34 წლის გიორგი კაკაბაძე თურქეთის კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.
როგორც ოჯახის წევრები გვეუბნებიან, მას თავის ტვინზე ურთულესი ოპერაცია გაუკეთდა საქართველოში, თუმცა მდგომარეობა კრიტიკულად დამძიმდა, რის გამოც გიორგი კაკაბაძე თურქეთში გადაიყვანეს.
„ბათუმელები“ გიორგის დეიდას, მარი თურმანიძეს ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ გიორგის თავში დიდი ოდენობით სისხლი ჩაექცა და ამიტომ გახდა ოპერაცია აუცილებელი.
„ჩემს დისშვილს 18 თებერვალს სისხლი ჩაექცა თავში და მიიღო ინსულტი. ოპერაცია ჩაუტარდა აქ, ბათუმში ერთ-ერთ კლინიკაში, თუმცა მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, რომ აუცილებელი გახდა მისი თურქეთში გადაყვანა.
29 თებერვლის შემდეგ გიორგი თურქულ კლინიკა Liv Hospital-ში წევს. ამჟამად ხელოვნურ კომაშია, რადგან ტვინი არის ძალიან შეშუპებული. ელოდებიან, ტვინის შეშუპებამ იკლოს რომ გაკეთდეს ოპერაცია“ – ამბობს მარი თურმანიძე.
მისი თქმით, გიორგის სამი წლის წინ ურთულესი ოპერაცია გაუკეთდა გულზე. გამოცვლილი აქვს გულის ორივე სარქველი, ამიტომ ის მედიკამენტებს იღებდა.
„გიორგი ჩაქვში ცხოვრობს, ბიძის სახლში, თავიანთი ბინაც არ აქვთ. ჰყავს მეუღლე და ორი არასრულწლოვანი შვილი. ფიზიკური მუშაობა არ შეეძლო ჯანმრთელობის პრობლემების გამო. ცოტა ხანი კაზინოში მუშაობდა, თუმცა იქაც ვეღარ შეძლო დიდხანს მუშაობა. არ აქვს ოჯახს იმის შესაძლებლობა, რომ ასეთი დიდი ხარჯები დაფაროს.
მშობლები პენსიონერები არიან და ბავშვებსაც ბევრი საჭიროება აქვთ. ამიტომ საზოგადოების დახმარების იმედი გვაქვს. აქამდე რაც შეგვეძლო, ახლობლების, ნათესავების დახმარებით გაკეთდა ყველაფერი, თუმცა გვჭირდება ხალხის დახმარებაც.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში დავწერეთ განცხადება, სადაც გვითხრეს, რომ 35 ათასი ლარით შეიძლება დაგვეხმარონ, თუმცა ეს თანხა არ არის საკმარისი ოპერაციის ხარჯების დასაფარად, რადგან 43 ათასი დოლარი ჯდება გამოკვლევების, რეანიმაციის და ოპერაციის ხარჯების ჩათვლით.
გიორგის სჭირდება ხელოვნური თავის ქალაც, რადგან, როგორ თურქეთში გვითხრეს, მოხსნილი ქალა ინახება ან იღლიის ქვეშ, ან მუცელში. აქ კი, რაღაც სითხეში იყო შენახული და უკვე დაინფიცირებულიაო, ამიტომ ხელოვნური ქალა უნდა გაუკეთდესო და ბუნებრივია, ესეც ცალკე თანხა ჯდება, დაახლოებით 10-12 ათასი დოლარი“ – ამბობს მარი თურმანიძე.
მისი თქმით, საქართველოში გაუჭირდათ რეანიმობილის შოვნაც.
„მთელი დღის განმავლობაში ვერ ვიშოვეთ რეანიმობილი. მეორე დღეს ქუთაისიდან ჩამოგვივიდა. დილის ათზე უნდა ჩამოსულიყო და ორი საათის დაგვიანებით ჩამოვიდა, მაგრამ გაუმართავი იყო, მანქანა გაფუჭდა, მძღოლიც გაიქცა და ვეღარ გადავიყვანეთ. შემდეგ ისევ თურქეთის კლინიკამ გამოგვიგზავნა რეანიმობილი და ისე წავიყვანეთ.
აქ 2000 დოლარი მოგვთხოვეს, თურქეთს 1500 გადავუხადეთ“ – ამბობს მარი თურმანიძე.
გიორგი კაკაბაძის დახმარების მსურველებმა შეგიძლიათ თანხა გადარიცხოთ მითითებული ანგარიშის ნომრებზე.
თიბისი ბანკი – GE77TB7315245064300063
მიმღები ხატია სიხარულიძე
საქართველოს ბანკი – GE77BG0000000423967800
მიმღები ლევან ბერიძე.