„სამედიცინო დოკუმენტების გაცნობის შედეგად იკვეთება, რომ მზია ამაღლობელს არ უტარდება ყველა ის საჭირო პროცედურა, რომელიც მისი ანამნეზით, ჩატარებული კვლევების შედეგად მიღებული მაჩვენებლების, და სრული შიმშილობის ხანგრძლივი პერიოდის გათვალისწინებით, აუცილებლად უნდა შემოწმდეს, რათა თავიდან იყოს არიდებული მზია ამაღლობლის ჯანმრთელობის გაუარესება და ჯანმრთელობის დამაზიანებელი შეუქცევადი პროცესები,“ – აღნიშნულია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ დღეს, პირველ თებერვალს გავრცელებულ ინფორმაციაში.

ადვოკატებს დაგვიანებით გადაეცათ მზია ამაღლობლის ჯანმრთელობის შესახებ სრული სამედიცინო დოკუმენტაცია.

საიამ უკვე გაუგზავნა კორესპოდენცია სპეციალურ პენიტენცურ სამსახურის გენერალურ დირექტორს და N5 ქალთა სპეციალური დაწესებულების დირექტორის სახელზე.

განცხადებაში დეტალურად არის მითითებული იმ სამედიცინო კვლევების და ანალიზების შესახებ, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა ჩაუტარდეს მზია ამაღლობელს. განცხადება ასევე გაიგზავნა სახალხო დამცველის სახელზე, რათა საკუთარი მანდატის ფარგლებში გაუწიოს მონიტორინგი საჭირო სამედიცინო კვლევების ჩატარების პროცესს.
განცხადებაში ასევე მითითებულია, რომ იმ შემთხვევაში, თუ N5 დაწესებულებაში არ არის შესაბამისი სამედიცინო ინფრასტრუქტურა, მიიღონ ყველა შესაბამისი ზომა, რათა თავიდან იქნეს აცილებული დაგვიანებული ან არასრულყოფილი მკურნალობა,“ – აღნიშნულია საიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
————-

„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი 11 -12 იანვრის ღამეს ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო“, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო სისხლის სამართლის კოდექსის 353¹ მუხლით, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციულ ქმედებებს მოჰყვა.

მზია ამაღლობელი დაკავების დღიდან უკვე 21 დღეა პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

Exit mobile version