16 ივლისს, თბილისში, 21 წლის სტუდენტის, გიორგი გორგაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა სხვა სინდისის პატიმრებთან ერთად. გიორგი სხდომათა დარბაზში შეუძლოდ გახდა, საჭირო გახდა სხდომის შეჩერება და სასწრაფოს გამოძახება.
გიორგი გორგაძე 2024 წლის დეკემბრის დასაწყისში დააკავეს და უკვე 7 თვეზე მეტია ციხეშია. დაკავებამდე ის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში TI ტექნოლოგიების მიმართულებით სწავლობდა.
როგორც ადგილზე მყოფი მოქალაქეები ჰყვებიან, ის დარბაზში შემოსვლის მომენტშიც ცუდად გამოიყურებოდა – ფერი არ ედო სახეზე. გიორგი გორგაძის დედამ შვილთან მიახლოება მოინდომა, რისი საშუალებაც მანდატურებმა და ბადრაგებმა არ მისცეს. მან მოითხოვა ექიმი გამოეძახებინათ. ამის შემდეგ გორგაძე ბადრაგებმა დარბაზიდან გაიყვანეს.
„მანდატურებსა და მშობლებს შორის შელაპარაკებაა. მანდატურები განსაკუთრებული აგრესიით პასუხობენ დედებს. სინდისის პატიმრებიდან შეძახილები ისმის: „დედაჩემს როგორ ელაპარაკები…“, „წესიერად ელაპარაკეთ დედაჩემს…“
სამი-ხუთი წუთის შემდეგ გიორგი გორგაძე კართან წამიერად ჩნდება და მერე ისევ კარს უკან იფარება. პარალელურად ისმის რაღაცის დაცემის ხმა.
• გორგაძის დედა: „ვაიმე, ბავშვი, ბავშვი მაჩვენეთ!“ – და მიიწევს კარისკენ.
• მანდატურები: „ბოთლი დავარდა“
• გორგაძის დედა: „მაჩვენეთ ბავშვი!“
• ადვოკატები: „ბოთლი დავარდა, კარგადაა!“
ისმის დედების შეძახილები მოსამართლის მიმართ: „გამოუტანეთ განაჩენი და დაასრულეთ! რატომ გვაწამებთ ამდენს… დაასრულეთ!.. ისედაც ყველამ ვიცით რასაც იზამთ, დაასრულეთ ეს ყველაფერი…“, – წერს ფეისბუქზე მოქალაქე თამარ კურატიშვილი, რომელიც სხდომას ესწრებოდა.
გორგაძე ერთ-ერთია მათ შორის, ვისაც პროკურატურა ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობრივ ქმედებებში მონაწილეობას ედავება. გორგაძისა და ამავე მუხლით დაკავებული კიდევ 18 ბრალდებულის საქმე ორ ნაწილად – 8 და 11-პირიან საქმეებად არის დაყოფილი.
გორგაძე 8-პირიანი საქმეშია თანატოლებთან – 19 წლის ზვიად ცეცხლაძესა და ირაკლი მიმინოშვილთან, 20 წლის ნიკოლოზ ჯავახიშვილთან და 24 წლის თორნიკე გოშაძესთან, ასევე ინსაფ ალიევთან, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილთან ერთად.
ამავე მუხლით აქვთ ბრალ წარდგენილი 11-პირიანი საქმეში ბრალდებულებსაც – გიორგი ტერიშვილის, ჯანო არჩაიას, ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ირაკლი ქერაშვილის, გურამ მირცხულავას, რევაზ კიკნაძეს, ლუკა ჯაბუას, ვალერი თეთრაშვილს, რუსლან სივაკოვსა და სერგეი კუხარჩუკს.
პროკურატურას არ აქვს არცერთი მტკიცებულება, რომელიც მათ მიერ ჩადენილ კონკრეტულ ქმედებას დაადასტურებს – ვიდეო, სადაც შეიძლება ჩანდეს, რომ მათ ვინმე ან რამე დააზიანეს; მოწმე, რომელსაც შეეძლო დაენახა მათ მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაული; პოლიციელი, რომელიც იტყვის, რომ რომელიმე მათგანი თავს დაესხა.
პროკურორებს, ვაჟა თოდუასა და ვახტანგ ცალუღელაშვილს სასამართლოსთვის წარდგენილი აქვთ ცალკეული ვიდეოები (რომელთა მოპოვების კანონიერებას ადვოკატები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდნენ, თუმცა მოსამართლე დავით მგელიაშვილმა ისინი დასაშვებად ცნო), სადაც ჩანს ბრალდებულების ქმედებები აქციაზე და ამტკიცებენ, რომ ეს მოქმედებები არის ორგანიზებული, წინასწარ დაგეგმილი და ჯგუფური, რომლებიც მიმართულია პოლიციელთა წინააღმდეგ. თუმცა, უწყება ვერც იმას ამტკიცებს, როგორ ჩაიდინეს ჯგუფური, მით უფრო ორგანიზებული დანაშაული ბრალდებულება, რომელთა უმეტესობამ ერთმანეთი დაკავების შემდგე, ციხეში გაიცნო.






