ჟურნალისტური ეთიკის ქარტია უერთდება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მოთხოვნას მზია ამაღლობლის მიმართ დამამცირებელი მოპყრობის ფაქტის სათანადო კვალიფიკაციით გამოძიებისა და ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სამსახურებრივი უფლებამოსილების დაუყოვნებლივ შეჩერების თაობაზე. საია-ს თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ, ქალთა მეხუთე პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულა მზია ამაღლობელი და არასათანადო მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით მისი გამოკითხვის პროცესს დაესწრო.
როგორც საია იუწყება, მზია ამაღლობელმა დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს პოლიციის განყოფილების ეზოსა და განყოფილების შენობაში მასზე განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ეპიზოდებზე.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია იმოწმებს საიას, რომლის ცნობითაც, მზია ამაღლობელს დაკავების შემდგომ ირაკლი დგებუაძე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. პოლიციის განყოფილებაში ირაკლი დგებუაძე რამდენჯერმე შეეცადა ფიზიკურად გასწორებოდა მას, თუმცა პოლიციის სხვა თანამშრომლებმა ის შეაკავეს და ოთახიდან გაიყვანეს. ირაკლი დგებუაძე რამდენჯერმე შევიდა ოთახში, სადაც მზია ამაღლობელი იმყოფებოდა და აგრძელებდა აგრესიულ მოპყრობას მის მიმართ. ერთ-ერთი ასეთი შესვლისას მან მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა. ასევე, ირაკლი დგებუაძის ბრძანების შესაბამისად, მზია ამაღლობელს გარკვეული დროის განმავლობაში არ აძლევდნენ წყლის დალევისა და საპირფარეშოთი სარგებლობის საშუალებას.
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ორჯერ დააკავეს. პირველად კედელზე სტიკერის გაკვრის გამო. მოგვიანებით ის ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. თუმცა, მალევე დააკავეს მეორედ – ამჯერად ბათუმის პოლიციის უფროსისთვის სილის გაწვნის გამო.
პირველი დაკავების შემდეგ აჭარის პოლიციის დეპარტამენტიდან გამოსულ მზია ამაღლობელს ახლობლები დახვდნენ, რომლებიც სამმართველოსთან მისი დაკავების შემდეგ მივიდნენ. მზია ამაღლობელი მის საგულშემატკივროდ მისულ ადამიანებს ესაუბრებოდა, რა დროსაც პოლიციამ ორი პირი დააკავა. ორივე დაკავებული მზია ამაღლობელის ახლობელი იყო. პოლიციის მხრიდან პროვოკაციულ მოქმედებებს დაპირისპირება და ჭყლეტა და ირაკლი დგებუაძესა და მზია ამაღლობელს შორის დაპირისპირება მოჰყვა, რა დროსაც დააკავეს მზია ამაღლობელი. დაკავების პროცესში პირადად მონაწილეობდა ირაკლი დგებუაძე.
14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და მზია ამაღლობელი წინასწარ პატიმრობაში დატოვა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353 მუხლი, რომლითაც მზია ამაღლობელი არის დაკავებული, 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.