„შემიძლია შევაქო ორივე ქვეყნის [სომხეთი, აზერბაიჯანი] ლიდერი იმ თვალსაზრისით, რომ ისინი ახერხებენ იმ დონის დიალოგს: ტრამპის პოლიტიკური ეგოს დაკმაყოფილებას და ამავდროულად გამოხატავენ პატივისცემას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიმართ, რომლისთვისაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ამ აღლუმში, რაც შეიძლება მეტ ქვეყანას მიეღო მონაწილეობა,“ – მიიჩნევს ჩინეთმცოდნე შალვა ჩიხლაძე. მას ფაშინიანის და ალიევის მორიგ სვლაზე ვესაუბრეთ: რასთან გვაქვს საქმე, როცა სამხრეთ კავკასიაში სომხეთმა და აზერბაიჯანმა რუსეთს ზურგი აქციეს, ვაშინგტონში ტრამპთან ხელი ხელშეკრულებას მოაწერეს, შემდეგ კი რუსეთის მოკავშირე ჩინეთში ჩავიდნენ.

„ეს იყო დიპლომატიური ჟესტი, რომ ისინი მნიშვნელობას ანიჭებენ ჩინეთთან პარტნიორულ ურთიერთობას,“ – ამბობს ჩინეთმცოდნე.

რა განვითარება ექნება სამხრეთ კავკასიაში რუსეთისგან დისტანცირებას, რა აჩვენა ამ კუთხით შეხვედრებმა ჩინეთში? – „ბათუმელებმა“ შალვა ჩიხლაძესთან ინტერვიუ ჩაწერა.

  • ბატონო შალვა, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები ტრამპთან შეხვედრის შემდეგ ჩინეთში ჩავიდნენ. ვიცით, აშშ ნეგატიური დამოკიდებულება ჩინეთის მიმართ. თქვენი აზრით, რასთან გვაქვს საქმე

ეს ნიშნავს რეალურად იმას, რომ ამ ორ სახელმწიფოს – სომხეთსა და აზერბაიჯანს რეალურად საკმაოდ რთული, მრავალდონიანი საგარეო პოლიტიკა აქვთ და ისინი გააზრებულად მიჰყვებიან თავიანთი მიზნების იმპლემენტაციას.

მოგეხსენებათ, ე.წ. ზანგეზურის დერეფნის საკითხზე რუსეთის ჩართულობა არც ერევანს და არც ბაქოს არ უნდოდა, ევროკავშირი შეიძლება ყოფილიყო გარანტორი, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ბრიუსელისა და ბაქოს ურთიერთობებს, მაინც კითხვის ნიშნის ქვეშ რჩებოდა შეთანხმება. ამიტომაც, ყველაზე კარგი ვარიანტი იყო შეერთებული შტატები. აქ პერსონალურ დონეზე რომ გავიდეთ, პრეზიდენტ ტრამპს აქტიურად აქვს, ასე ვთქვათ, მშვიდობის დამამყარებლების, ომის შემწყვეტის იმიჯი. მხარეებმა მას მისცეს შესაძლებლობა, ყოფილიყო მედიატორი – გარანტორი მშვიდობის თემაში.

მანამდე ტრამპი აქტიურად ცდილობდა იგივე ინდოეთსა და პაკისტანს შორის ცეცხლის შეწყვეტის ცეცხლის შეწყვეტაზე მედიაციას, სომხეთს და აზერბაიჯანს შორის კი, რადგან ცეცხლი შეწყვეტილი იყო, მეტ-ნაკლებად თითქმის ყველაფერი შეთანხმებული იყო, მაგრამ ბოლო წერტილის დასმა იყო მნიშვნელოვანი. გარდა ამისა, ტრამპის ჩართვამ რეალური გახადა ოქროს შუალედის დაჭერა: „ტრამპის დერეფანმა“ გააჩინა შესაძლებლობა, ეს პროექტი არც წმინდად სომხური არ ყოფილიყო და არც წმინდად აზერბაიჯანული.

რა როგორ განხორციელდება და ამ დერეფნის იმპლემენტაცია პრაქტიკულ დონეზე როგორი იქნება, ეს სამომავლო საკითხია, მაგრამ ფაქტია, რომ ორმა ქვეყანამ, რომელიც 30 წელზე მეტია [და რეალურად ეს კონფლიქტი უფრო ადრეც კი იწყება] არიან ერთმანეთთან კონფლიქტში, რაღაცნაირად შეთანხმებას მიაღწიეს ვაშინგტონში. ბუნებრივია, ეს საინტერესო გზავნილია მთელი მსოფლიოსადმი და, პირველ რიგში, მოსკოვისადმი.

შალვა ჩიხლაძე

რაც შეეხება იმას, რომ ფაშინიანი და ალიევი იყვნენ პეკინში – ისინი ჩავიდნენ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე დასასწრებად, იმიტომ, რომ ორივე ქვეყანას აქვს დამკვირვებლის და პარტნიორის სტატუსი. სომხეთმა გამოთქვა სურვილი, რომ შეიძლება საერთოდ გაწევრიანდეს კიდეც შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში. ისინი დაესწრნენ ჯერ თიენძინის სამიტს, ხოლო შემდგომ – მეორე მსოფლიო ომში იაპონიის კაპიტულაციისა და მიღწეული გამარჯვების მე-80-ე წლისთავს.

ვინც ძალიან შავ-თეთრში უყურებს თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებს, შესაძლოა, ეს ძალიან უცნაური და პარადოქსული მოვლენა ეგონოს – ვაშინგტონიდან პეკინში, მაგრამ, ფაქტია და ამ შემთხვევამ, ჩემი აზრით, მშვენივრად აჩვენა, რომ იმისთვის, რომ ვაშინგტონთან გქონდეს მეტ-ნაკლებად კარგი დიალოგი, არ არის აუცილებელი სუპერ ანტიჩინური რიტორიკა გქონდეს და პირიქით.

მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატები და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა არიან სისტემური მოწინააღმდეგეები, ეს წინააღმდეგობის ფორმატი განსხვავებულია გასული საუკუნეების დაპირისპირებისგან. მაგალითად, ცივ ომში, როდესაც არსებობდა ერთმანეთისგან აბსოლუტურად დამოუკიდებელი ორი სხვადასხვა სისტემა: სოციალისტური და კაპიტალისტური. თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობების ეს არქიტექტურა თითქოს იცვლება: ერთის მხრივ, ქვეყნები ცდილობენ ერთმანეთის შეკავებას, კონკურენციას რაღაც თვალსაზრისით და ხელის შეშლას გეოპოლიტიკურ გავლენებში, მაგრამ მეორე მხრივ, ისინი იძულებულები არიან – განსაკუთრებით დიდ ქვეყნებს ვგულისხმობ – მაგალითად, ტარიფებზე შეთანხმდნენ, ექსპორტ-იმპორტის საკითხებზე იმუშაონ, საფონდო ბირჟებზე ითანამშრომლონ და ასე შემდეგ.

ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჩინეთის თანამშრომლობა, ჩემი აზრით, ამის მშვენიერი დადასტურებაა – მარჯვენა ხელით ისინი ცდილობენ ერთმანეთის შეკავებას, მეორე ხელით კი, აგრძელებენ კოოპერაციას. ეს უბრალოდ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია!

  • თქვენი დაკვირვებით, ალიევისა და ფაშინიანის ეს ნაბიჯი მოულოდნელი და მიუღებელი არ იქნებოდა თეთრი სახლისთვის?

ბუნებრივია, გახარებით არ გაუხარდებოდათ, მაგრამ სავარაუდოდ ეს ახსნილიც იქნებოდა მათთვის სხვადასხვა ხაზით, რომ პეკინთან თანამშრომლობა, იმპლემენტაციის დონეზე, არანაირად არ ნიშნავს შეერთებული შტატების ინტერესების ზიანს რეგიონში – არათუ ზიანს, არამედ პირიქით, აშშ-ს მეშვეობით, მედიაცია გავაკეთეთ და თქვენს სახელს ვუწოდებთ კორიდორს.

სხვათა შორის, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა გამოთქვა პეკინში ინიციატივა, რომ ე.წ. ზანგეზურის კორიდორი შეიძლება გახდეს შემადგენელი ნაწილი ეწ. შუა კორიდორის, რომელიც იწყება ჩინეთიდან და მთავრდება ევროპის ტერიტორიაზე.

ჩემი აზრით, როგორც ერევანმა, ასევე ბაქომ, აშშ-თვის იმის ახსნა მოახერხეს, რომ ეს ანტიამერიკულ გზავნილებში არ გადათარგმნილიყო.

შემიძლია შევაქო ორივე ქვეყნის [სომხეთი, აზერბაიჯანი] ლიდერი იმ თვალსაზრისით, რომ ისინი ახერხებენ იმ დონის დიალოგს: ტრამპის პოლიტიკური ეგოს დაკმაყოფილებას და ამავდროულად გამოხატავენ პატივისცემას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიმართ, რომლისთვისაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ამ აღლუმში რაც შეიძლება მეტ ქვეყანას მიეღო მონაწილეობა.

ეს არ იყო რაღაც რადიკალური ჟესტი – ეს იყო ერთ-ერთ საინტერესო, მნიშვნელოვან, ისტორიულ ღონისძიებაზე დასწრება და ჩინეთის მიმართ პატივისცემის გამოხატვა. ჩინეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მეორე მსოფლიო ომში და იაპონიის, ასე ვთქვათ, ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფაქტორის ხაზგასმა. ეს იყო დიპლომატიური ჟესტი, რომ ისინი მნიშვნელობას ანიჭებენ ჩინეთთან პარტნიორულ ურთიერთობას.

საინტერესო აქ კიდევ ერთი მომენტია – ფაშინიანი პეკინიდან ტოკიოში ჩავიდა. გასათვალისწინებელია, რომ ამ ღონისძიებას პეკინში ესწრებოდა იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრიც. წარმოიდგინეთ, ფაშინიანმა ჯერ გააფორმა ვაშინგტონში ხელშეკრულება ტრამპთან, შემდეგ პეკინში პუტინს შეხვდა და შემდეგ გადავიდა ტოკიოში. ჯერ დაესწრო ღონისძიებას იაპონიის კაპიტულაციასთან დაკავშირებით და შემდეგ ჩადის ტოკიოში… ეს რომ ყოფილიყო რადიკალურად მიუღებელი ტოკიოსთვის, ბუნებრივია, არ მიიწვევდნენ და არც შეხვდებოდნენ.

განსხვავებით მე-20 საუკუნისგან, როდესაც ძალიან მკაფიო იყო ვინ იყო მტერი და ვინ – მოკავშირე – გაყოფილი იყო პლანეტა ორ-სამ ბანაკად, 21-ე საუკუნეში ასეთი მკაფიო ხაზები, მტერსა და მოკავშირეს შორის, თითქოს უფრო ბუნდოვანი ხდება ხოლმე. ერევნის და ბაქოს ბოლო მოქმედებები ამ ყველაფრის პრაქტიკული დადასტურებაა.

  • ევროკავშირის ქვეყნები არ იყვნენ მიწვეულნი ჩინეთში. რატომ სჭირდებათ ამ ეტაპზე სომხეთსა და აზერბაიჯანს გააქტიურება ჩინეთის ფლანგზე?

ის, რომ ევროკავშირი არ იყო სადღაც წარმოდგენილი, არ ნიშნავს იმას, რომ არც ერევანი და ბაქო არ უნდა იყოს სადღაც წარმოდგენილი.

საინტერესოა ის ფაქტორიც, რომ ევროპის ქვეყნებიდან იყო სერბეთის პრეზიდენტი, ასევე სხვადასხვა ქვეყნის ყოფილი ლიდერი, მათ შორის, ბულგარეთის, რუმინეთის, საბერძნეთის…

აზერბაიჯანს თავისი როლი და ინტერესი აქვს, სომხეთი კი, ასე ვთქვათ, სიგნალს უშვებს, რომ უნდა ევროკავშირში გაწევრიანება, თან შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში გაწევრიანებას ემხრობა. ეს საკმაოდ ჰგავს მულტივექტორული საგარეო პოლიტიკის კლასიკური შემთხვევას.

  • აქამდე ჩანდა, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონში სომხეთმა და აზერბაიჯანმა ზურგი აქციეს რუსეთს. ჩინეთში შეხვედრები, მათ შორის, პუტინთან, ხომ არ აჩვენებს იმას, რომ შესაძლოა ეს ცვლილებები ვეღარ წავიდეს წინ?

ვფიქრობ, ცალკე უნდა განვიხილოთ რუსეთის და ჩინეთის შემთხვევა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ახლო პარტნიორები არიან.

ჩინეთი, მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებული პოლიტიკური სისტემა აქვს, ერთპარტიული სახელმწიფოა, მას აქვს საკმაოდ მჭიდრო ეკონომიკური და ლოჯისტიკური კავშირები, როგორც ევროკავშირთან, ასევე, ძალიან ბევრ დასავლურ სახელმწიფოსთან.

თავად შეერთებული შტატებისა და პეკინის რიტორიკის მიუხედავად, მათ შორის ძალიან დიდია სავაჭრო ბრუნვა.

რაც შეეხება ზანგეზურის კორიდორის ამოქმედება-არამოქმედებას. ჩემი აზრით, ეს არაა დიდად კავშირში ჩინეთში სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერების ჩასვლასთან. ეს მარშრუტი თუ ვერ შედგა, სავარაუდოდ, ამაში ძირითადი როლი ექნება სომხეთს და აზერბაიჯანს და ბუნებრივია, რუსეთ-ირანის ფაქტორიც არ უნდა დაგვავიწყდეს.

რუსეთის ფედერაციაც ეცდება გარკვეული ნეგატიური როლის თამაშს – მეეჭვება, პუტინმა, ასე ვთქვათ, გეოპოლიტიკური სილა – რეგიონულ პროცესებში მისი ამოვარდნა – შეირჩინოს. ჯერჯერობით რუსეთს ბევრი ბერკეტი ამ ეტაპზე არ აქვს, მაგრამ ვფიქრობ, პუტინი ყველანაირად შეეცდება, გავლენა დაიბრუნოს, შეიძლება ეს იყოს სომხეთის შიდა არეულობა გარკვეული ოპოზიციური ფრთების გათვალისწინებით, ან კიდევ ირანის ზემოქმედება.

  • რა იგრძნობოდა თქვენთვის პუტინისა და ფაშინიანის შეხვედრაში? სომხეთი ანგარიშს უწევს იმას, რომ აზერბაიჯანისგან განსხვავებით, ის დაუცველია სამხედრო თვალსაზრისით?

ეს ბუნებრივია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გიუმრის ბაზაზე 5 000-მდე რუსი ჯარისკაცი რჩება. ფაშინიანს ჯერ არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობები თურქეთთან და შესაბამისად მას არ აქვს იმის კომფორტი, რომ თუნდაც იგივე ირანთან, რომელთანაც მშვენიერი ურთიერთობა ჰქონდა აქამდე ბევრი წლის განმავლობაში, რადიკალურად დააზიანოს ურთიერთობა, ამიტომაც გასაგებია მისი დისტანცირება რუსეთთან, მაგრამ რაღაც კავშირები აუცილებლად უნდა დაიტოვოს.

სომხეთს არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ გუშინდელი ეგზისტენციალური მტერი – აზერბაიჯანი, უცებ გახდეს მისი სტრატეგიული მოკავშირე. ასე არ ხდება პოლიტიკაში, ამას დრო უნდა, წლები დასჭირდება ნდობის დამყარებას და აღდგენას. ბუნებრივია გააგრძელებენ ერევანი და მოსკოვი დიალოგს. შეიძლება ეს აღარ იყოს ისეთივე მჭიდრო, როგორიც ეს იყო სარქისიანის და სხვების დროს, მაგრამ ურთიერთობები გაგრძელდება.

  • საქართველოზეც მინდა გკითხოთ: თქვენი აზრით, სად უნდა იყოს ამ დროს საქართველო, რომელიც ჩინეთში არ მიიწვიეს?

საქართველოს აქვს თავისი გაცხადებული გეოპოლიტიკური იდენტობა ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან. ჩვენ ვართ სატრანზიტო ქვეყანა და გვაქვს ამოცანა, პირველ რიგში, გვქონდეს ახლო, მჭიდრო ურთიერთობა პლანეტის ერთ-ერთ უზარმაზარ ეკონომიკურ გიგანტთან – ევროკავშირთან. ამ ეტაპამდე გვაქვს განაცხადი, რომ გვინდა გავხდეთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო

თუ გავიხედავთ აღმოსავლეთით, ასევე არის პლანეტის კიდევ ერთი ეკონომიკური გიგანტი – ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა. შემდგომ უკვე ამას მოჰყვება ცენტრალური აზიის სახელმწიფოები. გონივრული პოლიტიკის პირობებში, ერთთან და მეორე აქტორთანაც პოზიტიური ურთიერთობა შესაძლებელია.

ცხადია, რომ მჭიდრო და ინსტიტუციონალიზირებული უნდა იყოს ევროკავშირთან ურთიერთობები, მაგრამ ჩვენ ბოლოდროინდელ საგარეო სტრატეგიას თუ გავითვალისწინებთ, ბუნდოვანია, ამჟამად ჩვენი სახელმწიფო საით მიდის, ან როგორ მიდის.

ნორმალურ ვითარებაში, ის, რომ თბილისს ჰქონდეს კარგი, მჭიდრო ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობები ევროკავშირთან და ასევე ჰქონდეს ეკონომიკური და ლოჯისტიკური ურთიერთობები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან და ცენტრალურ აზიასთან, ეს პრაქტიკულ დონეზე ჩვეულებრივად განხორციელებადია.

  • ოცნებისმთავრობამ პარტნიორად აირჩია ჩინეთი, მაგრამ ჩინეთისთვის არ აღმოჩნდა საქართველო საინტერესო?

სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ეს ცოტა მოულოდნელი იყო იმიტომ, რომ ზოგადად, ჩემი ინფორმაციით, ძალიან ბევრ სახელმწიფოს პატიჟებდნენ, ამავდროულად, მაგალითად, თურქეთმა არ გააგზავნა პირველი პირი, მაგრამ გააგზავნა საგარეო საქმეთა მინისტრი და ენერგეტიკის მინისტრი.

საქართველო ამ ღონისძიებაზე ჩინეთში მხოლოდ და მხოლოდ ელჩის დონეზე იყო წარმოდგენილი.

რა მოხდა ზუსტად, სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, ამ დრომდე ვარკვევ, საქართველო თუ იყო მოწვეული და მხოლოდ ელჩის დონეზე რატომ წავრსდექით ამ აღლუმზე. თუ არ ვიყავით მოწვეული, ესეც უცნაურია, იმიტომ, რომ რეალურად ის სტრატეგიული ურთიერთობა, რაც სომხეთმა და პეკინმა ახლა გამოაცხადეს, ჩვენ გამოცხადებული გვქონდა ორი წლის წინ.

Exit mobile version