აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკმაყოფილება გამოთქვა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომში არსებული ვითარების გამო, კერძოდ, უკრაინის ქალაქებზე რუსულ სარაკეტო თავდასხმებზე.

ამის შესახებ მან ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ოვალურ კაბინეტში შეხვედრისას განაცხადა 7 აპრილს.

ტრამპმა თქვა, რომ არ იცის „რა ხდება იქ, მაგრამ ძალიან ცუდი სიტუაციაა“.

„არ მომწონს ის, რაც ხდება დაბომბვასთან დაკავშირებით, რადგან ისინი [რუსები] ახლა გიჟებივით ბომბავენ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მან დასძინა, რომ შეერთებული შტატები მოლაპარაკებებს აწარმოებს როგორც რუსეთთან, ასევე უკრაინასთან პოტენციური მშვიდობიანი მოგვარების შესახებ.

„ჩვენ ვხვდებით რუსეთს, ჩვენ ვხვდებით უკრაინას და თითქოს ვუახლოვდებით [რეგულირებას], მაგრამ არ ვარ ბედნიერი ამ დაბომბვებით, რაც ხდება დაახლოებით ბოლო კვირის განმავლობაში. ეს საშინელი, საშინელი რამ არის“ – თქვა ტრამპმა.

 

Published by ია ფრანგიშვილი

ია ფრანგიშვილი არის გაზეთ "ბათუმელების" რეპორტიორი 2014 წლიდან

Exit mobile version