთელი დაიბადა, შემდეგ კი დაემართა დაავადება, რომლის გამოც მოტორიკა დაუზიანდა. გიორგი ეტლით მოძრაობს, დადის სკოლაში და სპეციალურ ვარჯიშებზე,
დედა გვიყვება, რომ ბავშვის დაავადების შესახებ გაიგო როცა ის რვა თვის იყო, მანამდე კი, პედიატრის შეფასებით, ბავშვი ჯანმრთელი უნდა ყოფილიყო, თუმცა როგორც მოგვიანებით გაიგეს მშობლებმა, გიორგის ჯანმრთელობის პრობლემები გაცილებით ადრე დაწყებულა და უკვე 2 თვიდან საჭიროებდა სპეციალისტის დახმარებას:
„როცა მივედით ნევროლოგთან და მითხრეს დიაგნოზი, უკვე გართულებული იყო მდგომარეობა. ორი თვის ასაკში რომ მიგვეყვანა, ან კიდევ ცოტა ადრე, ვუშველიდიო. მივედით დაგვიანებით, იმიტომ რომ არაფერი არ ვიცოდი ჯერ ამ დაავადების შესახებ“.
გიორგი საჯარო სკოლაში სწავლობს, კარგი მოსწავლეა. დედის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტი უფინანსებს ვარჯიშებს, რაც გიორგის სჭირდება.
ლოლა სოზიაშვილის თქმით, მისი მონდომებით და ძალისხმევით გიორგის ეტლის შესყიდვა ერთხელ უკვე დაუფინანსეს, 7 წლის ასაკში, მაგრამ ახლა გიორგისთვის ეს ეტლი მცირე ზომისაა და ეს ხელს უშლის სასწავლო პროცესშიც.
„ძალიან მოუხერხებელი ეტლია და გიორგის მდგომარეობიდან გამომდინარე არაკომფორტულია, არ არის დარბილებული. ეს სარეაბილიტაციო ცენტრშიც არაერთხელ მითხრეს.
გადამიკეთეს კიდეც, მაგრამ მაინც პრობლემურია. ამის გამო სულ გულისრევები ემართება, თავის დამჭერი არ აქვს კარგად, იმიტომ რომ პლასტმასისაა, იხრება გვერდზე. უკვე დიდია, 15 წლისაა და შესაბამისად, ფაქტობრივად ვეღარ გაჩერდება ამ ეტლში. პირველი ნომერია, ჩვენ გვჭირდება ორი, ან სამი ნომერი, ვფიქრობ უფრო ორი“ – ამბობს ლოლა სოზიაშვილი.
გიორგის დედამ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიმართა, მან ეტლის გაცვლაც სცადა, თუმცა უშედეგოდ:
„გავაკეთე ინვოისი და საქართველოს ბანკში შევიტანე, იმავენაირი ეტლი გვინდა მაგრამ 2 ან 3 ზომა. ეტლის გაცვლა და დაფინანსება არ ხდება, თქვენ უნდა შეიძინოთო.
გიორგის ძალიან მძიმე ფორმა აქვს დაავადების. ვარჯიშებთან ერთად დამყავდა ცურვაზე. ვარჯიშებიდან რომ გამოვიდოდით, ცურვაზე შევდიოდით, მაგრამ ახლა, მისი წონიდან გამომდინარე, ცუდი მდგომარეობა აქვს წელთან დაკავშირებითაც. დიდია უკვე, მოგეხსენებათ, 15 წლის ბიჭია და ვეღარ დამყავს ფაქტობრივად ცურვაზე, გადაადგილება გვიჭირს და მხოლოდ ვარჯიშებზე დავდივართ და სკოლაში. ძალიან კარგი აზროვნება აქვს, კონტაქტურია. ძალიან ლამაზი ბავშვია, იმიტომ არა რომ ჩემი შვილია, ძალიან კარგი ბავშვია მართლა.“
გიორგის დედა ვერ მუშაობს, რომ გიორგის არაფერი დააკლდეს რაც დასჭირდება: „დამთავრებული მაქვს სამედიცინო, მაგრამ გიორგის გამო ვერ ვმუშაობ. გიორგის გარდა მყავს ორი შვილი კიდევ. ისინი პატარები არიან, 10 წლის, ცხრა წლის, სკოლაში დადიან და ამათ ხომ უნდათ ყურადღება. მეუღლის შემოსავლით ვცხოვრობთ“ – გვითხრა ლოლა სოზიაშვილმა.
გიორგის დახმარების მსურველებს თანხის გადარიცხვა შეუძლიათ შემდეგ ანგარიშზე:
საქართველოს ბანკი – GE35BG0000000226675600
მიმღები: საყვარელაშვილი გურამ [გიორგის მამა]


