„ცდილობენ, რომ არასრულწლოვნებმა აღარ ისარგებლონ კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებებით – გამოხატონ საკუთარი შეხედულებები, პროტესტი. თანაც მშობლების ხელით უნდათ, რომ მოხდეს ეს ყველაფერი,“ – მიიჩნევს უფლებადამცველი და სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე – ეკატერინე სხილაძე.
მას „ქართული ოცნების“ მიერ მასობრივი საპროტესტო მოძრაობის პარალელურად მიღებული რეპრესიული კანონებიდან იმ კონკრეტულ ცვლილებაზე ვესაუბრეთ, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია აქციაზე მყოფი არასრულწლოვნის მშობელიც დააჯარიმონ.
16 წლამდე არასრულწლოვნის მშობელი იმ შემთხვევაში შეიძლება დაჯარიმდეს, თუ არასრულწლოვანი პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილება, მაგალითად, გაათავისუფლოს ქუჩა. ამ შემთხვევაში არასრულწლოვნის დაჯარიმების პარალელურად ავტომატურად მისი მშობელიც დაჯარიმდება. მშობლის ჯარიმის ოდენობა 100-300 ლარია, განმეორებისას – 500 ლარი.
„300 ლარია, მაგრამ შესაძლოა ეს ბევრისთვის ერთი თვის ხელფასი იყოს. ვერ ვიტყვით, რომ ეს მშობლებს არ ადარდებთ,“ – ამბობს უფლებადამცველი, ეკატერინე სხილაძე.
ცვლილებას პარლამენტმა მესამე მოსმენით უკვე დაუჭირა მხარი. ის ჯერ ძალაში შესული არ არის.
ცვლილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 172-ე მუხლში შევიდა, რომელიც „მშობლის ან ბავშვის სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ არასრულწლოვანის აღზრდისა და სწავლების ან მის მიმართ სხვა მოვალეობათა შეუსრულებლობას“ გულისხმობს.
ეს მუხლი ამ დრომდე ითვალისწინებდა მშობლის დასჯას, თუ არასრულწლოვანი, მაგალითად, ხულიგნობას ჩაიდენდა, ან ვანდალიზმს, სიგარეტს მოწევდა, ან ალკოჰოლს დალევდა… ამ ჩამონათვალს ახლა დაემატა ამავე კოდექსის „173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა“, რაც გულისხმობს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მოთხოვნის დაუმორჩილებას.
28 ნოემბრიდან დღემდე მიმდინარე საპროტესტო აქციებში ასეულობით არასრულწლოვანი მონაწილეობს. სამართალდამცველები ადმინისტრაციული წესით აკავებენ არასრუწლოვნებსაც, ხშირად სწორედ „კანონიერი მოთხოვნის“ დაუმორჩილებლობის გამო.
უფლებადამცველი ეკატერინე სხილაძე დღევანდელ კონტექსტზე ამახვილებს ყურადღებას და კანონის ამ ცვლილებაში მკაფიოდ ხედავს „ქართული ოცნების“ განზრახვას: ჯენზი თაობის პროტესტი მშობლების ხელით ჩაახშონ.
„ჩვენ ვნახეთ არაერთი შემთხვევა, როდესაც პოლიცია ამეტებს თავის უფლებამოსილებას, ადამიანებს აკავებენ მაშინ, როცა სამართალდარღვევა ჩადენილი არ არის, ის იყენებს ამ კანონმდებლობას რეპრესიული შფოთვის შექმნისთვის.
მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებების ფონზე, როცა ადამიანის უფლებების შემლახავი არაერთი ცვლილება განხორციელდა პარლამენტის მხრიდან, გაიზარდა ჯარიმების რაოდენობა, ეს არის აბსოლუტურად გაუმართლებელი.
არასრულწლოვანი სარგებლობს კონსტიტუციით გარანტირებული შეკრების და გამოხატვის თავისუფლებით, როცა ის არის აქციაზე, შესაძლოა, მას მიედავონ კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის გამო იმიტომ, რომ არ ტოვებს აქციის ტერიტორიას. ამისთვის ჯარიმდება არასრულწლოვანი და მისი მშობელიც დაჯარიმდება უკვე.
ჩემი შეფასებით, ამ ცვლილებით „ოცნების“ მიზანია რეალურად იმის პრევენცია, რომ არასრულწლოვნებმა მონაწილეობა არ მიიღონ საზოგადოებრივ პროტესტებში,“ – მიიჩნევს ეკატერინე სხილაძე.
უფლებადამცველი ამ ცვლილებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას იმის გამოც ანიჭებს, რომ დღეს „სამართლებრივი სახელმწიფო ფაქტობრივად ჩამოშლილია“.
„გაიზარდა ჯარიმების რაოდენობა, ამას დასჯის მექანიზმად იყენებენ, როდესაც მოქალაქეები გამოხატავენ განსხვავებულ მოსაზრებას. ეს განსაკუთრებით დიდი პრობლემაა არამართლზომიერი მართლმსაჯულების პირობებში, სადაც სადამსჯელო მექანიზმად იქცა არსებული კანონები“, – დასძინა „ბათუმელებთან“ ეკატერინე სხილაძემ.
ამ თემაზე:
10 ცვლილება კანონში, რაც გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს – საიას თავმჯდომარის განმარტება