ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, 2025 წელს, ივლისის ჩათვლით, ბათუმში პარკირების ზედამხედველობის სამსახურმა 46 948 სამართალდარღვევა გამოავლინა. მათ შორის, ყველაზე მეტი, 32 614 – პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომა დაფიქსირდა.
ასევე დაფიქსირდა 5264 – ტროტუარზე დგომის შემთხვევა, 4288 – დგომა-გაჩერებისა და სხვა ნიშნების დარღვევა, 3301 – ავტობუსის გაჩერებაზე დგომა, 846 – პარკირების წესის სხვა დარღვევა, 476 – ველობილიკზე არასწორი პარკირება, 159 – შშმ პირის ტრანსპორტისთვის განსაზღვრულ ადგილზე დგომა.
ჯარიმების ფასები
- პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომა – ჯარიმა 10 ლარი
- ტროტუარზე დგომა – 10 ლარი
- დგომა-გაჩერებისა და სხვა ნიშნების დარღვევა – 10 ლარი
- ავტობუსის გაჩერებაზე დგომა – 100 ლარი
- BUS LANE-ზე დგომა – 100 ლარი
- ველობილიკზე არასწორი პარკირება – 100 ლარი
- შშმ პირის ტრანსპორტისთვის განსაზღვრულ ადგილზე დგომა – 200 ლარი
- შშმ პირისთვის მოწყობილ პანდუსზე გადაადგილების შეფერხება – 200 ლარი
ბათუმის საკრებულომ კი, ქალაქში ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანისას ტრანსპორტირების ხარჯი 2023 წლის დეკემბრიდან 100 ლარით განსაზღვრა.
ბათუმში პარკირების ადგილების ნაკლებობა უკვე ნებისმიერ სეზონზე სერიოზული პრობლემაა და ხშირად კონფლიქტის მიზეზიც არის.
მიწისქვეშა და მიწისზედა მრავალდონიანი პარკინგების მოწყობას ითხოვს ბათუმის საკრებულოს ოპოზიცია. ამაზე მათ 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის შენიშვნებშიც დაწერეს. ოპოზიციის მოსაზრებით მრავალდონიანი პარკინგების მოწყობა თავად მერიამ უნდა უზრუნველყოს და ისინი ყველასთვის მისაწვდომი უნდა იყოს.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ, ერთი მხრივ, ბათუმის მერიაც აღიარებს ქალაქში პარკირების ადგილების ნაკლებობას, როგორც გამოწვევას, თუმცა, მეორე მხრივ, საზოგადოების პროტესტის მიუხედავად საკრებულოსთან ერთად ამტკიცებს სამშენებლო პროექტებს, რომლებიც პარკინგების ადგილების მოწყობას, ბინების რაოდენობის პროპორციულად, არ ითვალისწინებს.
ამ თემაზე ვრცლად: „მაპოვნინე აბა სხვა ადგილი“ – მძღოლი, რომელმაც მანქანა ზებრაზე გააჩერა


