პროევროპულ აქციებზე დაკავებული 11 პირის მორიგი სასამართლო გაიმართა პირველ მაისს. სინდისის პატიმრებს შორისაა რეზო კიკნაძე, რომელმაც სასამართლოში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა თავისუფლებასა და სამართლიანობაზე.
სასამართლო სხდომაზე რეზო კოკნაძე შეეხო როგორც მისი და სხვა პოლიტიკური პატიმრების უკანონო ტყვეობას, ასევე ისაუბრა იმ მთავარ ღირებულებებზე, რასაც, მისი აზრით, ებრძვის ოლიგარქიული რეჟიმი. „ბათუმელები“ გთავაზობთ რეზო კიკნაძის სასამართლოში გამოსვლის ტექსტს:
„აი მაგალითად გუშინ, სადგურის მოედანზე მაღაზიები დაიწვა. დარწმუნებული ვარ, ის ფონდები, რომლებიც დააყადაღეს, აუცილებლად დაეხმარებოდნენ ამ ადამიანებს. ამიტომ, ვინც ეს ფონდები დააყადაღეთ, კეთილი ინებეთ და ყველას აუნაზღაურეთ ზარალი.
ასეთი ხერხებით ებრძოდნენ სწორედ საბჭოთა კავშირის დროს მათ, ვისაც არ მოსწონდა რეჟიმი და ქვეყნის მტრად აცხადებდნენ. დასაბუთება არ სჭირდებოდა ამას, უბრალოდ იტყოდნენ – „ქვეყნის მტერია“ და მათ ხელში იყო ძალაუფლება, ყველა ორგანო და მოაშთობდნენ. დაახლოებით იგივე, რუსული მეთოდებით მოქმედებს ეს ვაი მთავრობაც.
გარდა სოლიდარობისა, სამართლებრივი კუთხითაც მინდა შევეხო ამ თემას, რომელიც უშუალოდ ჩვენ გვეხება, რადგან ჩვენ გვბრალდება კიდევ ერთი რაღაც, რომ თითქოს ვიღაცები გვაფინანსებდნენ. ეს ბრალდება, აზრობრივად და ლოგიკურ ჭრილში რომ შევხედოთ, თუ ოდნავ მაინც დავფიქრდებით, ყველანაირ ლოგიკას მოკლებულია.
აი, მაგალითად, – არეულობას და აკრძალულ ნივთიერებებს ყიდულობდნენო. მე მედავებიან ქვის სროლას, ვიღაცას ბოთლის სროლას ედავებიან და ქვას და პლასტმასის ბოთლს დაფინანსება რაში სჭირდებოდა?! მე მგონი არ სჭირდებოდა ამას ფონდის შექმნა.
ერთადერთი, ისეთი ნივთიერება, რაც შეიძლება აკრძალულად ჩაითვალოს და მოლოტოვის კოქტეილის ბოთლებზე მოგვედავოთ, თითოს დამზადებას სჭირდება 10 ლარი. ანუ 80 ლარის გამო შეიქმნა ამხელა ფონდები? რომლებიც აფინანსებდნენ სტიქიისგან დაზარალებულებს, აფინანსებდნენ ოპერაციებს, ეხმარებოდნენ სიმსივნით და ლეიკემიით დაავადებულებს, მშიერ და ობოლ ბავშვებს, მაგრამ ამავდროულად ეხმარებოდნენ პოლიტპატიმრების ოჯახებს და უსამართლო ჯარიმებით დატვირთულ ადამიანებს და ეს ვერ აიტანეს ზუსტად.
გადაწყვიტეს ეს დაეყადაღებინათ და ის ფული, რომელიც 6 წლის მშიერ ბავშვს უნდა მოხმარებოდა, ვინც ჯართს აგროვებდა საჭმლისთვის, თავად მიითვისეს.
ხუთი თვეა ვუსმენ პროკურორების რაღაც ბრალდებებს და ყოველი წინადადების მოსმენისას ორად ორი სიტყვა მიტრიალებს თავში – „ცარიელი სიტყვები“. ფაქტია, რომ ცარიელი სიტყვების გარდა არ არსებობს მიზეზი, რატომაც ჩვენ ვართ ახლა დატყვევებულები. 5 თვეა მხოლოდ ცარიელი სიტყვების გამო ვართ დილეგში.
ჩემთვის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება მტკიცებულებად იქცეს ცარიელი სიტყვები და ამის გამო ადამიანი ციხეში ჩასვან. 10 კაცს რომ თეთრზე ათქმევინონ შავიაო, შავი ვერ გახდება. თუ ათას კაცს ათქმევინებთ, გაგიკვირდებათ და მაინც ვერ გახდება თეთრი შავი.
ამიტომ, რამდენი თანამშრომელიც არ უნდა მოიყვანოთ აქ და ალაპარაკოთ წინასწარ ნაბრძანები ტექსტებით, აზრი არ აქვს, თუ ისევ ცარიელი სიტყვებით მოდის და იმას ვერ ამტკიცებს, რომ მე დავაზიანე რომელიმე ან რაიმე დაჯგუფების მონაწილე ვარ.
ამას ვერც დაამტკიცებს, რადგან ბუნებაში არ არსებობს ასეთი რაღაც. ამიტომ ისევ იტრიალებენ ცარიელი სიტყვების ირგვლივ, მეტი არაფერი აქვთ და არც ექნებათ.
ვიმედოვნებ, ქალბატონო მოსამართლევ, რომ ცარიელი სიტყვების და სიტყვაზე ნდობის ფაქტორით არ მიიღებთ გადაწყვეტილებას და ამით არ დაუნგრევთ ადამიანებს ცხოვრებას.
კონკრეტულად მე, ცხოვრება არ დამენგრევა, რამდენი წელიც არ უნდა ვიყო. იმიტომ, რომ რის გამოც ვარ, ეს სევდის მომგვრელი არ არის, მაგრამ არ გიფიქრიათ მშობლებზე, შვილებზე, ცოლებზე.
მე ღრმად მწამს, რომ სამყაროს გვირგვინი არის ადამიანი და არავის, არც ერთ ადამიანს არ აქვს უფლება მეორე ადამიანი დაამციროს, მოსპოს, იძალადოს მასზე და უსამართლოდ მოეპყროს. ადამიანი სიყვარულისთვის და თავისუფალი ნებისთვის არის გაჩენილი და მე ღმერთი სწორედ სიყვარული, თავისუფლება და სამართლიანობა მგონია. ამიტომ არ მეშინია და ამას ვეძებ საკუთარი თავისთვის, ჩემი თანამოქალაქეებისთვის და საკუთარი თავისთვის – სიყვარულს, თავისუფლებას და სამართლიანობას.
„დათა თუთაშხია“ ასეთ რაღაცას ამბობს, მგლის ფიქრი მარტო ის კი არ არის, რომ მოკლას, არამედ ისეთი მოვკლა, აქეთ არ დამასწროს მოკვლაო. ადამიანის ფიქრიც ასეთია, ისეთი მოვკლა, ჩემი სიცოცხლე სჯობდეს მის სიცოცხლესო. ამიტომ თქვენ გეკითხებით, ვისაც ჩვენი მოკვლა, უდანაშაულო ადამიანების გაწირვა გინდათ, დაფიქრებულხართ მაინც, თქვენი სიცოცხლე სჯობს ჩვენს სიცოცხლეს?
პროკურორს, ვაჟას ვკითხავდი, ახლა რომ ომი დაიწყოს და რუსი ღორების ჯარი შემოვიდეს, თუ წავიდოდა საომრად? რაღაც არა მგონია. მე არც კი დავფიქრდებოდი, მაშინვე გავვარდებოდი ფრონტის ხაზზე.
მაშინ გეკითხებით, რატომ უნდა ისხდეთ თქვენ მანდ და ჩვენ აქ.
უკვე 5 თვეა ჩემი ტელეფონი გაქვთ. სავარაუდოდ, ყველაფერი ამოქექილი გექნებათ. გამოიძიებდით ვისთვის რა მიმიწერია ოდესმე, ან ტელეფონის ნომრიდან რა განმიხორციელებია – ზარი, მიმოწერა და ასე შემდეგ, მაგრამ რამდენიც არ უნდა ეძებოთ, იქ ვერანაირ კავშირს ვერ იპოვით იმ 50 პატრიოტ ადამიანთან, ვისთან ერთადაც დაგვიჭირეს.
ჩემდა საუბედუროდ და სამწუხაროდ, არცერთ არათუ არ ვიცნობდი, გაგებულიც კი არ მქონდა არცერთზე. არათუ მიმოწერა, ფეისბუქის მეგობართა ნუსხაშიც კი არ მყავს არცერთი. ამიტომ, რაც არ უნდა ეძებოთ, ამით კავშირს ვერ დაადგენთ.
ვიდეოები, რაც გაქვთ წარმოდგენილი, ჩვენს სასარგებლოდ უფროა, ვიდრე თქვენს, რადგან რასაც გვედავებით, ჩვენს სიმართლეს უფრო ამტკიცებს, ვიდრე ბრალდებას.
იმ ვიდეოებში ჩანს ორი რაღაც, ის, რომ ერთმანეთთან კავშირი არც იმ ადგილას გვაქვს და არც იმ ცხელ წერტილში, სადაც ვითომ რაღაც დანაშაულის ჩადენას გვედავებით და ჯგუფური კავშირი ამ ვიდეოებითაც არ მტკიცდება. და მეორე -იმ ვიდეოებში ჩანს, რომ არავინ არ ზიანდება ჩვენი მხრიდან. იმიტომ, რომ არ არსებობს ასეთი რამ.
ჩვენი დაჯგუფებად მოხსენიება ისეთივე აბსურდია, რომ ყველაფერი დააბრალო „დიფ სთეითს“.
ვაი მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან ხშირად მესმის, რომ ესენი ვიღაცებმა დაიქირავეს, დააფინანსეს, შეცდომაში შეიყვანეს, რომ იქ მდგარიყვნენ და ასე შემდეგ. აქედან მოვითხოვ, რომ თუ რაღაც ბრალს უყენებ ადამიანს, მტკიცებულებაც მოაყოლოს, თორემ ასეთი ყბედობა და ჭორაობა ტყუილად არ ჩაივლის, იმიტომ, რომ ცილისწამებაც დანაშაულია და ყოველთვის მთავრობის ხელში არ იქნება სასამართლო უწყება და აუცილებლად მოგეკითხებათ ყველას, ვინც რაღაცას გვაბრალებდით ყოველგვარი არგუმენტის და მტკიცებულების გარეშე.
ჩემთვის შეურაცხმყოფელი არ არის, როდესაც გვაბრალებენ ვიღაც მოძალადის და მოღალატის დაზიანებას, რაც არ განმიხორციელებია, მაგრამ მაბრალებენ. მაგრამ, როდესაც მაბრალებენ რომ ვიღაცამ დამიქირავა, იმისთვის რომ იქ ვმდგარიყავი, სადაც ყველა უნდა მდგარიყო, ეს უდიდესი შეურაცხყოფაა ჩემთვის.
ეს თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ, რომ ფულის გარეშე რაიმე გააკეთოთ და რიგითმა მოქალაქემ თავისი ნებით გააკეთოს ის, რაც ქვეყანას სჭირდება და გადადოს თავი იდეისთვის და ქვეყნის მომავლისთვის.
ტაივინ ლანისტერი ამბობს, რომ ლომს სხვების აზრი არ უნდა ადარდებდესო და მართლაც ასეა, მაგრამ იმდენი ცხვარი მოგროვდა ქვეყანაში, ამ პროპაგანდის ქვეშ ექცევა. ფიქრის უფლებაც კი შეუზღუდეს ადამიანებს და ყველაზე ცუდი ის არის, რომ სხვის ნაფიქრს იმეორებენ.
მარკესის „პატრიარქის შემოდგომაში“ ასეთ რაღაცას ამბობს ერთ-ერთი დიქტატორი, რომ ქვეყანაში მთავარი უბედურების თავი და თავი ის არის, რომ ხალხს დრო რჩება ფიქრისთვის და რა მოვიფიქრო ისეთი, რომ ხალხმა ფიქრისთვის ვეღარ მოიცალოს.
ჰოდა, ნუ მისცემთ უფლებას ნურავის, რომ თქვენს მაგივრად იფიქროს.
ბოლო დროს „ოცნების“ მთავრობაში ვიღაც დააწინაურეს, ვიღაც ჩამოაქვეითეს და ერთ-ერთი წიგნიდან მახსენდება ასეთი რამ, რომ ვირთხების რბოლის მთავარი პრობლემა ის არის, რომ გამარჯვების შემთხვევაშიც მაინც ვირთხად რჩებიან.
გუშინ „გლადიატორი 2“-ს ვუყურე და ერთმა ასეთმა ეპიზოდმა მიიქცია ჩემი ყურადღება. როდესაც ერთ-ერთ მთავარსარდალს იმპერატორის ბრძანებით თანამებრძოლები ისრებით ცხრილავენ, ერთ-ერთი გლადიატორი გამოდის და მაიდანზე შეკრებულ ბრბოს ასე მიმართავს, – ხომ ხედავთ, როგორ ექცევა რომი თავის გმირებს, მისი სიცოცხლე არაფრად უღირდათ, თქვენი რა ეღირება?
ჰოდა, ახლა თქვენ მოგმართავთ „ქართული ოცნების“ ამომრჩევლებო, გიორგი ანწუხელიძის სიცოცხლე არაფრად უღირთ და თქვენი რა ეღირება?
ჩვენი სამი მოსამართლიდან ერთი არის დასანქცირებული, მეორე უდიპლომო და მესამე სისხლის სამართლის დანაშაულში მხილებული. იმედია, თქვენ მაინც აღმოჩნდებით მოსამართლე, ამ სიტყვის სრული გაგებით.
მიმალვის საფრთხეო, პროკურორებმა – ისევ დაუსაბუთებლად და ისევ ცარიელი სიტყვებით. რანაირად უნდა მივიმალო, როცა ისე ცუდად ვერკვევი ადგილებში, ლისის ტბაც არ ვიცოდი, სად იყო, სანამ კრიმპოლიციის წარმომადგენლები არ ამიყვანდნენ და დღესაც არ ვიცი, სად არის. ზოგადად, საზღვარგარეთაც არასდროს არ ვყოფილვარ. ანუ საზღვარგარეთაც ვერ გავიქცევი და არც პასპორტი მაქვს და წინა პროცესებზეც მითქვამს, რომ დამალვას საერთოდ არ ვაპირებ. პირიქით, ვაპირებ ყველას ვუთხრა, ვინ ვარ და საერთოდ არაფერი მაქვს დასამალი, პირიქით.
რაც შეეხება ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეს, ძველი არ ვიცი, რა დანაშაულია, ახალი როგორ უნდა ჩავიდინო? გარდა იმისა, რომ ნასამართლევი არასდროს ვარ და ამ უწყებასთან კავშირი არასდროს მქონია.
ავტობუსის ჯარიმაც კი არ მქონია არასდროს, იმდენად კანონმორჩილი მოქალაქე ვარ. თან ამ 5 თვის განმავლობაში რაღაც საფუძველი ხომ უნდა ჰქონდეს, მაგალითად, ციხეში ისეთი გახდა დანაშაულებისკენ ბიძგი აქვს… მაგრამ თქვენ რომ გამოჰკითხოთ ნებისმიერი თანამშრომელი, ბადრაგიდან დაწყებული ციხის უფროსით დამთავრებული, ყველა გეტყვის, თუ როგორი პიროვნებები ვართ აქ, მათ შორის, მე კონკრეტულად, როგორ ვიქცევი.
პირიქით, ყველა იმას ამბობს – აქ რა გინდა, ჭკუა სად ჰქონდათ, თქვენ რომ გიჭერდნენო. ნაკაშიძე მგონია ხოლმე თავი „თეთრი ბაირაღებიდან“, – თქვა რეზო კიკნაძემ.
რეზო კიკნაძეს 10 სხვა პირთან ერთად ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა ედება ბრალად. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში თითოეულ მათგანს 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ამავე თემაზე:
ვინ არის სინდისის პატიმარი რეზო კიკნაძე – „როცა გამოვალ, ეგრევე თქვენთან გამოვიქცევი“